სიახლეები

ლევან კობიაშვილის ვიზიტი ჰერტაში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

გერმანიაში მყოფი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს ბერლინის "ჰერტას" ესტუმრა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი "ჰერტას" აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც  საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ 2014 წლიდან მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მის ყოფილ კოლეგებს სამახსოვროდ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა.

ლევან კობიაშვილი გერმანული კლუბების ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებთან აქტიურ თანამშრომლობას და ერთობლივად სხვადასხვა პროექტის განხორცილებას გეგმავს. საუბარია იმ კლუბებზე, რომლებსაც გერმანიის მასშტაბით ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების მართვის დიდი გამოცდილება აქვთ. 

"ემოციურია ეს ყველაფერი ჩემთვის, იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ვთამაშობდი, შემდეგ ვმუშაობდი. დამთხვევაა პირველი ოფიციალური გასვლითი თამაში გერმანიაში და გუნდთან ერთად ყოფნა. კარგი დახვედრა გვქონდა, ადამიანებს გაუხარდათ ჩემი ნახვა, მეც გამიხარდა ბევრი მათგანის ნახვა. თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში, რადგან ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა, საფეხბურთო კარიერის დროს და მის შემდეგაც. ყოველთვის გვერდში მედგნენ, იყო საკმაოდ რთული  პერიოდი და განსაკუთრებით მაშინ საკმაოდ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ყველა ის რესურსი რაც გამაჩნია ქვეყნის ფარგლებს გარეთ და პირველ რიგში ვგულისხმობ, ჰერტას, ფრაიბურგს, შალკეს, ასევე ურთიერთობას გერმანიის ფედერაციასთან აუცილებლად საქართველოსთვის გამოვიყენებ. ხშირად მქონია გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლებთან ამ თემებზე საუბარი. თავისთავად ყველაფერს ერთიერთში ვერ გადმოვიტანთ, მაგრამ  მაქსიმალურად შევეცდები, მაქვს რესურსი, შესაძლებლობა, სურვილი და ასევე გერმანიის მხრიდან სურვილი, რომ გვერდში დაგვიდგნენ პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთში, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანია" - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.



ლევან კობიაშვილი ვიზიტი ჰერტაში - ფოტო ალბომი

სფფ-ის პრესსამსახური, ბერლინი, გერმანია