სიახლეები

17-წლამდელები – უნგრეთი მოახლოვდა

გაუზიარე

24 ოქტომბრიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას დაიწყებს. გოჩა ავსაჯანიშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ შესარჩევ ეტაპზე უნგრეთში ითამაშებს, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად სლოვაკეთი და რუმინეთი ეყოლება.

ელიტრაუნდში ყოველი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გადის, თუმცა იქ თამაშის უფლებას ხუთი საუკეთესო მესამეადგილოსანიც მოიპოვებს. დაგვეთანხმებით, ჩვენებს დიდად არ გამართლებიათ, რადგან მეტოქედ ერთი საფეხბურთო აუტსაიდერი ქვეყნის წარმომადგენელიც კი არ რგებიათ. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ 17-წლამდელთა ეს თაობა წინამორბედი გუნდების სასიამოვნო ტრადიციას გააგრძელებს – 2009 წლიდან მოყოლებული, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდში სისტემატურად გადის.

ჩვენი ჭაბუკების კალენდარი დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, ახლა კი ისიც დაზუსტდა, თუ რომელ ქალაქებში და რომელ სტადიონებზე ითამაშებენ. ნაწილობრივ გაირკვა იმ მსაჯების ვინაობაც, რომლებიც მათ მატჩებს გაუძღვებიან. ბოლო ტურში, საქართველო-უნგრეთის შეხვედრაში, არბიტრად ბერძენი ხარალამბოს კალოგეროპულოსია გამწესებული. პირველი ორი მატჩის მსაჯთა ვინაობაც მალე გაირკვევა.

უნგრული მინი-ტურნირის განრიგი ასეთია:

24 ოქტომბერი
უნგრეთი-რუმინეთი (ტელკი, “გლობალ ფუტბოლ პარკი”) 
საქართველო-სლოვაკეთი (დაბასი, “ვაროში”)

26 ოქტომბერი
უნგრეთი-სლოვაკეთი (ფელშუტი, “პანჩო”)
რუმინეთი-საქართველო (დაბასი, “ვაროში”)

29 ოქტომბერი
საქართველო-უნგრეთი (ფელშუტი, “პანჩო”)
სლოვაკეთი-რუმინეთი (დაბასი, “ვაროში”)

ლევან ჯანეზაშვილი