სიახლეები

“საქართველო სავსეა ტალანტებით, მაგრამ ფიზიკური მომზადების სისტემა მოძველებულია” - ქართველი ჟურნალისტ-მენეჯერის ნაუბარი არაბიძეზე

გაუზიარე

მიხეილ მეტრეველი უკრაინასა და ბელგიაში ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო პერიოდში საფეხბურთო აგენტის ფუნქიებსაც ითავსებს. უფრო სწორად, როგორც თავად ამბობს, ამა თუ იმ კლუბებს ფეხბურთელებს ურჩევს. მეტრეველმა უკრაინულ სპორტ-თან ინტერვიუში ქართული ფეხბურთის სიძლიერეზეც ისაუბრა და აი, ერთ-ერთი წინადადებაც: “საქართველო, ბელგია და ბრაზილია სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით”. 

ჩვენ მხოლოდ ამონარიდებს გთავაზობთ ამ ინტერვიუდან, რადგან მასში საუბარია დონეცკის შახტარის 17 წლის გარემარბ გიორგი არაბიძეზე და ბელგიის გენკის შემტევ თორნიკე ოქრიაშვილზე. 

“დღესაც ვფიქრობ, რომ საქართველო, ბელგია და ბრაზილია სავსეა პერსპექტიული ახალგაზრდებით. ყველას ახსოვს თბილისის დინამოს წარმატება ევროპაში, დღეს კი ასე აღარაა. გიორგი ქინქლაძის, ძმები არველაძეებისა და კახა კალაძის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში ხმაურიანი სახელ-გვარები აღარ გვხვდება. ვფიქრობ, იქ ახალგაზრდების მომზადების სისტემა მოძველებულია. ძალიან მცირედით აკეთებენ აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე. შახტარის 19-წლამდელთა გუნდმა საქართველოს პირველი ლიგის გუნდთან ითამაშა თურქეთში, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე და შეგვეძლო დაგვენახა: ქართველები პირველ ტაიმში უძლებდნენ, მეორეში კი გოლებს უშვებდნენ. ორი მატჩი გაიმართა და ქართველებმა ორივე 0:3 წააგეს. 

...შახტარი ნელ-ნელა გადმოერთო ბრაზილიურიდან ევროპულ ბაზარზე. არაბიძე მეორე ქართველია შახტარში, მანამდე კი იყო ოქრიაშვილი (შეცდომაა, რადგან თარგამაძეც იყო – რედ.), თუმცა თორნიკე ვერ დამკვიდრდა პირველ გუნდში მიუხედავად იმისა, რომ ახლოს იყო. სხვადასხვა მიზეზებით ვერ მოახერხა, არადა, ძალიან ნიჭიერია. ახლა გენკში ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოს ნაკრებში მუდმივად თამაშობს. სერიოზულად ვუყურებ საქართველოსა და ბელგიაში გაზრდილ ტალანტებს. საქართველოში რეკომენდაციებსაც ვიძლევი, თუ როგორ მივიყვანოთ ახალგაზრდები ტოპ-დონემდე. 

არაბიძე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, გამოუცდელია. როგორ შეეგუება შახტარს? 

შახტარს სექტემბერში იტალიაში რომ ჰქონდა შეკრება, თუმცა არაბიძე საპატიო მიზეზებით გვიან ჩამოფრინდა იქ. მას ვიზა დაუმთავრდა, თბილისში მოუწია წასვლა, იქიდან კი ქალაქ კარპის სასტუმროში, სადაც შახტარი იყო დაბინავებული, გადაჯდომებით მოვიდა. თვითმფრინავის რეისმა დააგვიანა, ძლივს ჩამოვიდა იტალიაში. მოკლედ, დიდი თავგადასავლებით მოაღწია სასტუმრომდე, როცა კარპისთან თამაშამდე რამდენიმე საათითა რჩებოდა. მირჩა ლუჩესკუმ ბოლო 15 წუთი ათამაშა და ვფიქრობ, გიორგიმ კარგადაც წარმოაჩინა თავი. 

პოზიციის მიხედვით, ვინგერია? 

შეტევაში მარჯვნიდან უყვარს თამაში, მაგრამ შეუძლია მარცხნივაც და ცენტრშიც. ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია, ძლიერი მარცხენა ფეხი აქვს. საყვარელი პოზიცია მაინც შეტევის მარჯვენა ფლანგია. საქართველოში ამბობენ, რომ ქინქლაძის შემდეგ, საქართველოში არაბიძისთანა ტალანტი არ დაბადებულა. ვნახოთ, როგორ განვითარდება.    

ბოლოს აღვნიშნოთ, რომ შახტარმა არაბიძე საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანა – 20 ნომრით. ის სისტემატურად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. გუშინ მან კიევის დინამო-შახტარის 21-წლამდელთა მატჩში ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და შესვენებისას შეცვალეს. ეს მისი პირველი მატჩი იყო 21-წლამდელებში...