სიახლეები

ჭანტურიამ დუისბურგში იმედი გააჩინა

გაუზიარე

მეორე ბუნდესლიგის დუისბურგში გიორგი ჭანტურიას შთამბეჭდავმა დებიუტმა ოპტიმისტურად განაწყო გუნდის მწვრთნელი ჯინო ლეიტერი, მწვრთნელი, რომელიც სამსახურის დაკაგვას წინა ტურში, პადერბორნთან მატჩისას სწორედ ჩვენი ფორვარდის გოლმა გადაარჩინა. თუ გახსოვთ, იმ მატჩში ჭანტურია ლეიტერმა თამაშში მეორე ტაიმში ჩართო და დამთავრებამდე 10 წუთით ადრე შედეგიც მიიღო. გიორგიმ პირველსავე შეხვედრაში დუისბურგისთვის სამქულიანი გოლი გაიტანა. 

საფეხბურთო ევროპაში ათდღიანი საფეხბურთო პაუზა კი დუისბურგმა ბუნდესლიგელ გლადბახთან და კიოლნთან ამხანაგური მატჩებით გამოიყენა. ლეიტერის შეგირდები გლადბახს უგოლოდ გაეყარნენ, ხოლო კიოლნს ოთხი გოლი გაუტანეს და ამდენივე მიიღეს. ამ შეხვედრების შემდეგ კი ჯინო ლეიტერმა განაცხადა: `ვფიქრობ, სანაკრებო პაუზა ჩემმა გუნდმა მაქსიმალურად კარგად გამოყენა. ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ და  ორივე მაღალ დონეზე. შესანიშნავად გამოიყურება ჩვენი ახალწვეული გიორგი ჭანტურია, ვის გოლსაც პადერბორნთან ჩვენთვის ოქროს ფასი ჰქონდა. თვალსაჩინო პროგრესი აქვს ჩვენს მეორე ფორვარდს ვიქტორ ობინასაც. დღესდღეობით ორივე შემტევი შესანიშნავად გამოიყურება. განსაკუთრებით გიორგი ჭანტურია მინდა გამოვყო და იმედი გამოვთქვა, რომ თავის მაღალ კლასს ის ჩემპიონატის განახლების შემდეგაც დაამტკიცებს, _ უთხრა ჩვენს გერმანელ კოლეგებს დუისბურგის მწვრთნელმა ჯინო ლეიტერმა. 

შეგახსენებთ, ჭანტურიას გარდა დუისბურგში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი, ლაშა დვალიც თამაშობს. ერთ-ერთი გერმანული სააგენტოს ცნობით კი მწვრთნელი ლეიტერი ქართველ ფეხბურთელს მალე ერთგვარ ჯოკერად გამოიყენებს.   

მეორე ბუნდესლიგაში დუისბურგი უახლოესი მატჩს 18 ოქტომბერს, სტუმრად  ჰაიდენჰაიმთან ჩაატარებს. ამბობენ, გიორგი ჭანტურია უეჭველი ძირითადში იქნებაო.

ლუკა თალაკვაძე