სიახლეები

დავით თარგამაძე: ვნახოთ, რა მოხდება იჯარის დასრულების შემდეგ

გაუზიარე

დავით თარგამაძე უკრაინულ ოლექსანდრიაში იმაზე სწრაფად ჩადგა ფორმაში, ვიდრე ელოდნენ. მას ერთი წლის განმავლობაში არ უთამაშია და თვენახევრის წინ დაბრუნდა ოლექსანდრიაში, სადაც თავისი უკრაინული კარიერა დაიწყო – მაშინ ფრაიბურგიდან გადავიდა ამ კლუბში. 

26 წლის თარგამაძემ უკრაინულ `სპორტთან~ საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ განვითარდება უახლოეს პერიოდში მისი საკლუბო კარიერა. 

„აგვისტოს ბოლოს გადავედი ოლექსანდრიაში და 99 პროცენტით ფიზიკურად მზად ვარ. ადაპტაციის პრობლემა არ შემქმნია, აქ ხომ ადრეც ვთამაშობდი. თვენახევარში კი დონეცკის შახტარიდან იჯარის ვადა დამიმთავრდება და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება“.

ოლექსანდრიაში თარგამაძემ ჯერ 5 მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა, კერძოდ, საჯარიმო დარტყმით ზვეზდასთან. ეს უკრაინის თასზე მოხდა. 

„მადლობა ღმერთს, აქ ყველაფერი კარგადაა. კლუბის პრეზიდენტი ღირსეული კაცია, ამიტომაც ფინანსური პრობლემები არ გვაქვს. აქ უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე ილიჩივეცში. გასაგებიცაა, თუ რატომ: ოლექსანდრიაში დავიწყე უკრაინული კარიერა, ამიტომ, როცა ამ კლუბმა გადასვლა შემომთავაზა, დაუფიქრებლად დავთანხმდი“. 

თარგამაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2011-2014 წლებში ითამაშა და 20 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

ილია ნანობაშვილი