სიახლეები

მარცხი, სწრაფი გოლის შემდეგ

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

„ევრო 2017“-ის შესარჩევი ჯგუფის პირველი შეხვედრის სტარტი მოულოდნელი გამოდგა არა მხოლოდ გამოცდილი მასპინძელი იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრებისთვის, არამედ ტურნირის ამ ეტაპის დებიუტანტისთვის, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებისთვისაც.  აღსანიშნავია, რომ ქართველთა მე-10 ნომერი გულნარა (კესო) გაბელია, მე-3 წუთზე გატანილი გოლის წყალობით, სწრაფი გოლის ავტორთა შორის შევიდა, ხოლო საქართველოს ნაკრები ის გუნდი გახდა, რომლებმაც დებიუტში სწრაფი გოლის გატანა შეძლეს, თანაც ტურნირის დებიუტანტის რანგში.

იტალიაში, ქალაქ ლა სპეციაში, იტალიისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებების 18 სექტემბრის შეხვედრაში არავინ ელოდა, რომ „ალბერტო პიკოს“ სტადიონზე სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდებოდნენ და 15-20 წუთის მანძილზე, ბევრად გამოცდილ იტალიელებს თავსატეხს გაუჩენდნენ.  შეხვედრის მე-2 წუთზევე ლელა ჭიჭინაძესთან ორთაბრძოლაში იტალიელი ელისა ბარტოლი ჯარიმდება. ანა ზაქაიძის ჩაწოდებული ბურთი მარცხენა ფლანგზე კარგად მიიღო გაბელიამ, რომელმაც მარტივად მოახერხა იტალიელთა დაცვის ხაზის მოთამაშეების მოტყუება და ანგარიში გახსნა. ზუსტად 2 წუთში ქართველთა კაპტანის ტატა მატვეევას წამოწყებული შეტევის შემდეგ, გაბელია კვლავ ახლოს იყო გაეტანა გოლი, თუმცა იტალიელთა გამოცდილმა მეკარემ ჯიულიანიმ ბოლო მომენტში მოახერხა საკუთარი კარის გადარჩენა.

იტალიელებმა პირველად, მხოლოდ მე-7 წუთზე მოახერხეს საქართველოს ნაკრების კარში დარტყმა, თუმცა ბურთს ადგილზე  თამარ ნადირაშვილი დაუხვდა. დასაწყისშივე აღნიშვნის ღირსია ქართველთა მეკარის თამაში, რომელმაც საერთო ჯამში 11 „სეივი“ გააკეთა და ქართველთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მე-13 წუთზე, დაცვაში დაშვებული შეცდომის წყალობით მოახერხეს. გოლი ვალენტინა ცერნოიამ გაიტანა. მანუელა გიუგლიანიმ კიდევ 10 წუთში შორი მანძილიდან დარტმის შემდეგ იტალიელები წინ გაიყვანა. მასპინძლები ანგარიშში ერთი ბურთით დაწინაურდნენ. ამ გაშვებული გოლის შემდეგ, ქართველთა დაცვის ხაზში უზუსტობებმა იმატა. რაც პირველი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთ გოლში აისახა. საჯარიმოს ხაზთან ახლოს ქართველთა მესამე ნომერმა ნინო პასიკაშვილმა უხეშად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. იტალიელებმა კი ვარჯიშების დროს გაზეპირებული სტანდარტული ზუსტად გაითამაშეს და ანგარში 3-მდე გაზარდეს.

თუმცა, მანამდე 33 წუთზე კონტრშეტევაზე გასული გაბელია ახლოს იყო ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ სკუადრას მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

მეორე ტაიმში იტალიელებმა გააძლიერეს შეტევა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ სამ გატანილ გოლში აისახა - გოლები დანიელა საბატინომ (58’) და ქრისტიანა ჟირელიმ (79’ , 83’) გაიტანეს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მეორე ტაიმში იტალიელებმა ქართველთა შემტევი ფეხბურთელების სრული ნეიტრალიზაცია მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ იტალიელთა შორის გატანილი გოლის ავტორებიდან სამი „ბრეშაში“ თამაშობს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. ამავე საკლუბო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, გულნარა გაბელიას უწევს თამაში ყაზახეთის ჩემპიონის „ბიიკ კაზაგიურტის“ შემადგენლობაში. გაბელიას გუნდი 7/14 ოქტომბერს „ბარსელონას“ ეთამაშება.

