სიახლეები

ჩვენი ქალები ჩეხეთისთვის დაირაზმნენ

გაუზიარე

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქალთა შორის ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართება საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის. მატჩი 19 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა. პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენები იტალიასთან სტუმრად 1:6 დამარცხდნენ. გუშინ კი, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა და ნაკრების კაპიტანი ტატა მატვეევა.

თამაზ კოსტავა: ასეთი დონის ტურნირში პირველად ვმონაწილეობთ და ამიტომაც გვაჯობეს ასე მასპინძლებმა. იტალიის სახით, ჩვენი მეტოქე იყო დალაგებული, დიდ სისწრაფეებზე მოთამაშე ნაკრები. ჩვენ კი, ასეთი რანგის თამაშების, ასეთ ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გამოცდილება არ გვაქვს და ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ მიმდინარე ტურნირში ჩვენთვის აუცილებელი გამოცდილება შევიძინოთ. 

შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ჩეხები რეიტინგში მე-15 ადგილზე არიან, იტალია მე-5, შევიცარია კი, ორივე ამ ნაკრებზე ძლიერია. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა დონის ჯგუფში ვართ, მაგრამ ჩვენი გოგონები ძალიან მონდომებულები არიან და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლებენ. მთავარი ამოცანა ისაა, რომ თამაშიდან თამაშამდე რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ჩვენ პრაქტიკულად 25 ფეხბურთელიდან გვიწევს ნაკრებისთვის მოთამაშეების არჩევა, მაშინ, როდესაც ჩვენი მეტოქეები ათასობით მოთამაშიდან ირჩევენ ნაკრებისთვის ფეხბურთელებს.

სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ ტარდება ქალთა შორის ჩემპიონატი და რეგულარული პრაქტიკა მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც საზღვარგარეთ თამაშობენ. დარჩენებთან კი, კვირაში ექვსჯერ გვაქვს ვარჯიშები, მაგრამ ვარჯიშები ნამდვილად ვერ შეცვლის იმ გამოცდილებას, რაც მხოლოდ თამაშებს მოაქვს. რამდენჯერმე ვეთამაშეთ ბიჭებს ამხანაგურ შეხვედრებში, მაგრამ ესეც საკმარისი ნამდვილად არ არის.

იტალიასთან თამაშის მერე ვაანალიზებთ იქ დაშვებულ შეცდომებს. მართალია, ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ ნამდვილად შეიძლებოდა ანგარიშში სხვაობა უფრო მცირე ყოფილიყო. გაშვებული ექვსი გოლიდან, ოთხი ბავშვური შეცდომის გამო მივიღეთ და ამის მიზეზი, სწორედაც რომ შესაბამისი გამოცდილების არქონაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იტალიელებმა შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე სამთვიანი სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. 

მთავარია, მოდის ახალი თაობა და მათ ინტერესი უნდა გავუღვივოთ. მაგალითად, ხვალ რომ წარმატებით ვითამაშოთ, შეიძლება მშობლებსაც გაუჩნდეთ იმის სურვილი, რომ თავისი გოგონები შემოიყვანონ ფეხბურთზე.  

თუ არსებობს ქალთა ფეხბურთის განვითარების გეგმა?

ჯერ არ ღირს ამაზე ლაპარაკი, რადგან წინ არჩევნებია. ამის შემდეგ კი, ამაზე უკვე დაწვრილებით შეიძლება საუბარი. ისე კი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში შეიქმნას გოგონათა გუნდიც. ასევე, ძალიან მისასალმებელი იქნება, თუ უმაღლესი ლიგის გუნდებს დაევალებათ გოგონათა თითო გუნდის შექმნა. ეს მისცემდა მძლავრ იმპულსს ჩვენში ქალთა ფეხბურთის მასობრივ განვითარებას. 

ჩემპიონატის ჩატარება რატომ არ ხერხდება?

ჩატარდა ჩემპიონატი ზუგდიდში, რომელშიც მონაწილეობა შვიდმა გუნდმა მიიღო და ტურნირის განმავლობაში შვიდივე გუნდი ზუგდიდში ცხოვრობდა. პირველობის ყველა თამაში ზუგდიდში ჩატარდა, რაც ნამდვილად არ არის სრულფასოვანი ჩემპიონატი, რადგან უპრიანი იქნება გუნდებმა შინ და გასვლაზე ითამაშონ. ასე ისინი უკეთ შეიგრძნობენ ნამდვილი ფეხბურთის გემოს.

თავიდან ხომ არ გაგიჭირდათ ქალთა ფეხბურთში გადასვლა?

ნამდვილად გამიჭირდა, რადგან რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტია. გოგოები უფრო ჯიუტები არიან და მათთან სხვანაირად გმართებს მოპყრობა, რომ საერთო საქმე არ დაზარალდეს.

მეტოქის თამაშების ვიდეოჩანაწერები თუ ნახეთ?

ჩეხეთის არა, იტალიის ნაკრების ჩანაწერები კი გვქონდა.

ჩეხებთან შეხვედრაში ფრე თუ იქნება მისაღები შედეგი?

მისაღები იქნება ყველა ის შედეგი, რომელიც წარმატებულად ჩაითვლება.

ტატა მატვეევა: ჯერჯერობით კარგ განწყობაზე ვართ, ვნახოთ როგორ წარიმართება უშუალოდ შეხვედრა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ასი პროცენტით დავიხარჯოთ მოედანზე. იმედია, გულშემატკივარიც მოვა სტადიონზე, რადგან ასეთი დონის თამაში თბილისში პირველად იმართება და, ბუნებრივია, ამის გამო განწყობაც შესაფერისი გვაქვს. თანაც, დასწრება თავისუფალია და იმედია გულშემატკივარი ქალთა ფეხბურთითაც დაინტერესდება.

საკმაოდ რთული ჯგუფია და ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს?

პირველ რიგში ის, რომ ასეთ მეტოქეებთან თითოეულ შეხვედრაში შესაბამისი გამოცდილება მივიღოთ. 

პრესკონფერენციის შემდეგ კი, საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელებმა მოედანზე გადაინაცვლეს და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ივარჯიშეს. ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დაწყებამდე, ვარჯიშის დაწყების წინ გოგონებს ჩვენი ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა გამოუცხადა მხარდაჭერა და გუნდთან ერთად სრულად ივარჯიშა. იაშკას რჩევები კი, ჩვენ გოგონებს ხვალ აშკარად გამოადგებათ. ჩვენების შემდეგ, უკვე ჩეხებმა მოსინჯეს მესხის სტადიონის მინდვრის საფარი და უკმაყოფილო არ დარჩენილან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თამაში დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებს უფასოდ შეეძლებათ.

პაატა ძნელაძე