სიახლეები

ომობანა დასრულდა, წინ გერმანული ტანკია

გაუზიარე

“ძლივს ისეთ თამაშზე მივდივარ სტადიონზე, რომელშიც ვიცი, რომ უეჭველად მოვიგებთ” - ამბობდნენ გულშემატკივრები და მართლაც, კარგა ხანია, ასეთი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰქონია. ან კი, საერთოდ როდის ჩამოსულა ასეთი სუსტი ნაკრები? ფარერები რომ ფარერებია, ისიც კი უფროსკლასელია გიბრალტართან.

რეკორდს ვერ შევწვდით, ფარერებთან 2006 წელს 6:0 მოგებული ჯერჯერობით რეკორდადვე გვრჩება. მაშინ შოთა არველაძემ სამი გოლი გაიტანა, იმავე წელს ურუგვაის ამხანაგურში 2:0 ვძლიეთ და ორივე ბურთი ლევან კობიაშვილმა მიითვალა. 2007-ის მარტში ფარერებთან შინ 3:1 ვიმარჯვეთ და ალექსანდრე იაშვილის დუბლი ვიხილეთ. იქიდან მოყოლებული კი, საქართველოს ნაკრების არცერთ ფეხბურთელს ერთ მატჩში დუბლიც კი არ ჰქონდა შესრულებული. გუშინ მათე ვაწაძემ შეძლო ორი გოლის გატანა... აი, ეს ჯებირი კი გადავლახეთ რვანახევარი წლის შემდეგ. 

ისე, ვაწაძეს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მეორე ტაიმში გიბრალტარელთა მეკარე ჯორდან პერესმა ზედიზედ ორჯერ აუღო. 

თუმცა დავიცადოთ, მეორემდე პირველი ტაიმია და სანამ აღწერას დავიწყებდეთ, ის ვთქვათ, რომ კახა ცხადაძემ რამდენიმე ფეხბურთელი შემოინახა 11 ოქტომბერს გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის. უპირველესად, სოლომონ კვირკველია, ასევე, გიორგი ნავალოვსკი და ალბათ, უჩა ლობჟანიძეც. 

ცხადაძემ ჩვეული სქემით ათამაშა ნაკრები. მარცხენა ფლანგი სანდრო კობახიძეს მიანდო, რომელიც ჯერ ვერაა ფორმაში, რადგან ტრავმა ჰქონდა და სანამ ნაკრებში ჩამოვიდოდა, ლუცკის ვოლინში ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტაიმის ჩატარება მოასწრო. კობახიძის საპირისპირო ფლანგზე დებიუტანტი ოთარ კაკაბაძე ვიხილეთ, რომელსაც ნერვიულობა ეტყობოდა და ისე ვერ ითამაშა, როგორი ავანსიც იყო მასზე გაცემული. კი, ლობჟანიძეზე ეფექტურად აწვდის საჯარიმოში, თუმცა უჩას სხვა პლუსები აქვს – დაცვაში უკეთესია, ბურთს ამდენჯერ არ კარგავს. ეს ჯერჯერობით, კაკაბაძე ხომ ჯერ 20 წლისაა.  

კაკაბაძის გარდა, კიდევ ორი დებიუტანტი გამოჩნდა. შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა ნიკა კვეკვესკირმა, რომელიც მეპასე საყრდენად  ირჯებოდა. იქ, სადაც ცხადაძემ ჯანო ანანიძეს მიუჩინა ადგილი. ჯანო კი, იცით, ტრავმირებულია. კვეკვესკირი პირველ ტაიმში უფრო სასარგებლო იყო, მისი საგოლე პასი კი მშვენება, მართლაც ნებისმიერი რანგის მატჩს დაამშვენებდა. მეორეში რატომღაც შეანელა ტემპი. გუგა ფალავანდიშვილს რაც შეეხება, გორის დილას საყრდენმა ჯაბა კანკავა შეცვალა. ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა შეცდომები ჰქონდა გადაცემებისას. 

ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში პირველად ითამაშეს გია გრიგალავამ და ნიკა ძალამიძემაც. გრიგალავა ისეთ წონაში აღარაა, შარშან რომ იყო. ბევრი საქმეც არ ჰქონია გიბრალტარელთა უსუსურობის გამო, თუმცა საეჭვოა, რომ გერმანიასთან ისევ სასტარტოში იყოს – კვირკველიას უნდა ველოდოთ და სავარაუდოდ, კვირკველია-ამისულაშვილი-კაშიას სამეული დადგება ცენტრში. ძალამიძეზე კი იმას ვიტყოდით, რომ ძალიან დამჩნევია რიზესფორში უთამაშებლობა. ვერანაირი ეფექტი ვერ შემოიტანა თამაშში შეცვლაზე შემოსულმა.     

