სიახლეები

იაშვილმა ქალთა ნაკრები გაამხნევა

გაუზიარე

ცოტა არ იყოს, უცნაური ამბავი მოხდა გუშინ "მიხეილ მესხზე" საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ალექსანდრე იაშვილმა ივარჯიშა. ჩეხებთან დღევანდელი შესარჩევი მატჩის წინ გოგონებთან ვარჯიში იაშვილს ქალთა ნაკრების მწვრთნელმა თამაზ კოსტავამ სთხოვა... 38 წლის თავდამსხმელმა დილით დიღომში, თბილისის დინამოელებთან ერთად ივარჯიშა, საღამოს კი ქალებს შეუერთდა და ისინი დღევანდელი შესარჩევი მატჩის წინ გაამხნევა. 

მოედანზე ალექსანდრე იაშვილის გვერდით ყოფნა ჩვენი გოგონებისთვის მართლაც დამატებითი სტიმული გამოდგა და ისინი მწვრთნელების მითითებებსა თუ იაშვილის ტაქტიან რჩევებს მეტი ხალისით ასრულებდნენ და ითვალისწინებდნენ... 

_ 20 წელი გერმანიაში ვთამაშობდი და კარგად ვიცი, როგორი პოპულარულია იქ ქალთა ფეხბურთი. გერმანიაში დიდ ყურადღებას აქცევენ ქალთა ფეხბურთს და შედეგიც სათანადო აქვთ _ გერმანიის ქალთა ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სასიამოვნოა, რომ ქალთა ფეხბურთი ჩვენშიც პოპულარული ხდება. უკეთესი იქნება, თუ ქალთა ფეხბურთი საქართველოში მთლიანად პროფესიული გახდება და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა მხოლოდ მოყვარულთა დონეზე აღარ ითამაშებს, _ გვითხრა უჩვეულო ვარჯიშის შემდეგ ალექსანდრე იაშვილმა...

კობა ინასარიძე