სიახლეები

სანაის კოლხეთში სულ სხვა ხალხი დახვდა

გაუზიარე
არასახარბიელო სტარტის შემდეგ ფოთის კოლხეთი დატოვა ზაზა ინაშვილმა, რომლის ნაცვლად კოლხებს გელა სანაია გაწვრთნის. ფოთელთა ახალ მთავარ მწვრთნელს გუშინ ვესაუბრეთ და ახალ კლუბში მირებულ პირველი შთაბეჭდილებებთან ერთად სანაკრებო თემაზეც ჩავეკითხეთ.

კოლხეთში საქმიანობის დაწყება რთულ პერიოდში გიწევთ - ეს თქვენი მხრიდან გარკვეული რისკიცაა.

რისკია, მაგრამ ასეთია ზოგადად ჩემი პროფესია, მწვრთნელი ვარ და სირთულეებსა და მოულოდნელ გამოწვევებს თავს ვერ ავარიდებ. ახლა გუნდის მდგომარეობა მართლაც მძიმეა, ეს სატურნირო ცხრილიდანაც კარგად ჩანს, მაგრამ, გუნდში არის იმის რესურსი, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ. მთავარია, ბიჭებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და სიტუაციას აუცილებლად შევცვლით.

შვიდი ტურის შემდეგ კოლხეთს მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ცხრილის ბოლოშია. ბუნებრივია, ფეხბურთელებში გარკვეული იმედგაცრუებაც იქნება...

ამ მხრივ, ანუ ფსიქოლოგიური მომზადების კუთხით მართლაც სერიოზული მუშაობა მოგვიწევს - გუნდში საბრძოლო განწყობა უნდა ამაღლდეს. ეს აუცილებელია, ამის გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა პირველი რიგის ამოცანაა. წმინდა საფეხბურთო კუთხითაც გვმართებს გარჯა, თუმცა, კერძოდ რომელ რგოლში და რა სათამასო კომპონენტში გვიჭირს ყველაზე მეტად, ამის დაკონკრეტებას ახლა მოვერიდები.

რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს გაგახსენებთ: კოლხეთთან კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი გქონდათ, მაგრამ გუნდთან მუშაობის საშუალება მაინც არ მოგეცათ.

ახლა სხვა სიტუაციაა როგორც ქალაქის, ასევე კლუბის ხელმძღვანელობაში და სხვა ხალხთანაც მიწევს მუშაობა. სხვათა შორის, იმ ფაქტის გამო უფრო მოტივირებული ვარ, მსურს კოლხეთში დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები.

გავიგეთ, რომ კლუბში დავალიანების პრობლემაა.

გუნდს ქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს და დავალიანება უმნიშვნელოა, შეგვპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში ვალს გაისტუმრებენ.

კოლხეთს ალბათ გაძლიერება სჭირდება ახალი ფეხბურთელებითაც. 

სატრანსფერო პერიოდში აუცილებლად დავიმატებთ ახალ მოთამაშეებს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინც გუნდში დამხვდა, მათი დონე არ მაკმაყოფილებს, პირიქით, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. უბრალოდ, ნებისმიერ გუნდს სჭირდება გაძლიერება და ეს რომ კოლხეთსაც არ აწყენს, სატურნირო მდგომარეობიდანაც კარგად ჩანს, თუმცა, კონკრეტული გვარების დასახელება ახლა ადრეა. 

სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება.

ახლა ეს მართლაც ასეა - ჩვენი ამჟამინდელი მთავარი საზრუნავი ამ ტრადიციული კლუბის უმაღლეს ლიგაში დატოვებაა. დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. ვერავის შევპირდები, რომ კოლხეთი წელსვე იბრძოლებს ევროტურნირების საგზურისთვის, მაგრამ რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ. ვფიქრობ, ათეულში მოხვედრა რეალურია.

დიდი ხანია, კოლხეთი საშინაო შეხვედრებს ლანჩხუთში ატარებს. კლუბის ტრადიციები ახსენეთ და ნამდვილად დასანანია, ას წელზე მეტი ისტორიის კლუბი მშობლიურ ქალაქში რომ ვერ თამაშობს.

ჩვენ პრაქტიკულად ყველა საშინაო თამაშს ნეიტრალურ მოედანზე ვატარებთ, ეს კი ვითარებას უფრო გვიმძიმებს. ფოთს, ბათუმს და ზუგდიდს რომ სტადიონები არ ექნებათ, რაღაა სალაპარაკო? ვიმედოვნებ, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ამ საკითხზეც იფიქრებს, სწრაფ რეაგირებას მოახდენს და ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება. კოლხეთი, ფოთი და ფოთელები ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ გუნდს საშინაო თამაშების ჩატარება სხვა ქალაში არ უწევდეს.

მომდევნო ტურში დედაქალაქის ლოკომოტივს ეთამაშებით, რომელიც სატურნირო ცხრილში თქვენი მეზობელია.

როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, ექვსქულიანი თამაშია. ძალიან დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ და ვნახოთ, რა იქნება. მეტოქის პატივისცემის მიუხედავად, იმედი გვაქვს, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება

ბოლოს საქართველოს ნაკრებზე გკითხავთ...

აქ ბევრი სალაპარაკო არ არის – აზრიც და შთაბეჭდილებაც მხოლოდ დადებითია. კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ ნაკრები პროგრესირებს და ცდილობს შეუტიოს იმის განურცევლად, თუ ვინაა მეტოქე. მჯერა, ცხადაძის ხელში ნაკრები კიდევ მოუმატებს.

პაატა ძნელაძე