სიახლეები

საიუბილეო კლასიკო გამარჯვებულის გარეშე [ვიდეო]

გაუზიარე
17 ოქტომბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 5000 მაყურებელი

ტორპედო-დინამო 1:1

1:0 სიჭინავა (68), 1:1 არაბული (92)

ტორპედო: თევდორაძე, ადამაძე, ტაბატაძე, ქიმაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე (ნერგაძე 65), სიჭინავა (ბაბუნაშვილი 72), კაპანაძე (ფურცხვანიძე 90), კუხიანიძე, კახელიშვილი, კლიმიაშვილი

სათადარიგოები: ხაინდრავა, გოგუაძე, ჟღენტი, ბურჯანაძე 

მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი

დინამო: ბეგაშვილი, ტვილდიანი, გველესიანი, რენე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი (არაბული 72), ჯიღაური (კიტეიშვილი 58), ქვილითაია, იაშვილი (ლობჟანიძე 65), 

სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჭელიძე, გურული, ჯანელიძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: რენე (77), ბაბუნაშვილი (77), გველესიანი (80), 

მსაჯი: ლევან კვარაცხელია

ტორპედოს და დინამოს საიბილეო მე-60 შეხვედრა ჩემპიონატში, ფრედ 1:1 დასრულდა და ამ შედეგით კმაყოფილი არც დინამო და არც ტორპედო არ დარჩებოდა. ტორპედო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებამდე იგებდა და როდესაც ასეთ დროს გაუშვებ ხელიდან გამარჯვებას პრინციპულ მეტოქესთან, ბუნებრივია, კმაყოფილების მიზეზი ნაკლებად გექნება. დინამო კი საქართველოში ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე და ნებისმიერი სხვა შედეგი წარმატებულად ვერ ჩაითვლება, თუმცა, თუკი ვინმე დარჩა საბოლოო შედეგით კმაყოფილი, თამასის სცენარიდან გამომდინარე, უთუოდ თბილისელები და მათი ქომაგები. მატჩის ბოლო წუთებზე თამაშის გადარჩენა, ყოველთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია. ისიც  სათქმელია, რომ ამ გუნდების დაპირისპირების გაცილებით უკეთესი შეხვედრებიც გვახსოვს.

შაბათს ქუთაისში გამართულმა შეხვედრამ სანახაობის მხრივ დიდად ვერ გაამართლა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრაში შედგა ტორპედოს მთავარი მწვრთნელის რანგში ხელახალი დებიუტი უკრაინელი სპეციალისტის, ალექსანდრ შტელინისა, რომლის ტორპედოში დაბრუნება წარმატებული იქნება თუ არა, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. იმედია, შტელინი სრულად გაამართლებს ქუთაისელი ქომაგების იმედებს. ძლიერი გუნდის არსებობა ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქში ხომ ჩვენი ფეხბურთის ინტერესებშია.

პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა აქტივშია. გიორგი ქვილითაიას საჯარიმოს მისადგომებიდან ფეხის წვერით დარტყმული რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. მათე ცინცაძის საჯარიმოს გარედან ძლიერად დარტყმულს კი სიზუსტე დააკლდა. მასპინძელთაგან გურამ ადამაძის და ირაკლი კლიმიაშვილის მომენტებია გამოსარჩევი, მაგრამ ორივე იერიში უშედეგოდ დასრულდა. 

მეორე ტაიმში ტორპედო მაინც დაწინაურდა. ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტევა გიორგი კუხიანიძემ წამოიწყო, მარცხენა ფლანგიდან გიორგი ქიმაძემ გააგრძელა, რომლის ჩაწოდებულ ბურთი დათა სიჭინავამ ძირს დაუშვებლად, ჰაერიდან ერთი შეხებით გადაგზავნა დინამოს კარში და ანგარიშიც გაიხსნა. მალე უკვე დინამოდან ტორპედოში დაბრუნებულ ვაჟა ტაბატაძეს შეეძლო სხვაობის გაზრდა, მაგრამ ახლო მანძილიდან მეტად არაზუსტად დაარტყა.

შემდეგ ვნებათაღელვამ კულმინაციას უწია და გუნდური გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ, რომელიც მალევე მშვიდობიანად დასრულდა. მატჩის არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ ამ წაკინკლავების წამომწყებები სამართლიანად გააფრთხილა და ვნებები ერთგვარად დააცხრო.

თამაშის ბოლო წუთებმა კი დინამოს უპირატესობით ჩაიარა. მათე ცინცაძის სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ტორპედო რევაზ თევდორაძემ იხსნა, მაგრამ მსაჯის დამატებულ დროში სტუმრებმა მარცხს თავი დააღწიეს. არაბული-ქვილითაიას გათამაშებული კედელის შემდეგ არაბული მეკარესთან პირისპირ დარჩა და ნიჭიერმა შემტევმა თავის შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. ისე, ამ ეპიზოდში ქვილითაის დროული პასიც დასაფასებელია.

საბოლოოდ ფრე 1:1 და ახლა დინამო პირველ-მეორე ადგილებს იყოფს გორის დილასთან, ტორპედო კი მე-10 პოზიციაზეა, რაც ქუთაისში, ცხადია დადებით შედეგად  არ ითვლება და მწვრთნელის ცვლილებაც უთუოდ ამ მიზეზიტ იყო ნაკარნახევი.

ალექსანდრ შტელინი: იმის გათვალისწინებით, რომ ვიგებდით, ვაპირებდი მეთქვა, რომ დავკარგეთ ორო ქულა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი, რადგან ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. ამიტომ, მიმაჩნია რომ ორი ქულა კი არ დავკარგედ, პირიქით ერთი მოვიპოვეთ. გუნდში კარგად მიმიღეს და ამის გამო ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებსა და სტაფს მადლობას ვეუბნები. შემდგომ შეხვედრებში ჩვენი ქომაგები აუცილებლად უნდა გავახაროთ.

გია გეგუჩაძე: ტორპედო-დინამოს შეხვედრას ყოველთვის ინტერესით ელოდებიან გულშემატკივრები და მას დაძაბულობა არასოდეს აკლია. ორივე გუნდი მოტივირებული იყო. არ დავმალავ და გაკვირვებული დავრჩი მოედნის ცუდი ხარისხით. ერთ ეპიზოდში გაგვეპარა კონტრშეტევა და გოლი მივიღეთ, თუმცა ჩემი აზრით შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა. 



ფოტო/ვიდეო : www.fcdinamo.ge

პაატა ძნელაძე