საწყის 20 წუთში ქართველებს ხუთი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ერთხელაც ვერ გაიტანეს. ჯერ ვაკო ყაზაიშვილის დარტყმული მოიგერია ჯორდან პერესმა, მერე ისევ ვაკომ ოდნავ მახვილი კუთხიდან ააცილა – ამ მომენტში თორნიკე ოქრიაშვილის ბრწყინვალე პასია გამოსარჩევი. ორ წუთში ოქრიაშვილმა კაკაბაძე ჩართო შეტევაში, მის ჩაწოდებულს ყაზაიშვილის თავური და ისევ პერესის კარგი თამში მოჰყვა, ხოლო დამატებაზე კვეკვესკირის დარტყმული მოხვდა მცველს და კუთხურსღა დავჯერდით. ამ კუთხურსაც მოჰყვა ხიფათი და კობახიძემ ახლოდან კარს გადააცილა ბურთი... ცოტა ჩაცხრა შეტევები და ამჯერად უკვე ვაწაძეს შეეძლო გატანა ჯაბა კანკავას კარგი პასის შემდეგ: ვაწაძემ ბურთი დაიმორჩილა, მაგრამ მეკარე გამოვიდა, არეალი შეუზღუდა და ქართველმა ფორვარდმაც ვეღარ შესძლო კარგად დარტყმა. 

მოკლედ, უძლებდა გიბრალტარი, უძლებდა და 30-ე წუთზე გატყდა. კვეკვესკირმა პასი დაუხატა ვაწაძეს, პირისპირ დატოვა და მათემაც ზუსტად დაარტყა – 1:0. 

ხუთ წუთში კაკაბაძე აწვდიდა საჯარიმოში, მაგრამ რაიან კაშიაროს ხელზე მოხვდა ბურთი და მსაჯმა პენალტი დანიშნა. გიბრალტარელები მსაჯს მისცვივდნენ, წესების დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყოო, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ კაშიაროს ხელი საჯარიმოს შიგნით აქვს. 11 მეტრიდან ოქრიაშვილმა ზუსტად დაარტყა და 2:0. 

38-ე წუთზე გიბრალტარმა კარში დაარტყა და ნუკრი რევიშვილს მოუწია გადახტომა. ნუკრის კიდევ ორჯერ დაურტყეს, მათ შორის, ბოლო წუთზე. ესეც საქმეა გიბრალტარელთათვის, რევიშვილისთვის კი გერმანელებთან მატჩის წინ ბევრი ვერაფერი სპარინგი გამოვიდა. 

ზედ შესვენების წინ კი საქართველომ მესამე გაიტანა: კობახიძემ მარჯვნიდან შორეულ ძელთან ჩააბზრიალა ბურთი და ვაწაძის თავური ჯორდან პერესისთვის აუღებელი გამოდგა. ეს ერთადერთი გოლი იყო მეკარის ბრალი, თორემ სხვა მხრივ, პერესი საუკეთესო იყო თავისიანებში, გუნდი 5-6 მომენტში გადაარჩინა  გოლს. 

აი, მეორე ტაიმში კი ქართველებმა ბურთის კონტროლს დაუთმეს დროის უმეტესი ნაწილი და ხანდახან გულშემატკივრების სტევნას რომ გაიგონებდნენ, მაშინ გადადიოდნენ შეტევებზე. ისიც სათქმელია, რომ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თამაში ვერ გააძლიერეს. ერთ მომენტში ხარიხამ გადაარჩინა სტუმრები, მეორე შემთხვევაში ჯორდან პერესმა ჰეთ-თრიქი არ გააკეთებინა ვაწაძეს, მერე კაკაბაძემ ვერ გაიტანა ერთი შეხებით დარტყმულით, სხვა მომენტი კი, ყაზაიშვილის გოლის გარდა, არც შექმნილა. 

ვაკომ, რომელიც მეორე ნახევარში ინერტული იყო, 87-ე წუთზე გაინავარდა, ცენტრთან ახლოს ორ მეტოქეს გაუძვრა, სიჩქარეაკრეფილი შევარდა საჯარიმოში და დაბალი ბურთი დაურტყა პერესს – 4:0. ეს ვაკოს მესამე გოლია ნაკრებში და სამივე წლეულს შეაგდო. 

შესარჩევში გოლების მონაგარი ცხრამდე ავიყვანეთ და გერმანიასთან თუ ორნიშნაზე ავიყვანეთ, ამას რა აჯობებს. თუმცა, საამისოდ გაცილებით მაღალ ტემპში თამაშია საჭირო. ცხადაძემ ეს იცის და აკი პრესკონფერენციაზეც თქვა - მეორე ნახევარში რომ არ გავართულეთ საქმე და ბურთის კონტროლზე გადავედით, ეს იმიტომ, რომ გერმანიამდე მცირე დრო დაგვრჩა და ძალები შემოვინახეთო.

იმედია, მხოლოდ თავის შენახვის ბრალია. რთულია, გიბრალტართან თამაშიდან გამომდინარე იმსჯელო, თუ რა გელის გერმანიასთან. ეს იგივეა, ეზოში ჩახვიდე, ომობანა ითამაშო და მერე მძიმე არტილერიის შესაჩერებლად გაემზადო. ომობანა დავამთავრეთ, წინ ტანკია, თანაც გამძვინვარებული და დაჭრილი მეტოქე გველის – გერმანიამ ხომ ირლანდიასთან წააგო... 

