სიახლეები

გოგა გახოკიძე: არნემის ვიტესი ნავალოვსკით დაინტერესდა

გაუზიარე
ეროვნული ნაკრების მატჩი გერმანიასთან კვლავ რჩება ქართველი ქომაგებისა და სპეციალისტების განხილვის თემად. ლაიფციგის თამაში საფინალო სასტვენისთანავე ჩვენში ფართო განსჯის საგნად იქცა. მსოფლიოს ჩემპიონებთან გასვლით შეხვედრაში გატანილი გოლი, რამდენიმე საგოლე მომენტი და 79-ე წუთამდე შენარჩუნებული საყაიმო ანგარიში – ის მიზეზებია, რაც გულშემატკივრებს ოპტიმიზმს უღვივებს. სანაკრებო თემაზე ამჯერად გოგა გახოკიძემ გაგვიზიარე შთაბეჭდილებები და გერმანიასთან მატჩის შეფასებასთან ერთად, მეტად საგულისხმო ამბავიც გაგვანდო. გოგა გახოკიძე, ვისაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშია და რამდენიმე სეზონი ტვენტესა და პსვ-ს რიგებში ერედივიზიონში გაუტარებია, ამჟამად არნემის ვიტესის სკაუტია და საქართველოს მიმართულებას კურირებს. გოგა საინტერესო მოსაუბრეა და მისი, როგორც ავტორიტეტული სპეციალისტის აზრი, საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვის.

ბუნებრივია, ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური თემაა გერმანიის და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა. თქვენ როგორ შეაფასებდით ლაიფციგში გამართულ მატჩს?

კახა ცხადაძე და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ეს თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში, თითოეულმა სათამაშო რგოლმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. ცოტა უხერხულიცაა ალბათ წაგებულ თამაშზე ასე აღტაცებით საუბარი, მაგრამ ეს მატჩი ნამდვილად ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

მაშინ როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მანუელ ნოიერის კართან არაერთი მომენტი შეიქმნა და ალბათ, სწორედ ეს ეპიზოდები იყო გარდამტეხი, რადგან ანგარიშში რომ დავწინაურებულიყავით, სულ მცირე, ფრედ თამაში შეიძლებოდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს თამაში ჩვენი მოსაგები იყო და მეორე გოლი რომ გაგვეტანა, აუცილებლად მოვიგებდით. მაგრამ არა უშავს, მთავარია, ბიჭებმა საკუთარი თავის კიდევ უფრო ირწმუნეს და დარწმუნდნენ, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენენ და სათამაშო დისციპლინაც არ დაარღვევენ, ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ თამაში.

ჰოლანდიაში მჭიდრო კავშირები გაქვთ და რა გამოხმაურება მოჰყვა იქაურ საფეხბურთო წრეებში ჩვენ თამაშს?

საქართველოს ნაკრების ასპარეზობას ჰოლანდიაშიც დადებითად აფასებენ და რაც მეტი იქნება ასეთი თამაშები, ბუნებრივია, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესიც გაიზრდება. გაგიმხელთ, რომ ახლა ვიტესი გიორგი ნავალოვსკითაა დაინტერესებული და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ტრანსფერიც განხორციელდება. ნავალოვსკის პროგრესი აშკარაა და სწორედ ამის შედეგია ისეთი გუნდის ინტერესი, როგორიც არნემის ვიტესია.

ვიტესის სკაუტი ხართ და თქვენი უშუალო ფუნქციაა კლუბისთვის ნიჭიერი უცხოელი ფეხბურთელების შერჩევა. საქართველო კი, ასე ვთქვათ, თქვენი ექსკლუზიური გავლენისა და ინტერესის სფერო. გასაგებია, რომ გერმანიასთან გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის თამაშს განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდით თვალს.

ძალიან კმაყოფილი ვარ ორივეს თამაშით. იმიტომ არ ვამბობ, რომ ისინი ვიტესის ფეხბურთელები არიან - უბრალოდ, გურამმა და ვაკომ მართლა მაგრად ითამაშეს. კაშია 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო და პრაქტიკულად, შეცდომა არ დაუშვია. ვაკომ კი ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. შეძლებისდაგვარად, თამაშს ამწვავებდა, არაერთხელ დაძაბა კიდეც სიტუაცია ნოიერის კართან და ერთ ეპიზოდში გოლის გატანასთანაც ახლოს იყო.

ჯაბა კანკავას დარი კაპიტნით ბევრი ნაკრები არაა განებივრებული.

კანკავა აშკარად საუკეთესოა და ეს ლაიფციგშიც დადასტურდა. თავი რომ დავანებოთ ულამაზეს გოლს, ჯაბა მთელი შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად არ გაჩერებულა. ზონებსაც მშვენივრად კეტავდა და არც ორთაბრძოლებში დაუთმო რაიმე მსოფლიო ჩემპიონებს.

