სიახლეები

ლამაზი გოლებით გაყოფილი ქულები

გაუზიარე
18 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 400 მაყურებელი

ცხინვალი-ჩიხურა 1:1

1:0 ბაჩიაშვილი (53), 1:0 კორიფაძე (85)

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, მახარობლიძე, ქოჩლაძე (ლობჯანიძე 77), ლექვთაძე (შულაია 90), ივანიშვილი (ჯაფარიძე 86), ქარდავა, კაჭარავა

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ბურძენაძე, ბეჭვაია, ცაცკრიალაშვილი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ჩიხურა: კუპატაძე, გრიგალაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი, კუსიანი (მუმლაძე 20), ჭეჭელაშვილი (კორიფაძე 75), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, ჯოხაძე (კუჭუხიძე 60), განუგრავა

სათადარიგოები: მწყერაშვილი, ჭანკოტაძე, დეკანოიძე, კაკაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ჩიკვაიძე (41), კაშია (62), მახარობლიძე (66)

მსაჯი: ბაკურ ნინუა

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ პირველმა სანახაობრივი თვალსაზრისით მატჩის პირველმა ტაიმმა არ გაამართლა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადრიგო მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივარმა პირველი ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში საინტერესო ბევრი ვერაფერი იხილა. გამოსარჩევი მომენტი მხოლოდ ივანიშვილის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული იყო, რომლის შემდეგაც ჯერ კაჭარავას შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა, შემდეგ კი სტუმრებმა უკვე ლექვთაძეს არ გაატანინეს. საჩხერელთაგან კი ჭეჭელაშვილის თავურია აღსანიშნავი, რომელიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ეს იყო და ეს, შესვენებამდე გამოსარჩევი აღარაფერი მომხდარა.

სამაგიეროდ, გაცილებით კარგი საყურებელი გამოდგა მეორე ნახევარი. ჯერ იყო და ნიკა კაჭარავა მცველზე ოდნავ წინ მყოფ პოზიციაში წაიქცა ჩიხურას საჯარიმოში, მაგრამ მსაჯმა ბაკურ ნინუამ თამაშის გაგრძელება ბრძანა და ცხინვალის გულშემატკივართა უკმაყოფილებაც დაიმსახურა. მოგვიანებით უკვე ლექვთაძის დარტყმის შემდეგ მეგრელიშვილმა გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

53-ე წუთამდე ტაბლოზე ნოლები ენთო, ვიდრე მასპინძელთა მარცხენა მცველის ვასილ ბაჩიაშვილის საჯარიმოს გარედან უზადო დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნებოდა. ბაჩიაშვილმა მარჯვენა ფეხით 20-22-ოდე მეტრიდან შორეულ კუთხეში ისეთი ჭკვიანური ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი, რომ დავით კუპატაძეს ნახტომი ამაო გამოდგა. ცხინვალის გოლი სავსებით ლოგიკური გაგრძელება იყო მეორე ტაიმში განვითარებული მოვლენებისა. მაგრამ ამის შემდეგ სტუმრებმა ნელნელა შეძლეს თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა. ისიც სათქმელია, რომ სოსო ფრუიძემ აშკარად გამოიცნო ცვლილებები და მეორე ტაიმში თამაშში ჩართულებმა ლაშა კუჭუხიძემ და გიორგი კორიფაძემ ჩიხურას იერიშებს გაცილებით მეტი სიმწვავე შემატა.

ჯერ იყო და გიორგი განუგრვა ურტყამდა გადმოვარდნილ ბურთზე ერთი შეხებით, მაგრამ ააცილა. თამაშის დასრულებმადე ხუთი წუთით ადრე კი ჩიხურამ გაათანაბრა. ხანგრძლივი შეტევა კორიფაძეს ულამაზესი გოლით დასრულდა. კარიდან დაახლოები ოც მეტრში მდგომმა გამოცდილმა ნახევარმცველმა მაღალ კუთხეში უძლიერესი დარტმით გაიტანა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი კი ცდილობდა გამარჯვების გოლის გატანას, მაგრამ საბოლოოდ ფრე, რომელიც ალბათ, გუშინდელი შეხვედრის ლოგიკური შედეგი იყო.

პაატა ძნელაძე