სიახლეები

შაბათს: გურულმა აზალი გოლს აღირსა

გაუზიარე

ქართული ლეგიონის ამბები ჰოლანდიით დავიწყოთ, სადაც არნემის ვიტესმა ჰერენვენთან გასვლაზე 0:0 დაასრულა შეხვედრა და მეშვიდე ადგილზეა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი განაცხადში არ იყო და მიზეზი ტრავმაა. 

პეტერ ბოში (ვიტესის მწვრთნელი): “ყაზაიშვილი კუნთმა შეაწუხა და დისკომფორტს გრძნობს. სჯობს, დაისვენოს. სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება, ვერ ვათამაშებთ~. 

წესით, სერიოზული არაფერი უნდა იყოს და ვაკოსაც დიდხანს არ მოუწევს უქმობა. 

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ინტერმა შინ 1:0 სძლია ქიაპაზს და ამ შეხვედრაში სამმა ქართველმა სრულად ითამაშა: ზურაბ ხიზანიშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა და მეკარე გიორგი ლომაიამ. ინტერის კიდევ ერთი ქართველი, ლაშა კასრაძე, ტრავმირებულია. სვანაძის გუნდი მესამე პოზიციაზეა, თუმცა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ყარაბაღს. 

აზერბაიჯანში ქართული გოლიც გავიდა, რომელიც სანდრო გურულის ანგარიშზეა. აზალ-ის ქართველმა ახალწვეულმა, შეიძლება ითქვას, ისტორიული გოლი გაიტანა თავისი გუნდისთვის: სტუმრად სუმგაითთან ბოლო წუთზე გაათანაბრა ანგარიში - 1:1. აზალ-ს გასულ ხუთ ტურში ქულა არ ჰქონდა მოპოვებული და გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი. შეგახსენებთ, გურული ბოლოს სამტრედიაში თამაშობდა, თუმცა იქ მხოლოდ ნახევარ წელიწადს დაჰყო. 

კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა 4:0 მოუგო ლიმასოლის არისს და კვლავაც ლიდერია. ქეცბაიას გუნდს ხუთ ტურში ოთხი მოგება და ერთი ფრე აქვს. ეთნიკოსმა კი გასვლაზე 2:5 წააგო აპოლონთან და მერვე პოზიციაზეა: ეთნიკოსში შოთა გრიგალაშვილმა ბოლო 20 წუთი ითამაშა, ხოლო ბექა ტუღუში ბოლომდე სათადარიგოებში დარჩა. 

შოთა არველაძის გაწვრთნილი ტრაბზონსფორი თურქულ სუპერლიგაში დამარცხდა - ოსმანილსფორთან 1:3. შოთას გუნდი ექვსი ტურის შემდეგ, მეექვსე ადგილზეა. 

რუსეთში სპარტაკმა ზენიტთან 2:2 დაასრულა და მეოთხე საფეხურზეა. ჯანო ანანიძეს ტრავმა აქვს და ამ კვირაში, ალბათ, სამ დღეში დაიწყებს ვარჯიშს, თუმცა ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად დაიწყებს. 

გერმანიაში, მესამე ლიგაში კვლავ გაუცდა მატჩი გიორგი პაპუნაშვილს. სამწუხაროდ, საქართველოს ახალი თაობის ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს ვერდერის მეორე გუნდში არ ათამაშებენ, არადა, ეს გუნდი გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში გამოდის... საწყენია. 

მეორე ბუნდესლიგაში დუისბურგმა ისევ წააგო, ამჯერად 2:3 დამარცხდა ბერლინის უნიონთან და მოგების გარეშეა ცხრა ტურში – მხოლოდ ორი ფრე აქვს. დუისბურგში ლაშა დვალი სათადარიგო იყო, ხოლო ახალწვეული გიორგი ჭანტურია განაცხადში არ ყოფილა. ეტყობა, ჭანტურიას მომდევნო ტურიდან უნდა ველოდოთ. 

ესტონეთის ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა ზაქარია ბეგლარიშვილის ფლორამ, რომელმაც სტუმრად 1:0 სძლია ტულევიკს და უკვე ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, რადგან მდევარმა ლევადიამ თავისი მატჩი წააგო. ბეგლარიშვილმა ტულევიკთან კვლავაც შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა. ბეგლარიშვილი ესტონეთის ორგზის ჩემპიონი უკვე არის. 

კანკავას საუკეთესო მატჩი რეიმსში

რაც რეიმსსში გადავიდა, ჯაბა კანკავამ საუკეთესო მატჩი გასულ პარასკევს, ლილთან ჩაატარა. რეიმსმა 1:0 მოიგო და ჯაბა ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელი იყო მინდორზე. გოლი გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა, სწორედ მან დაიწყო ის შეტევა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლილთან 90 წუთი ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, რაც თითქმის უკვე ტრადიციად იქცა.  

ერთიც: კანკავამ ექვსი დღის ინტერვალში ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარა შეუცვლელად, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის კარგ ფიზიკურ მომზადებას. რეიმსი კი საკმაოდ მაღლა, მეოთხე ადგილზეა.