სიახლეები

კანკავას გოლი ევროშესარჩევის ათეულში

გაუზიარე

უეფამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიდან 10 საუკეთესო გოლი გამოარჩია. სასიხარულოა, რომ ათეულშია ჯაბა კანკავას მიერ გერმანიის ნაკრების კარში გატანილი: შეგახსენებთ, ჯაბამ საჯარიმოს გარედან, ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და მანუელ ნოიერი უძლური დატოვა. ეს შეხვედრის 53-ე წუთზე მოხდა და ანგარიში 1:1 გახდა. 

დანარჩენ 9 გოლზე ვთქვათ: 

ისკო (ესპანეთი-ბელარუსი) – რეალის ფეხბურთელმა დაახლოებით 20 მეტრიდან ცხრიანში გაიტანა. დარტყმა იმდენად ძლიერი არ ყოფილა, რამდენადაც ტექნიკური და სიზუსტეზე გათვლილი. 

კრიშტიანუ რონალდუ (სომხეთი-პორტუგალია)  - პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მეტოქის კარიდან დაახლოებით 35 მეტრში მოატყუა ერთი სომეხი ფეხბურთელი, ცოტა წინ წაიწია და 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით ზედა კუთხეში შეაგდო. რონალდუმ კიდევ ორჯერ გაიტანა ამ შეხვედრაში. 

სანდრო ვიზერი (ლიხტენშტაინი-მოლდოვა) – ლიხტენშტაინელმა 30 მეტრიდან ცაციით გაისროლა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში. ვიზერი ვადუცის ფეხბურთელია. 

ჯეკ უილშირი (სლოვენია-ინგლისი) – არსენალის ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან მაღალ კუთხეში მძლავრი დარტყმით გაიტანა. 

ნემანია მატიჩი (პორტუგალია-სერბეთი) – ჩელსის სერბმა ნახევარმცველმა მაკრატელათი გაუტანა პორტუგალიელებს, თანაც, ერთ შეხებაში, კუთხიდან. 

გარეთ ბეილი (ანდორა-უელსი) – უელსელმა საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა, ტექნიკურად ჩაახვია.  

ჟოაუ მოუტინიუ (სერბეთი-პორტუგალია) – მოუტინიუ საჯარიმოს ოდნავ გარეთ იდგა, მიიღო ბურთი და შორეულ კუთხეში სიზუსტეზე გათვლით გაიტანა. 

ბილალი (ლატვია-თურქეთი) – თურქმა მეტოქის კარიდან დაახლოებით 35 მეტრის სიშორეზე ჩამოიშორა ერთი მეტოქე და მაღალ კუთხეში ძლიერად დაარტყა. მეკარის რეაქცია ამაო გამოდგა. 

სტივენ ფლეტჩერი (გიბრალტარი-შოტლანდია) – საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი და მომენტალურად, ცაციით შორეულ მაღალ კუთხეში გაისროლა. ბურთი ხარიხას მოხვდა და შემდეგ გაეხვია ბადეში. ფლეტჩერმა ამ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა.  

ისე, საქართველოს ნაკრები ლამაზ გოლებთან მაინცდამაინც მწყრალად არაა. წინა შესარჩევში თორნიკე ოქრიაშვილმა მოაწყო პატარა შედევრი, როცა ბელარუსი მცველები ფინტებით ერთმანეთს მიაჯახა და დაბალი ტექნიკური დარტყმით გაიტანა. უფრო ადრე კი, თუნდაც გიორგი ქინქლაძის მიერ უელსში გატანილი რად ღირს. 

ილია ნანობაშვილი