სიახლეები

კაშია გოლებს შეეჩვია, ვაკომაც გაიტანა

გაუზიარე

არნემის ვიტესმა ჰოლანდიის ერედივიზიონში შინ 3:0 მოუგო გრააფსჰაპთან და მეშვიდე ადგილზეა. ექვს ტურში უკვე მესამე გოლი გაიტანა გურამ კაშიამ, რაც მცველისთვის ბრწყინვალე შედეგია. კაშიამ თავურით გახსნა ანგარიში. გურამის გოლიდან რამდენიმე წუთში ვაკო ყაზაიშვილმაც გაიტანა - 18 წლის სოლანკეს კარგი პასის შემდეგ. ეს ყაზაიშვილისთვის პირველი გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში. 

მოკლედ, ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა ეს შეხვედრა. ისიც ვთვათ, რომ ყაზაიშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს.

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას დებიუტი შედგა, თანაც წარმატებული. ხუბუტიას მიხალოვცემ გასვლაზე 1:0 აჯობა ტრნავას სპარტაკს და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე აინაცვლა.  ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა. ისე, ცხრა ტური განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მიხალოვცემ კარი მშრალად შეინახა. ეს კლუბი უმაღლესი ლიგის დებიუტანტია.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დუისბურგმა შინ 0:1 წააგო ფრანკფურტთან და ბოლო ადგილზე დარჩა. დუისბურგელთა შორის ლაშა დვალი სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ჭანტურია ჯერ საჩემპიონატო განაცხადში არაა შეყვანილი.

მატჩ-ტრილერი შედგა რუსულ პრემიერლიგაში, კერძოდ, სარანსკში. მორდოვიამ შინ 4:6 წააგო მოსკოვის ცსკა-სთან, არადა, პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს უგებდა. ასე რომ, ნუკრი რევიშვილმა ექვსი გოლი გაუშვა, ოღონდ ვიდეორეპორტაჟის მიხედვით, ძნელია მას დააბრალო მარცხი: დაცვა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მორდოვიაში მამუკა კობახიძეს არ უთამაშია - სკამზე იჯდა. მორდოვია მეთორმეტე ადგილზეა.

კვიპროსის მეოთხე ტურში პაფოსმა გასვლაზე 1:2 წააგო ენოსისთან და 14 გუნდს შორის, მეთერთმეტეა. პაფოსში ხუთმა ქართველმა ითამაშა: როინ კვასხვაძე, გია გრიგალავამ და ნიკა გელაშვილმა სრულად, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილის ნაცვლად, 66-ე წუთზე ლევან ხმალაძე შევიდა.

უკრაინაში ვოლინი-დინამო კიევი (0:2) გამოტოვა სანდრო კობახიძემ, რომელსაც ტრავმა აქვს. ოლექსანდრია-კარპატი 4:1 დასრულდა, თუმცა გამარჯვებულთა შორის არ უთამაშია დავით თარგამაძეს (სათადარიგო), ხოლო სტუმართა შორის 41-ე წუთზე შევიდა მინდორზე ბუბა დაუშვილი. ოლექსანდრიაც და კარპატიც ცხრილის შუაში არიან.

ოდესის ჩერნომორეცმა კი, რომელიც ბოლოსწინა პოზიციაზეა, სტუმრად 1:1 ითამაშა ჰოვერლასთან. ოდესელთა შორის 90 წუთი გაისარჯა დავით ხოჭოლავა, ხოლო გიორგი გადრანი სკამზე გახლდათ.        

ილია ნანობაშვილი