სიახლეები

თედო გრიგალაშვილი: თუ ფეხბურთელი ხარ, კონკურენტების სიძლიერეზე არ უნდა იფიქრო

გაუზიარე

თედო გრიგალაშვილი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა, ბოლოს ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილ 21-წლამდელებში თამაშობდა, თუმცა ეროვნული გუნდში ჯერ არ მოხვედრილა. თედო 22 წლისაა და უნივერსალურ მცველად ყალიბდება, რადგან ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგებზეც. 

თედო კარგა ხანს ზესტაფონში იყო, წლევანდელი იანვრიდან სამტრედიაში თამაშობდა და ამ ზაფხულს გადავიდა გროზნოს ტერეკში. ჩეჩნური გუნდი რუსულ პრემიერლიგაში ცხრილის შუაშია და გრიგალაშვილი ჯერ მხოლოდ 18 კაცში მოხვედრით კმაყოფილდება, თუმცა გუშინწინ რუსეთის თასზე შეუცვლელად ითამაშა: ტერეკმა გასვლზე 2:0 სძლია პირველდივიზიონელ ნოსტას. 

თედო გრიგალაშვილს გროზნოში დავუკავშირდით: 

სათასო შეხვედრაში თამაშით რამდენად კმაყოფილი დარჩი? მწვრთნელმა რაშიდ რახიმოვმა როგორ შეგაფასა?

ვფიქრობ, ნორმალური დებიუტი გამომივიდა. თამაშის მერე მეორე მწვრთნელი მელაპარაკა და კმაყოფილი იყო.

დაცვაში დიდი კონკურენციაა? 

საკმაო. ტერეკის ერთ-ერთ ნათელ წერტილს, ალბათ, დაცვის ცენტრი წარმოადგენს. ანდრეი სემიენოვს სისტემატურად იძახებენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში, აქვეა პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი მარჩინ კომაროვსკი და ბრაზილიელი როდოლფოც, რომელსაც მაღალი დონის კლუბებში უთამაშია და ძალიან გამოცდილია. სამივენი ცენტრალური მცველები არიან, თუმცა ჩემი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვხვდე ძირითადში. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არიან კონკურენტები, რადგან ფეხბურთელი თუ ხარ, ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად უნდა იბრძოლო და კონკურენტების სიძლიერეს არ უნდა იფიქრო. 

საქართველოში დაცვის სხვადასხვა პოზიციაზე გითამაშია, ტერეკში სად მოგიაზრებენ? 

დაცვის ცენტრში ან მარჯვნივ. 

საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით, დონის მხრივ დიდი განსხვავება იქნება...…დატვირთვები ვარჯიშებზეც გაცილებით მეტია?   
განსხვავება მართლაც დიდია, შედარებაც რომ არ შეიძლება, ისეთი. უპირველესად, აქ ფეხბურთელად გრძნობ თავს. ფიზიკურ დატვირთვებსა და, ზოგადად, პირობებს რაც შეეხება, საქართველოში ტერეკის მსგავსი სიტუაცია, ალბათ, მხოლოდ თბილისის დინამოშია, რომელსაც ფიზმომზადების კარგი მწვრთნელი ჰყავს ივან ვუჩეტიჩის სახით. 

ასაკით ახალგაზრდულ ნაკრებში აღარ გიწევს თამაში. ეროვნულ გუნდში მოხვედრის იმედი რამდენად გაქვს? 

რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. თუმცა ჯერ აქ უნდა შევიძინო სათამაშო პრაქტიკა. 

ტერეკს რა მიზნები აქვს, ზოგადად, როგორი სიტუაციაა გროზნოში? რამდენად უყვართ ფეხბურთი ქალაქში და როცა მოსკოვის გუნდებს ხვდებიან, განსაკუთრებული ჟინი თუ იგრძნობა? 

მიზანი ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილია. ჩემი აზრით, ტერეკი რუსულ პრემიერლიგაში საშუალოზე მაღალი დონის გუნდია და საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს. გროზნოში ნორმალური სიტუაციაა, არანაირი მტრობა არ იგრძნობა არავის მიმართ. პირიქით, ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. 

ილია ნანობაშვილი