საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გულნარა გაბელია, რომ იტყვიან, მაგრად გადარჩა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა მწყობრში ჩადგომას ნაკრების უახლოესი შეხვედრისთვის - თამაზ კოსტავას გაწვრთნილი გუნდი 24 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შეხვდება.
რა მოხდა? გუშინწინ, ქალთა შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში გაბელიას გუნდმა, ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტის ბიიკმა ესპანურ ბარსელონას უმასპინძლა და 1:1 ეთამაშა. ჩვენებური ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას დაშავდა - საჯარიმოში კარიდან მაღალ ბურთზე გამოსულ სტუმართა მეკარეს შეეჯახა.
„მეკარე მუშტებით და მუხლებით დამეჯახა. მერე კი არ მახსოვს, რა მოხდა. გონზე საავადმყოფოში მოვედი. ტუჩიც მქონდა გახეთქილი და გამიკერეს. ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ და უკვე ბიიკის ბაზაზე ვარ“ - ამბობს გულნარა გაბელია.ბიიკისა და ბარსელონას საპასუხო შეხვედრა 14 ოქტომბერს კატალონიის დედაქალაქში გაიმართება. იმედია, გაბელია ამ და მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრაშიც ჩვეულ ფორმაში იქნება.
გიორგი ვაშაკიძე