სიახლეები

გიორგი ჭანტურია: რუსეთი შემეძლო, ევროპა ვარჩიე

გაუზიარე

გიორგი ჭანტურიამ გუშინ კონტრაქტი გააფორმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დუისბურგთან. ხელშეკრულება 1+2 წლიანია, ანუ ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელს შეეძლება, დაუბრკოლებლად გადავიდეს სხვა კლუბში - ეს იმ შემთხვევაში, თუ „ზებრები“ მესამე ბუნდესლიგაში გავარდებიან. 

ჭანტურიას მცირე ხნით გავესაუბრეთ, მანამდე კი გეტყვით, რომ დუისბურგმა გუშინ მერვე ტურის მატჩი გამართა და ბოლო ადგილი „გაიმყარა“. გუნდმა შინ 0:5 წააგო ბრაუნშვაიგთან და მხოლოდ 2 ქულა აქვს აქტივში. დუისბურგელთა ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა, 0:2-ზე შეიყვანეს მინდორზე. ამ დროს „ზებრებს“ ფეხბურთელი გაძევებული ჰყავდათ და 10 კაცით იყვნენ.

ახლა ისევ ჭანტურიაზე. კვირაზე მეტია, რაც გიორგი დუისბურგში ჩავიდა და საინტერესოა, რატომ დაგვიანდა კონტრაქტის გაფორმება.

„ჩემი ყოფილი კლუბიდან, კლუჟიდან ველოდებოდი საბუთს. ეს იყო მიზეზი, რომ დუისბურგთან კონტრაქტი ცოტა გვიან გაფორმდა“. 

იყო საუბარი, რომ ჭანტურიას ბოლო პერიოდში სხვა ვარიანტებიც ჰქონდა. მას კლუბები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ გვითხრა, რუსეთიდან მქონდა შემოთავაზებებიო:

„რუსეთის ორი კლუბიდან მქონდა წინადადება, მაგრამ ევროპაში თამაში ვარჩიე. დუისბურგი კარგი ტრამპლინი იქნება ჩემთვის. და კიდევ იმიტომ გადავწყვიტე გერმანიაში წამოსვლა, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს უფრო  მეტად გამოვადგები, ვიდრე აქამდე იყო. გერმანიაში დონეც საკმაოდ მაღალია“.

გიორგის სათამაშო ნომერი ჯერ არ აურჩევია, მაგრამ გვითხრა, 55-ე სკოლაში ვსწავლობდი და შესაძლოა, 55 ნომერი ავიღოო.

„რაც მთავარია, კარგად უნდა ვითამაშო და გუნდს მეორე ბუნდესლიგაში დარჩენაში უნდა დავეხმარო“.

ილია ნანობაშვილი