სიახლეები

სირბილაძემ გაიტანა, ლიპარტიამ ორჯერ გაატანინა

გაუზიარე

უკრაინის თასზე დავით თარგამაძემ გაიტანა. ეს მოახერხა ზირკა-ოლექსანდრიას შეხვედრის მე-40 წუთზე, რითაც ანგარიში 1:1 გახადა და მატჩი ასეც დასრულდა. წინ საპასუხო მატჩია. თარგამაძემ ოლექსანდრიას ძირითადში დაიწყო თამაში და 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო რაც შეეხება გოლს: საჯარიმო მშვენივრად შეასრულა, მაღალ კუთხეში გაიტანა. 

თარგამაძისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან საჭირო გოლია, რადგან ერთი წლის განმავლობაში უთამშებელი გახლდათ. ოლექსანდრიაში ორი კვირის წინ დაბრუნდა და ეს მისი მესამე მატჩი იყო, აქედან ძირითადში - პირველი. თუ ფორმას აღიდგენს, ამას რა აჯობებს. 

უკრაინის თასზევე, ვოლინმა სანდრო კობახიძის გარეშე 2:0 მოუგო მიკოლაევს. კობახიძემ ტრავმა თითქმის მოირჩინა, მაგრამ, ეტყობა, სათამაშოდ ბოლომდე მზად არ არის. დიდი ალბათობით, ჩემპიონატის უახლოეს ტურში გამოჩნდება. 

კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა ლუგანსკის ზორიას ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ. მან წინა ტურში დნიპროს გასვლაზე გაუტანა, ამჯერად კი თასზე ორი საგოლე პასი მიითვალა. ზორიამ სტუმრად 2:0 სძლია ხარკოვის ჰელიოსს და, როგორც უკვე ვთქვით, ორივე გოლი ჯაბას გადაცემის შემდეგ გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. 

თურქეთის თასზე რიზესფორმა ადლიესფორს 2:0 მოუგო და ნიკა ძალამიძემ შეუცვლელად ითამაშა. თასზე ჰო, მაგრამ ჩემპიონატის მატჩებში კვლავაც არ გაჰყავთ ძალამიძე. ალბათ, ჯერჯერობით. 

ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძემ გაიტანა, რომელიც გუშინწინ 33 წლისა გახდა. იარო-კუპსის გუშინდელ შეხვედრაში (1:1) სირბილაძემ 37-ე წუთზე შეაგდო. ირაკლიმ სრულად ითამაშა და ეს მისი მესამე გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში – 26 მატჩში. კუპსი მერვე ადგილზეა 12 გუნდს შორის.  

ილია ნანობაშვილი