აკაკი ხუბუტია სლოვაკეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. თანაც, ეს სადებიუტო მატჩშივე მოახერხა. როგორც იცით, ხუბუტია მიხალოვცეში გადავიდა და ამ გუნდმა გასულ უქმეებზე სტუმრად 1:0 მოუგო ტრნავის სპარტაკს. ეს სეზონში პირველი მოგება იყო მიხალოვცესთვის.
ხუბუტიამ ტრნაველებთან შეუცვლელად ითამაშა და მიხალოვცეს მწვრთნელ ფრანტიშეკ შტურმასგან ქებაც დაიმსახურა:
„ხუბუტიამ ჩვენს დაცვას საიმედოობა შემატა. ის გამოცდილი ფეხბურთელია, თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ უთამაშია“ - უთხრა მწვრთნელმა სლოვაკურ საიტს Sport.sk.
ტურის სიმბოლურშიც ამავე საიტმა შეიყვანა ქართველი მცველი. მიხალოვცედან ტურის თერთმეტეულში კიდევ ერთი მოთამაშე მოხვდა: მეკარე მიხალ კელემენი.
შეგახსენებთ, ხუბუტია თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას თითქმის შეუცვლელად თამაშობდა ნაკრებში და 20 მატჩიც მოუგროვდა.
ილია ნანობაშვილი