სიახლეები

ლორია და კრილია – ხელი ხელს და ერთწლიანი კონტრაქტი

გაუზიარე

გიორგი ლორია ოფიციალურად გახდა სამარის კრილიას ფეხბურთელი. ის გუნდში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომელიც რუსულ პრემიერლიგაში ცხრა ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა. 

ლორია საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანეს და შესაძლოა, მომდევნო ტურშიც ითამაშოს - 27 სექტემბერს მოსკოვის დინამოსთან. თუმცა კრილიას 23-შიც ელის მატჩი, რუსეთის თასზე ტამბოვს ხვდება. კრილიას ძირითადი მეკარე ევგენი კონიუხოვი გახლდათ, თუმცა იმედია, ლორია სტატუსს ჩამოართმევს. თუმცა ჯერ მაინც ნაადრევია ამაზე საუბარი.

კარგია, რომ ლორიას უკლუბობას ბოლო მოეღო. გიორგიმ გასული სეზონი ბერძნულ ოფიში გაატარა, საიდანაც ოლიმპიაკოსში გადავიდა, თუმცა ორ თვეში კონტრაქტი გაწყდა. საქმე ისაა, რომ ლორიას ოლიმპიაკოსში მესამე მეკარედ მიიჩნევდნენ. ამას წინ უძღოდა შესაძლო ტრანსფერი, რომლის მიხედვითაც ქართველი გოლკიპერი შოთა არველაძის გაწვრთნილ ტრაბზონსფორში უნდა გადასულიყო. საბოლოოდ, თურქებთან შეთანხმება ვერ შედგა, ოლიმპიაკოსთანაც ხელშეკრულება გაწყდა და ლორია თავისუფალი აგენტი გახდა.  

კრილიაში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ქართველ ფეხბურთელებს, მათ შორის, კარგი სახელი დატოვეს დავით მუჯირმა, დავით გვარამაძემ და აწ გარდაცვლილმა ზურაბ ფოფხაძემ. ბოლოს კრილიაში ქართველთაგან ალეკო ამისულაშვილი თამაშობდა.

გიორგი ლორია: "ჩემი აქ გადმოსვლა გაიწელა, 20 დღე გაგრძელდა. კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. საქმე ისაა, რომ ნაკრებთან ერთად ვიყავი, იქ ვვარჯიშობდი, ინდივიდუალურად ვემზადებოდი საქართველოს ნაკრების მეკარეების მწვრთნელთან. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ. ვესაუბრე ამისულაშვილს, რომელიც აქ თამაშობდა. კრილიაში იყვნენ დავით მუჯირი და დავით გვარამაძეც. რაღაც-რაღაცები ნუკრი რევიშვილისგანაც შევიტყვე. ცალკე ინტერნეტიდანაც გავიგე კლუბზე და თამაშიც ვნახე. კარგი შთაბეჭდილებებია და ვნახოთ. რატომ ავირჩიე 17 ნომერი? სიმართლე გითხრათ, 77 მინდოდა, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა. ჩემმა მენეჯერმა აირჩია 17 ნომერი. ციფრი 7 ფიგურირებს, ესე იგი, კარგია. ძალიან მიყვარს შვიდიანი”.

ილია ნანობაშვილი