სიახლეები

მათე ცინცაძე: ახლა ესპანეთზე ვფიქრობთ

გაუზიარე
მათე ცინცაძემ, ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ყურადღებაც დაიმსახურა და თბილისის დინამოს ახალგაზრდა ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში დებიუტიც ჰქონდა.  

ხუთი ტურის შემდეგ დინამოს აქტივში ხუთი გამარჯვებაა, რაც მთავარია, თამაშის ხარისხი თანდათან უმჯობესდება.

ეს, უპირველესად, გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის დამსახურებაა. დინამო აქცენტს შეტევასა და სწრაფ თამაშზე აკეთებს და ფეხბურთელებიც ვცდილობთ, მატჩიდან მატჩამდე დავხვეწოთ ჩვენი თამაში, თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

მომდევნო ტურში ჩემპიონსა და მთავარ კონკურენტს, გორის დილას სტუმრობთ.

დილასთან თამაში იოლი რომ არ იქნება, ეს უეჭველია, თანაც, გორში ვთამაშობთ, მაგრამ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტს სტუმრად ვხვდებით, აქცენტს კვლავ ჩვენეულ თამაშზე გავაკეთებთ. იმაში კი გეთანხმებით, რომ მთავარი კონკურენტები სწორედ გორელები იქნებიან, სხვა რომელი გუნდი შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩართვას, ეს ჯერ ძნელი სათქმელია, ამის გასარკვევად კიდევ რამდენიმე ტურია საჭირო.

დინამოს გულშემატკივრებს დღემდე ვერ მოუნელებიათ გაბალასთან ბოლო წუთებზე განცდილი მარცხი, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანულმა გუნდმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია. ფაქტია, იმ პერიოდში დინამოს ჯერ კიდევ აკლდა შეთამაშება, გაბალა კი ამ შემადგენლობით რამდენიმე წელია, თამაშობს. როგორ ფიქრობ, ახლა რომ გაიმართოს ეს შეხვედრები, შეძლებდით გაბალას ბარიერის დაძლევას?

ვფიქრობ, ახლა გაბალას ორმატჩიან რაუნდში დავამარცხებდით, მაგრამ ცალსახად ამის თქმა მაინც ძნელია, რადგან აზერბაიჯანელებს ნამდვილად არ ჰყავდათ ურიგო გუნდი, რაც განსაკუთრებით საპასუხო შეხვედრაში გამოჩნდა.

ცალკე უნდა გკითხო ალექსანდრე იაშვილზე. მოედანზე როგორაა არ ვიცი, მაგრამ ტრიბუნიდან ისე ჩანს, რომ მასთან ერთად თამაში ახალგაზრდა დინამოელებისთვის  საინტერესოცაა, სასარგებლოც და სასიამოვნოც...

იაშვილი მართლაც სამაგალითო ფეხბურთელია თითოეული ჩვენგანისთვის. ამ დონის ფეხბურთი უთამაშია და ახლაც ყოველ ეპიზოდში ბოლომდე იბრძვის. მისგან ბევრს ვსწავლობთ და იმის თქმაც თამამად შემიძლია, რომ დღევანდელი დინამოსთვის იაშვილი დიდი ძალაა.

გარდა იმისა, რომ მოედნის ცენტრში დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებ, საკმაოდ კარგად გამოგდის საჯარიმო დარტყმებიც. ბევრი ცნობილი ფეხბურთელი ჯარიმების დასახვეწად ვარჯიშის მერეც რჩება და ამ კომპონენტზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ჩვენც ასე ვართ, ვარჯიშის მერე ვრჩებით და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სხვადასხვა სათამაშო ნიუანსი, მეც ამ დროს ვმუშაობ საჯარიმო დარტყმების დახვეწაზე.

ირლანდიასთან მატჩში შენი სანაკრებო დებიუტი შედგა. საინტერესოა, მოედანზე შესვლამდე რა გითხრა, რა დაგავალა კახა ცხადაძემ?

მითხრა, რომ არ მენერვიულა, ჩემი ფეხბურთი მეთამაშა და მეცადა, რომ ცენტრში ბურთი ჩვენ დაგვეჭირა. არ დავმალავ, სანამ თამაშში ჩავერთვებოდი, ვნერვიულობდი, პირველივე ბურთი დავკარგე კიდეც, მაგრამ ბიჭებმა გამამხნევეს და მერე ყველაფერი დალაგდა. დებიუტით, ბუნებრივია, ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ირლანდიიდან ქულის წამოღება ვერ შევძელით.

ოქტომბერში ნაკრებს ორი თამაში ელის - ჯერ თბილისში, გიბრალტართან, შემდეგ კი გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონებთან.

გიბრალტართან ფავორიტები კი ვართ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ნებისმიერ მეტოქესთან გმართებს სიფრთხილე და წინასწარ არასოდეს უნდა დააჯერო თავი, რომ მატჩი მოგებულია. გერმანიასთან შეხვედრაზე კი რა ვთქვა, მსოფლიო ჩემპიონები შინ ყველასთან ფავორიტები არიან, თუმცა მათაც ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე ბრძოლა მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსი სხვებსაც უჩნდებათ.

ეროვნულ ნაკრებში ახლა გქონდა დებიუტი, ახალგაზრდულ ნაკრებში კი ერთ-ერთი ლიდერი ხარ და ოქტომბერში ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გელით ესპანეთთან და ესტონეთთან. ამ შეხვედრებზე დიდად იქნება დამოკიდებული, შევძლებთ თუ ვერა ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას.

ესპანელებს, ეროვნულის მსგავსად, ახალგაზრდული ნაკრებიც საკმაოდ ძლიერი ჰყავთ, ჩვენთვის ეს ორი თამაში შეიძლება მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჯერ მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობთ და ვეცდებით, მეტოქის ძლიერ შემადგენლობას ჩვენი პლუსები დავუპირისპიროთ, ამის მერე კი ესტონელებზე გადავერთვებით.

პაატა ძნელაძე