სიახლეები

კახა ცხადაძე : ვეცდებით გერმანიასთან მატჩში დადებით შედეგზე ვითამაშოთ

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა. რედ ბულ არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ცხადაძე არნემის ვიტესის კაპიტან, გურამ კაშიასთან ერთად მივიდა. ცხადაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონებთან რთული მატჩი ელის, თუმცა ამის მიუხედავად მისი გუნდი სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

გთავაზობთ კახა ცხადაძის კომენტარს:

''სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ხვალინდელი მატჩი გერმანიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონებთან და იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ ბოლო თამაში წააგო მძიმე მატჩი გველის. ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე გერმანიის ნაკრები, რადგან ჩემი ფეხბურთელები წნეხის გარეშე ითამაშებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, შედარება გავაკეთოთ იმ მატჩთან, რომელიც მარტში გერმანიის ნაკრებთან წავაგეთ. მაინტერესებს რა მდგომარეობაში ვართ ახლა, იგივე დონის გუნდთან. ვეცდებით ხვალინდელ მატჩში დადებით შედეგზე ვითამაშოთ.'' - თქვა ნაკრების მწვრთნელმა.

რა თქმა უნდა შანსი ყველა გუნდს აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მძიმე მატჩი გველის, მაგრამ თუ სწორად ვითამაშებთ შანსი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს წინა მატჩში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირლანდიის ნაკრებმა აჩვენა, რომ სწორი თამაშის ხარჯზე წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ეს ფეხბურთია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

კახა ცხადაძის შემდეგ გერმანელ ჟურნალისტებთან კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა. ვიტესის კაპიტანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონებთან მატჩი რთული იქნება, თუმცა მისივე თქმით ნაკრებს სწორი თამაშის ხარჯზე სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლია. 

გთავაზობთ ვიტესის კაპიტნის კომენტარს :

''ხვალინდელ მატჩში იმას შევასრულებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავლებს. კახა ცხადაძის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ ახალ სისტემაზე ვმუშაობთ და გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ კიდეც. ჩვენ იმ პროცესში ვართ, როცა აქცენტი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა გავაკეთოთ. გერმანიის ნაკრები ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მათ შანსი აქვთ მსოფლიო ჩემპიონებთან დაპირისპირებაში ბევრი რამე ისწავლონ.'' - ამბობს კაშია.

კახა ცხადაძისა და გურამ კაშიას პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რედ ბულ არენაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი გერმანიის ნაკრებთან შანსებზე ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, სანდრო კობახიძემ ისაუბრა.

გთავაზობთ მის კომენტარს:

''ძალიან რთული თამაში გვექნება ორი მიზეზის გამო. გერმანიის ნაკრები უძლიერესი გუნდია და თანაც ისინი ზეწოლის ქვეშ არიან, რადგან უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ირლანდიაში წააგეს. ვფიქრობ ძალიან მობილიზებულები და კონცენტრირებულნი იქნებიან, თანაც მოგება სჭირდებათ, მიუხედავად ამისა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სტილით ვითამაშოთ. აუცილებლად კომპაქტურად, დისციპლინირებულად და მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ, სხვა ვარიანტი არ არის. როგორ და რა გამოგვივა, ეს უშუალოდ თამაშის დროს გამოჩნდება.'' - გვითხრა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გერმანია - საქართველოს მატჩი ლაიფციგში Redbull Arena - ზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ ტრანსილაციას კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში ლაიფციგის რედ ბულ არენაზე -  ფოტო ალბომი 

სფფ-ის პრესსამსახური, ლაიფციგი, გერმანია