სიახლეები

ლანჩხუთში დელეგატის შემდეგ მწვრთნელიც დაითხოვეს

გაუზიარე

კახა გოგიჩაიშვილი ლანჩხუთის გურიას მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მიზეზი, ცხადია, გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახლავთ. გოგიჩაიშვილი, რომელიც ლანჩხუთელთა მწვრთნელად სეზონის დასაწყისში მიიწვიეს, სამსახურიდან სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაითხოვეს. მთავარ მწვრთნელთან ერთად წასვლა მის თანაშემწეებს _ გია იმნაძესა და 
გია ჩხაიძეს, ასევე მეკარეთა მწვრთნელ გია გოგუას მოუწევთ.  

საინტერესოა, რომ გურიას პრეზიდენტი და ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა და წარუმატებლობის გამო გურიას აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ჩხაიძე, სპორტული დირექტორი ედიშერ ჟორდანია და ფინანსური დირექტორი თენგიზ კიკვაძეც დასაჯა. ოთარ ჩხაიძეს არაორგანიზებულობის, თენგიზ კიკვაძეს ცუდი შედეგებისას ფინანსური სანქციების გამოუყენებლობის, ხოლო ედიშერ ჟორდანიას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 10-10 დღის ხელფასი დაექვითებათ. თუ უახლოეს მომავალში გურია შედეგს ვერ გააუმჯობესებს, მწვრთნელებს უკან დირექტორებიც მიჰყვებიან... 

კობა ინასარიძე