რაც მთავარია, ლაიფციგში შიშის გარეშე!

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. 

8 ოქტომბერი. “დინამო არენა”. 10 000 მაყურებელი      

საქართველო – გიბრალტარი 4:0 

1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35 პენ), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)

საქართველო: რევიშვილი, კაკაბაძე, ამისულაშვილი, კაშია, გრიგალავა, კანკავა,  (ფალავანდიშვილი 57), კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, ს. კობახიძე, ოქრიაშვილი (ძალამიძე 57), ვაწაძე (ცხადაძე 72)

სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე; უ. ლობჟანიძე, ს. კვირკველია, ხიზანიშვილი,  ფოფხაძე, ნავალოვსკი, მერებაშვილი, გელაშვილი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გიბრალტარი: ჯ. პერესი, ჯ. ჩიპოლინა, რ. კაშიარო, რ. ჩიპოლინა, გარსია, კ. კაშიარო (იომი 85), უოლკერი, გოსლინგი, ბარდონი, ლ. კაშიარო (დუარტე 76), კაბრერა (ბ. პერესი 46)

სათადარიგოები: ნილი, ჯიმი რობა, ბოსიო, დანიელ დუარტე, ბარნეტი, როვენო, გალინგი, კომბისი, კლარკი 

მწვრთნელი: ჯეფ ვუდი

გაფრთხილება: კაბრერა (15), ოქრიაშვილი (31)

მსაჯი: სერგეი ბოიკო (უკრაინა)

სტატისტიკა: 

ბურთის ფლობა %: 67-33

დარტყმა: 23-4 

ზუსტი დარტყმა: 10-3
კუთხური: 8-1

თამაშგარე: 2-0

ჯარიმა: 12-9

პასი: 700-268

ზუსტი პასი: 646-221

სეივი: 6-2

პრესკონფერენცია: 

ჯეფ ვუდი: კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. კარგად იმოქმედეს ჩვენმა ცენტრალურმა მცველებმა. საქართველო კარგი გუნდია და კლასმა თავისი გაიტანა. შეიძლებოდა, უფრო დიდი ანგარიშითაც წაგვეგო. 

...ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ და თითოეული მატჩით გამოცდილებას ვიძენთ. ისიც საქმეა, რომ საწყის ნახევარ საათში გოლი არ გავუშვით, ანუ დღეს დადებითი ასპექტები დავინახე. 

კახა ცხადაძე: ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, დიდი ანგარიშით მოგებამაც გამახარა. დებიუტანტებს რაც შეეხებათ, მათ სასტარტო ნერვიულობა გადალახეს და მთლიანობაში კარგად ითამაშეს. 

მეტოქე სუსტი იყო და, ალბათ, ამიტომაც ჩვენები დაბალ ტემპში თამაშობდნენ. ბურთის სწრაფად მიღება, სწრაფად მიწოდება – ამ მხრივ გვიჭირდა და რატომ? 

ყველა მომენტი რომ გამოგვეყენებინა, ასტრონომიული ანგარიშით მოვიგებდით. ეს უფრო პირველ ტაიმზე ითქმის. ფეხბურთელებს დავავალე, რომ ბურთი ეკონტროლებინათ. ისინიც ნაკლებად რისკავდნენ. გვსურდა, ბურთს მოვფრთხილებოდით და არ დაგვეკარგა, რათა ართმევისთვის დრო და ენერგია არ დაგვეხარჯა. წინ გერმანიასთან მატჩია, დრო ცოტა გვაქვს მოსამზადებლად და საჭიროც იყო, რომ ენერგია შეგვენახა. 

გერმანიასთან მატჩში შემადგენლობაში იქნება ცვლილებები?

იქნება. გიბრალტართან და გერმანიასთან მატჩები რადიკალურად განსხვავებულად განსახილველია. დღეს რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ. 

ნიკა კვეკვესკირი პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა და პირველი გოლი, ფაქტობრივად, მან შექმნა. თუმცა მეორე ნახევარში ნელ ტემპში მოქმედებდა. როგორ ფიქრობთ, გიბრალტარზე ძლიერ ნაკრებთან შეიძლება უფრო მოუმატოს და მაღალი ტემპი შემოგვთავაზოს? 

ნიკა ძალიან ნიჭიერია. მისი თამაში მომეწონა, თუმცა რამდენად მოუმატებს, ეს გამოჩნდება. მეორე ტაიმში ცოტა შეანელა თამაში, რაც, ალბათ, მენტალიტეტის ბრალიცაა. ქართველებს გვაქვს ეს ჩვევაში, მიღწეულის შემდეგ ცოტა ვდუნდებით და არ მინდა, რომ ასე მოხდეს. ვიმეორებ, კვეკვესკირს ნიჭი უდავოდ აქვს, აზრიანი ფეხბურთელია, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული.