საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეათე ნომერი გულნარა გაბელია ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მეოთხედ გახდა. ქართველი თავდამსხმელი ქალის ანგარიშზე 30 გატანილი გოლია. მათგან სამი, გაბელიამ ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი 3–ჯერ (2011, 2013 და 2014 წ.წ.) უკვე იყო ყაზახეთის საუკეთესო ბომბარდირი. 2013 წელს კი გაბელია ყაზახეთის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.
„ყაზახეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში წელს, მხოლოდ 5 გუნდი მონაწილეობდა. აქ ჩემპიონატი 2 წრედ ტარდება, თუმცა თითო წრეში 10-10, საბოლოოდ კი 20 თამაშის გამართვა გვიწევს. თითო წრეში სტუმარი გუნდი, ერთდღიანი შუალედით 2 შეხვედრას ვატარებთ. იმისთვის, რომ სათამაშო პრაქტიკა გქონდეს, საკმაოდ კარგი სისტემაა“ - ამბობს გულნარა გაბელია.
გაბელიას გუნდი Biik Kazigyrt--ი ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გახდა ყაზახეთის ჩემპიონი და ახლა, 7 ოქტომბრისთვის ემზადება, როდესაც უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში შინ „ბარსელონას“ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გაბელიამ 2015 წლის ივლისში დაიბრუნა საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენს ნაკრებთან ერთდ 18 და 22 სექტემბერს „ევრო 2017“-ის შესარჩევ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრების მიერ ჩაატარებულ 2 შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლიც სწორედ გულნარა გაბელიას ანგარიშზეა. „ევრო 2017“-ის პირველ სადებიუტო მატჩში, იტალიის ლა სპეციაში ქალთა სკუადრა აძურას წინააღმდეგ გაბელიამ შეხვდერის მე-3 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა.
სფფ-ის პრესსამსახური