სიახლეები

ბრძოლისა და სიჩუმის კაცი - როცა მოედანზე ერთი კი არა, რამდენიმე კანკავაა

გაუზიარე

არიან ფეხბურთელები, რომლებიც მოედნის გარეთ გლამურული ცხოვრებით იპყრობენ ყურადღებას. არის მეორე კატეგორიაც, უშუალოდ მინდორზე ყვირილითა და სხვადასხვა “სპეცეფექტებით” იქმნიან იმიჯს. ზოგი ბუნებითაა მყვირალა, ზოგიც ამ გზით ცდილობს საკუთარი თავის რეკლამირებას. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც ფეხბურთი ჯერ სამსახურია, შემდეგ კი – სიამოვნება. არაა საჭირო, თანაგუნდელს შეუძახოს, უყვიროს და უღრიალოს. საკმარისია, მის თამაშს შეხედო და იგრძნობ, რომ სამაგალითო თანაგუნდელია. როგორ უნდა მოეშვა, როცა შენს გვერდში კანკავაა? აი, ზუსტად ესაა მისი ლიდერობის დამახასიათებელი თვისება, ის სიტყვებით კი არა, საქმით გაგრძნობინებს, რომ მინდორზე ყველაფერი უნდა დადო. 

მასზე ქართველმა მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა მითხრა, ღამით შეუძლია ლოგინიდან წამოდგეს და ვარჯიში დაიწყოსო. 

კანკავას იოლად არაფერი რგებია. ერთადერთი, რაშიც გაუმართლა, 18 წლის ასაკში თბილისის დინამოში დახვდა მწვრთნელი, ვინც მას ენდო და უეფას თასზე პრინციპულ, გადამწყვეტ მატჩებში ძირითად შემადგენლობაში დააწინაურა. ახლა არ მოვყვებით, თუ რა როლი შეასრულა ჯაბამ დინამოს მაშინდელ წარმატებაში, ანუ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში. 

ჯაბა მაშინაც მოკრძალებული და მშვიდი ადამიანი იყო, ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი ვარსკლავური სენი ახლოს არ მიიკარა. 

მახსოვს, პირველად მასთან ინტერვიუ რომ გავაკეთე, ცოტა გაკვირვებულიც დავრჩი – საიდან ამდენი თვითკრიტიკა, სკოლა ახლახანს დაამთავრა-მეთქი. მახსოვს, ისიც მითხრა, ორი კვირის წინ უკეთეს ფორმაში ვიყავი, ეს ბოლო დღეები ცოტა მოვუკელიო. არადა, წინა დღეს გოლი გაიტანა. 

იოლად რომ არაფერი რგებია, იქიდანაც ჩანს, რომ ორ წელიწადზე მეტი ტრავმებმა გააწამეს. 2008 წლის გაზაფხულზე ხერხემალი ასტკივდა, მერე ფეხის თითი, მერე მუხლი და ბევრს ეგონა, რომ კარგ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებდა. ზედიზედ ხუთ მატჩს ვერ აბამდა ერთმანეთზე, ისევ ექიმებთან უწევდა სიარული. ასეთ მძიმე მდგომარეობას დააღწია თავი, ნაკრებში დაბრუნებიდან მალევე კი, გემახსოვრებათ, როგორ ითამაშა ხორვატიასთან თბილისში. გემახსოვრებათ ის გამოზომილი გრძელი პასი ბოლო წუთზე. 

ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება მოთმინებაა. მარტო კლასი რას გიშველის, თუ წინაღობების გადალახვა არ შეგიძლია, ჯაბას ადგილზე კი უმეტესობა გატყდებოდა. 

კანკავა მშვიდი და უკონფლიქტო კი არის, მაგრამ ისიც ვიცით, მწვრთნელისთვის პირდაპირ მიუხლია პირში, რაც არ მოსწონებია. ნაკრების შიდა პრობლემები პრესასა თუ ტელევიზიაში არ გაჰქონდა, შინაურ წრეში კი, ყველანაირად ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას. 

მახსოვს მისი სიტყვები: “ნაკრებში ცუდი ვითარება არაა, ბიჭებს ერთმანეთი გვიყვარს და ვაფასებთ, მაგრამ მინდა, რომ უფრო მეტად გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთსო”. 

ამ ბოლო პერიოდში კანკავაზე უკვე ვეღარ იტყვი, მაინცდამაინც მეტოქის შეტევების ჩაშლაზეა ორიენტირებულიო. ისეთ ნაკრებთანაც კი, როგორიც გერმანიაა, ულამაზესი გოლი გაიტანა – ნებისმიერი ვარსკვლავი რომ მოაწერდა ხელს. თამაში თუ ითხოვს, კანკავა წინაც მიდის, ორიგინალური პასის გაკეთება შეუძლია, კარგად ურტყამს კარში.

მსოფლიოს ჩემპიონებთან მარტო გოლი რა მოსატანია. ჯარასავით იტრიალა, ბევრჯერ წაართვა ბურთი გერმანელ შემტევებს და საერთოდ, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ იმ დღეს ერთი კანკავა კი არა, რამდენიმე კანკავა თამაშობდა. გამოთქმა რომ არის, კაცი ათად გაიჭრაო, ზუსტად ასე იყო. ყველგან იყო, სადაც გუნდს უჭირდა, უკანაც, შუაშიც, შეტევაშიც...

ჩვენი ბევრი ფეხბურთელი ისეთ კლუბშია, მათთან შედარებით რეიმსს რას უნდა ვერჩოდეთ, მაგრამ გული დაგწყდებოდა კაცს: ნიკოლა კალინიჩი დნიპროდან ინტერში გადავიდა, კანკავა კი - რეიმსში. ალბათ დაგვეთანხმებით, მინიმუმ საფრანგეთის წამყვანი გუნდებისთვის საკადრისი დონის ფეხბურთელია ჩვენი კაპიტანი.   

მისი კარიერიდან, სხვა ღირსებებს რომ თავი გაანებო, მარტო დნიპრო-კიევის დინამოს მატჩში გაკეთებული რად ღირს? იმ ეპიზოდში კარგად გამოჩნდა კანკავა-ადამიანის ბუნება.

...აბა, მიდი და რამე დააკელი, როცა გვერდში ასეთი პარტნიორი გყავს. ბედნიერებაა, როცა ასეთი კაპიტანი გყავს და საერთოდაც, სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებში კაპიტნები ისეთი გვყავს, სულო და გულო. რაგბში მამუკა გორგოძე, კალათბურთში ზაზა ფაჩულია, ფეხბურთში კი ჩვენი წერილის გმირი – ჯაბა კანკავა, კაცი, რომელსაც მოედანზე ვერავინ და ვერაფერი შეაკრთობს, კაცი, ვისიც ყოველთვის გეიმედება. 

ილია ნანობაშვილი