საქართველოს ნაკრები კი მომდევნო შეხვედრას უკვე 22 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს, ისინი თბილისში დღეს ღამის 12 საათისთვის ჩამოდიან.

იტალია - საქართველი 6:1 (3:1)

2015 წელი. 18 სექტემბერი. ლა სპეცია, „ალბერტო პიკო“

იტალია: ჯულიანი, გუანი, ბარტოლი, მანიერი, გამა, სტრაკი, გიუგლიანი, როზუჩი (პარიზი 63’), ცერნოია, საბატინო (ჯაჩინტი 70’), გაბიადინი (ჟირელი 61’)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კაბრინი

საქართველო: ნადირაშვილი, კოჭლამაზაშვილი, პასიკაშვილი, სუთიძე, ზაქაიძე (სხირტლაძე 58’), ტატუაშვილი, მატვეევა, თოდაძე, ჭყონია,   გაბელია, ჭიჭინაძე (ჩემინავა 71’).

მთავარი მწვრთნელი: თამაზ კოსტავა

გოლი: 0:1 გაბელია (3’), ცერნოია (13’), გიუგლიანი (23’), მანიერი (42’), საბატინო (58’), ჯირელი (79’, 83’).

გაფრთხილება: პასიკაშვილი (42’), ჭყონია (74’), სხირტლაძე (78’), ტატუაშვილი (90’)

მსაჯი: სუზანა კოვაჩოვა (სლოვაკეთი)

თამაზ კოსტავა (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთ. მწვრთნელი): ამ რანგის ტურნირზე და იტალიის ნაკრების სიძლიერის გუნდთან პირველი თამაში გვქონდა. ვფიქრობ, კარგი დასაწყისი იყო, რადგან შევძელით შეხვედრის დებიუტშივე ანგარიშის გახსნა. ეს იყო კარგი მოულოდნელობა არა მარტო იტალიელებისთვის. მიმაჩნია, კიდევ 2 წუთში გაბელიას მეორე გოლის გატანაც რომ მოეხერხებინა, თამაშის გაგრძელება სხვანაირი იქნებოდა. დავუშვით საკმაოდ ბევრი შეცდომა, რაც შედეგზე აისახა. მიუხედავად ამისა მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდისთვის იტალიის გუნდის მსგავს ნაკრებებთან თამაში დიდი გამოცდილებაა და ასეთი თამაშები მხოლოდ წაგვადგება. ბუნებრივია, ვიცით ჩვენი ჯგუფის სიძლიერე და ზედმეტი არც ილუზიები გვაქვს. თუმცა, ჩვენი გუნდი ყველა თამაშში იბრძოლებს ბოლომდე. უახლოესი ასეთი ბრძოლა თბილისში ჩეხებთან გვექნება.

ანტონიო კაბრინი (იტალიის მთ. მწვრთნელი): სექტემბერი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის საკმაოდ გადატვირთული და რთულია. ჩვენი გუნდი არაა იმ ფიზიკურ კონდიციაში, როგორშიც გვჩვევია ვიყოთ. ამაზე მეტყველებს პირველი გაშვებული გოლი და შეხვედრის დასაწყისი, რომელმაც მდგომარეობა ძალიან გაგვირთულა. თუმცა, მოვახერხეთ გარდატეხა და კარგი სანახაობის მოწყობაც.

კარლი ტავეკიო (FIGC -ის პრეზიდენტი): ჩვენმა ფედერაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად. ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია და ახლა უკვე ორი ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს. 

სფფ-ის პრესსამსახური