სიახლეები

ტორპედო 2002-ში დაბრუნდა, შტელინი ტორპედოში დაიბარეს

გაუზიარე

ქუთაისის ტორპედოში ისტორია დაბრუნდა _ გუნდის მწვრთნელად 13 წლის წინ იქ ნამუშევარი უკრაინისა და ბელგიის 62 წლის მოქალაქე ალექსანდრ შტელინი დაინიშნა...

ტორპედოდან გიორგი დარასელიას გათავისუფლების შემდეგ ითქვა, რომ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მიხეილ აშვეთია დაინიშნა, თუმცა ეს, ფაქტობრივად, დანიშვნა არც ყოფილა, შტელინის მიწვევა პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილი გახლდათ, ახლა კი უცხოელის მიყვანის ამბავი უკვე კლუბმაც დაადასტურა. 

ტორპედო-შტელინის თანამშრომლობის პირობები ჯერ უცნობია. ძველ-ახალ მწვრთნელს ქუთაისში ამ დღეებში ელიან და, შესაბამისად, ჯერ არც კონტრაქტია გაფორმებული.  

ალექსანდრ შტელინი ტორპედოს 2002-2003 წლებში ხელმძღვანელობდა და გუნდიდან რომ წავიდა, კლუბს მისი დავალიანება ჰქონდა, რაც მოგვიანებით მოგვარდა. 

ტორპედოს გარდა შტელინის კარიერაში იყო: ტუნისური კლუბები, მონასტირი (1991-1992 წლები) და ეტუალ დიუ საჰელი (1992), მოლდოვური ტილიგული (1995-1996), კიევის ცსკა (1997-1998), ზაპოროჟიეს მეტალურგი (1998-1999). ტორპედოს დატოვების შემდეგ ალექსანდრ შტელინი ბელგიის დაბალი ლიგის კლუბებში მუშაობდა. 

შტელინის ხელმძღვანელობით 2003 წელს ტორპედომ დინამო თბილისი დაამარცხა და ქუთაისში მისი ხელმეორე დებიუტიც, სავარაუდოდ, დინამოსთან იქნება _ 17 ოქტომბერს ტორპედო დინამოს, ალბათ, სწორედ შტელინის მეთაურობით დაუხვდება. 

საინტერესოა, რომ შტელინს ძველი გუნდიდან მიხეილ მახვილაძე (მწვრთნელის ასისტენტი), შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ნერგაძე დახვდებიან.

ლუკა თალაკვაძე