სიახლეები

ვიტესმა კაშიას კარიერა სამსახურით დაუფასა, კაპიტანი არნემში 2020 წლამდე დარჩება

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების შესარჩევი მატჩების შემდეგ არნემში დაბრუნებულმა ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ კლუბთან კონტრაქტი საზეიმო ვითარებაში 2020 წლამდე გააგრძელა. 28 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც ჩვენიან მცველს კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში მუშაობა შეეძლება. ცნობილი პრაქტიკაა, როცა ერთგულ ფეხბურთელებს კლუბში დარჩენას სთავაზობენ ხოლმე და ეს პირობა კონტრაქტიში არის დაფიქსირებული. რაც ჩვენთვის ცნობილია, ამგვარი კონტრაქტი ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ჰერტასთან, რითაც ისარგებლა კიდეც. კარიერის დასრულების შემდეგ კარლსრუე ალექსანდრე იშვილსაც სთავაზობდა კლუბში სამსახურს, თუმცა ფეხბურთელმა ჯერ ბოხუმში გადასვლა ამჯობინა, მერე კი საქართველოში დაბრუნება... 

როგორც წესი, ამგვარი სახის კონტრქტს კლუბი რიგით ფეხბურთელს არ უფორმებს. კონტრაქტით გამყარებული მომავალი სამსახური ხვედრი როდია, მხოლოდ გუნდის გამორჩეულად ძლიერ და გამორჩეულად ერთგულ ფეხბურთელებს უფორმებენ. კაშია ერთიც არის და მეორეც, ის 2010 წლიდან თამაშობს ვიტესში, რამდენიმე სატრანსფერო წინადადებაც ჰქონდა, მაგრამ გულმა მაინც ჰოლანდიაში დარჩენა უკარნახა.

ახალ კონტრაქტზე ხელმოწერად კლუბის ოფისში გურამ კაშია ქალიშვილთან ერთად მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა. კიდევ ერთხელ დაადასტურა ვიტესისადმი სიყვარული, რასაც ფანების ოვაციები და შეძახილები მოჰყვა.

ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ხუთი წლით დავუკავშირე ბედი ჩემს საყვარელ კლუბს. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება, დიდ ხანს დავრჩე კლუბში და მას ბევრი სარგებელი მოვუტანო. არნემში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. აქ მშვიდად შემიძლია გავაგრძელო განვითარება, _ განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გურამ კაშიამ. 

მიმდინარე სეზონში კაშია ორჯერ მოხვდა ერედივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. 



ლუკა თალაკვაძე