სიახლეები

ვინ შეკრავს წრეს?

გაუზიარე

ხვალ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, არა მხოლოდ ტურის, არამედ პირველი წრის უმთავრესი შეხვედრა გაიმართება - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დილა ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერს, თბილისის დინამოს დაუპირისპირდება. მართალია, დინამოელები სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ უდგანან სათავეში, მაგრამ ურიგო სატურნირო მდგომარეობა არც გორელებს აქვთ, ისინი მეორე პოზიციაზე არიან და ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, ასე რომ, გამორიცხული არ არის, ამ მატჩის შემდეგ ჩემპიონატს ლიდერი შეეცვალოს, თუმცა, ისიც სავსებით შესაძლოა, დინამოელებმა ქულებში სხვაობა ხუთამდე გაზარდონ.

დილა და დინამო მიმდინარე სეზონში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ - 25 აგვისტოს სუპერთასისთვის გამართულ მატჩში დინამომ ვახტანგ ჭანტურიშვილის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. წინა სეზონში კი გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდების დაპირისპირება ოთხჯერ ეხილათ: ჩემპიონატის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა – გორში 0:0, თბილისში 2:2, თასზე კი უპირატესობა დინამოს მხარეზე იყო - გორული 0:0-ის შემდეგ “დინამო არენაზე” მასპინძლებმა ოთარ კაკაბაძის ეული გოლით მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ინტრიგა არც ხვალინდელ შეხვედრას აკლია, თქმა რად უნდა, სტადიონზე ქომაგი მრავლად მოვა და “თენგიზ ბურჯანაძეზე” ცარიელი ადგილები არ იქნება. 
გუშინ ორივე გუნდის ფეხბურთელებს შევეხმიანეთ და მომავალ თამაშზე გავესაუბრეთ...

მოგებათა სერიის შეწყვეტას არ ვაპირებთ

ოთარ კაკაბაძე (დინამო)

მართალია, გორში ლიდერის რანგში ჩადიხართ, მაგრამ უეჭველია, რომ იოლი თამაში არ გელით.

გორში თამაში ყოველთვის რთულია და სხვას არც ამჯერად ველით, თანაც, “ბურჯანაძეზე” ყოველთვის ენერგიული გულშემატკივრობა იციან. ვფიქრობ, დილა-დინამოს მაყურებლის სიმცირე არ ემუქრება. ჩვენი მიზანი კი, ცხადია, მხოლოდ გამარჯვებაა - ჩემპიონატი მშვენივრად დავიწყეთ და მოგებათა სერიის შეწყვეტას არ ვაპირებთ.

იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრად თამაშობთ და ფრეც კი შეგინარჩუნებთ პირველ ადგილს, ქულაც არ უნდა იყოს კატასტროფული შედეგი.

გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები მოედანზე, მაგრამ ახლა თითოეული დინამოელი მხოლოდ მოგებასა და მორიგ სამ ქულაზეა ორიენტირებული.

მიმდინარე სეზონში დილას უკვე მოუგეთ - სუპერთასზე...

იმ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან გვინდოდა, მოვინდომეთ და დამაჯერებლადაც მოვიგეთ, მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ის თამაში უკვე დავიწყებულია და ყველანი მომავალ შეხვედრებზე ვფიქრობთ. თავის მხრივ, ბუნებრივია, გორელები რევანშზე ფიქრობენ.

დილაში საკმაოდ ძლიერი ფორვარდები არიან - მოდებაძე და მარცვალაძე, შენ ფლანგზე კი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს...

გორელებს არაერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ და ამიტომაა მათთან თამაში ყოველთვის საინტერესო, მაგრამ არც ჩვენ გვაკლია კარგი ფეხბურთელები. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები კარგ თამაშს იხილავენ.

დინამოსთან თამაშისას ფინანსებზე არ ვფიქრობთ

ირაკლი მოდებაძე (დილა)

უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადახვალთ.

ვინაიდან ჩვენი მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა, ამ ბრძოლაში კი უმთავრესი კონკურენტი დინამოა, ამიტომ შაბათის მატჩს ყველანი განსაკუთრებულად მობილიზებულნი ვხვდებით. ჩვენც და დინამოელებმა ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, მთავარი შეხვედრა კი ახლა გველის. არ გვაქვს უფლება, ჩვენი ქომაგი შინ იმედგაცრუებული გავუშვათ.

საქართველოში დინამოსთან ყველა ფრთხილად თამაშობს, დილაც ერთი თავდამსხმელით ითამაშებს თუ აქცენტს შეტევაზე გააკეთებთ?

ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, ჩემი საუბარი ტაქტიკაზე უხერხული იქნება, თუმცა, როცა დინამოს დონის გუნდს ეთამაშები, დაცვაშიც და თავდასხმაშიც მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყო.

წინა სეზონში დინამოს ოთხჯერ ეთამაშეთ – ორ-ორჯერ ჩემპიონატსა და თასზე, მერე კი, უკვე ამ სეზონში - სუპერთასზეც. ამ ხუთ მატჩში მეტოქეს ვერცერთხელ ვერ მოუგეთ.

წინა ჩემპიონატში დინამოს შინ უგოლოდ გავეყარეთ, სტუმრად კი 2:2 ვითამაშით, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქულების თანაბრობის შემთხვევაშიც უპირატესობა ჩვენი იქნებოდა, თუმცა თასსა და სუპერთასზე წარმატება დინამოს დარჩა. მაგრამ ეს შეხვედრები უკვე ისტორიის კუთვნილება, ახლა კი უნდა დავამტკიცოთ, რომ დინამოს დამარცხება შეგვიძლია.

ითქვა, რომ დილაში ფინანსურად იდეალური სიტუაცია არ არის...

ეს სიმართლეა, მაგრამ იმედია, ამჯერადაც ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა გუნდში ისეთი განწყობაა და ისე ვართ შემართულები, რომ დინამოს თამაშის გარდა არაფერზე ვფიქრობთ.

პაატა ძნელაძე