სიახლეები

ტორპედო დინამოს რამაზ შენგელიაზე ელის

გაუზიარე

ხვალ საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული მატჩია _ ქუთაისში, ტორპედო დინამო თბილისს დაუხვდება. 

ქართული კლასიკო, კარგა ხნის წინ ასე მოინათლა ამ გუნდების დაპირისპირება და მეტწილად ისიც ამართლებს ხოლმე სახელწოდებას. ტორპედო-დინამო რამდენჯერმე ჩაშლილა და რამდენჯერმეც ჩაშლის პირას ყოფილა. ამათი დაპირისპირება მუდამ მწვავე და აგრესიული გამოდის, მაშინაც კი როცა ერთ-ერთი მეტოქე დაუძლურებულია... იყო დრო ამათ შეხვედრას ხალხი პროჟექტორების ბოძებიდან უცქერდა და სრული ანშალაგი იყო, ტრიბუნაზე 30 ათასი კაცი იჯდა. იყო დრო, ქვეყნის ჩემპიონის ვინაობას სწორედ ამათი შეხვედრა არკვევდა... თავის დროზე კი სწორედ ტორპედო იყო პირველი გუნდი, ვინც შინაურ სარბიელზე დინამო თბილისის ჰეგემონია დაამხო და ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. ეს ამბავი 1999-2000 წლების სეზონში მოხდა და მერე, ორი წელიწადიც ჩემპიონობა არავისთვის დაუთმია. მის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ტორპედო პირველ ლიგაშიც კი დაქვეითდა, რითაც დროებით შეწყდა დიდი ქართული დაპირისპირება, მაგრამ... ქუთაისელები უმაღლესში დაბრუნდნენ და დერბისაც ახალი ელფერი შეემატა... შარშანწინ მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო მატჩი ჩაიშალა, ხოლო დინამოელთა ხელმძღვანელებმა განაცხადეს, გუნდს ქუთაისში სათამაშოდ არAჩაიყვანდნენ.  ცალკე სალაპარაკო თემაა ამ გუნდების ქომაგთა დაპირისპირება, რომლებსაც სტადიონების უსაფრთხოების სამსახური ერთმანეთს სათოფეზე არ აკარებს, მაგრამ ხშირად კიდეც იკვეთება მათი გზები და მტრისას, იქ ამბავი ხდება...

მიმდინარე სეზონის პირველ დერბის გუნდები განსხვავებულ ხასიათზე ხვდებიან. დინამო ცხრილში პირველია და შთამბეჭდავადაც გამოიყურება _ გია გეგუჩაძის გუნდმა შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო და 20 გოლი გაიტანა. ტორპედო კი მეთერთმეტეა, ქუთაისელებმა ბოლო ორი მატჩი ჩიხურასთან და ცხინვალთან დათმეს და ამ ორ მატჩში ექვსი გოლი მიიღეს. სწორედ ჩიხურასთან მატჩის შემდეგ ტორპედიოელთა ხელმძღვანელობამ კარისკენ მიუთითა გუნდის მწვრთნელ გიორგი დარასელიას და მის ნაცვლად ძველი თავკაცი, ქუთაისში 2002-2003 წლებში ნამუშევარი უკრაინელ-ბელგიელი ალექსანდრ შტელინი მიიწვია. საინტერესოა, ალექსანდრ შტელინის ტორპედოს ივო შუშაკის გაწვრთნილი დინამო ჰყავს დამარცხებული.  შტელინი ექსპერიმენტების მოყვარულია. მაგალითად, დინამოსთან 2003 წელს მოგებულ დერბიში მან ცენტრალური მცველი დავით გამეზარდაშვილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე დააყენა და გაუმართლა კიდეც _ ტორპედომ სწორედ გამეზარდაშვილის გოლით მოიგო. არ არის გამორიცხული შტელინმა დინამოს საწინააღმდეგო რაიმე ხრიკი ახლაც მოიგონოს...

ტორპედო _ დინამოს ერთმანეთში სულ 59 მატჩი აქვთ ჩატერებული. სტატისტიკა, ცხადია, დინამოს სასარგებლოა, თუმცა რის ფასად დაუჯდათ თბილისელებს 30 მატჩის მოგება, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ამათი 14 შეხვედრა ფრედ დამთავრდა, 15 კი ტორპედოს აქვს მოგებული, მათ შორის ერთ-ერთი ის მატჩია, რომელიც ქუთაისში შედგა და მალხაზ ასათიანის ერთად-ერთი გოლით და ტორპედოს ჩემპიონობით დასრულდა... დინამოს ტორპედოს 58 მიღებულის წილ 104 გოლი აქვს გატანილი.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ხვალ ფიცხელი მატჩი იქნება. რიგით მე-60 დერბი 15 საათზე დაიწყება...

კობა ინასარიძე