თქვენი აზრით, ყველაზე მეტი ხარვეზი სად გამოჩნდა საქართველოს ნაკრების თამაშისას.

ძალიან მსურს მხოლოდ დადებით კონტექსტში ვისაუბრო ნაკრებზე, მაგრამ ბუნებრივია, ხარვეზები ყველას აქვს და გამონაკლისი ვერც ჩვენი ნაკრები იქნება. აშკარად დაგვეტყო ლევან მჭედლიძეს არყოფნა. მას შეუძლია პირველი ბურთის მოგება და დაჭერა, რაც ნახევარმცველებს ამოსვლის და სწორი პოზიციების დაკავების საშუალებას აძლევს. მჭედლიძის გარეშე კი წინ ბურთის შეყოვნება-შენარჩუნება და შეტევის განვითარება ძალიან გვიჭირდა.

შესარჩევი ეტაპი უკვე დასრულდა. საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავედით, რაც დადებით შედეგად ვერანაირად შეფასდება.

მეხუთე ადგილი ბუნებრივია კარგი შედეგი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრებმა ბოლოს აშკარად მოუმატა. მოვუგეთ შოტლანდიას და რაც მთავარია, ეს გამართული ფეხბურთით შევძელით. დიდი ანგარიშით დავამარცხეთ გიბრალტარი. მართალია, გიბრალტარი ძალიან სუსტია, მაგრამ მოგება ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი ასპექტია. ბოლოს კი გერმანიასთან თამაშმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომაც, შესარჩევი ეტაპის ბოლო ნაწილი დადებითად უნდა შეფასდეს.

ისიც სათქმელია, რომ სანამ ჩემპიონატის დონე არ მოიმატებს, მანამ ნაკრებისთვის სტაბილურად კარგად თამაშის მოთხოვნა ძალიან ძნელი იქნება. რა ჩემპიონატიც გვაქვს, იმასთან შედარებით ძალიან კარგად თამაშობს ნაკრები. მხოლოდ ლეგიონერების ხარჯზე ყოფნა არ შეიძლება, რადგან ნაკრებში კონკურენცია ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებმა უნდა გაზარდონ, ამ ეტაპზე კი ეს შეუძლებელია, თუმცა ახლა ქართული ფეხბურთის სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და მათი იმედი ნამდვილად მაქვს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პროგრამაც ექნებათ, თუ როგორ გახდეს ჩვენი ჩემპიონატი უფრო ძლიერი და ეს ნაკრებზეც მხოლოდ დადებითად აისახება.

მომდევნო შესარჩევი ეტაპის დაწყებას გულშემატკივარი დიდი იმედით ელის. თქვენი მოლოდინი როგორია?

სიმართლე გითხრათ, ადრე არ მქონდა დიდი იმედი, მაგრამ ახლა ნამდვილად ვხედავ პროგრესს. ვხედავ, რომ ნაკრები გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ვისაც არ უნდა ხვდებოდეს, ცდილობს მაქსიმალურად მეტი კონტროლი ჰქონდეს ბურთზე და თამაში მეტოქის ნახევარზე მიმდინარეობდეს. გამოუვალ მდგომარეობებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი ფეხბურთელები ბურთს უაზროდ აღარ იგერიებენ და ახლა მთავარია, მომდევნო შესარჩევამდე პროგრესი კიდევ გაგრძელდეს და მჯერა, რომ ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა რეალური იქნება.

ჩვენს მომავალ შესარჩევ ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია.

ძალიან კარგი, რომ ისეთი გრანდები არ გვყავს მეტოქეებად, როგორებიც, ვთქვათ, გერმანია და ესპანეთია, მაგრამ აქაც იოლ გამარჯვებას ვერავისთან დაგეგმავ და მთლიანობაში, ყველა ერთმანეთს დააკარგვინებს ქულებს. პირველი-მეორე ადგილებისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ამ ბრძოლას ჩვენც შემოვრჩეთ. ავსტრიელებს ძალიან მზარდი ნაკრები ჰყავთ, სერბებს საკმაოდ კარგი თაობა ეზრდებათ, უელსელების უმრავლესობა კი ისეთი დონის ჩემპიონატში თამაშობენ, როგორიც პრემიერლიგაა და თუ როგორი გუნდი ჰყავთ, ამ შესარჩევშიც დაამტკიცეს. ირლანდიელებთან ტრადიციულად გვიჭირს ხოლმე. მოკლედ, რთული ჯგუფია, მაგრამ, მთავარია, თუ ჩვენ რა გუნდით შევხვდებით მომდევნო ციკლს და კიდევ გავიმეორებ: საქართველოს ნაკრებში მიმდინარე მოვლენები მაძლევს იმის იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

პაატა ძნელაძე