სიახლეები

ლუკას ჰუფნაგელის გოლმა ფრაიბურგს ქულა მოუტანა

გაუზიარე

ფრაიბურგის ცენტრალურმა ნახევარმცელმა ლუკას ჰუფნაგელმა კარგი 30 წუთი ჩაატარა მეორე ბუნდესლიგის მატჩში და გოლიც გაიტანა ბოლო წუთზე. ფრაიბურგი შინ 0:2 აგებდა არმინიასთან და 2:2 დაასრულა. ბოლო გოლი 90-ე წუთზე სწორედ ჰუფნაგელის ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმოში მიიღო ბურთი და მარჯვენა კუთხეში ტექნიკურად, ზუსტად დაარტყა. 

ჰუფნაგელი მე-60 წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ფრაიბურგი ორი ბურთით აგებდა. მას შესვლიდან ერთ წუთში შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აუღო. ეს ჰუფნაგელის პირველი გოლია მეორე ბუნდესლიგაში. მის გამოძახებას კახა ცხადაძე აპირებს ეროვნულ ნაკრებში. ეს ნოემბრის ამხანაგურ მატჩში, ესტონეთთან. ცხადაძემ ამის შესახებ თავად გვითხრა, ასე რომ, ლუკას ეს გოლი, ეჭვი არ გვეპარება,  ნაკრების მთავარ მწვრთნელს არ გამორჩება.

დანიის ჩემპიონატში მათე ვაწაძემ ყოფილ თანაგუდნელს, ხორვატ მეკარე მარინ შკენდერს გაუტანა. ვაწაძე და შკენდერი ერთად თამაშობდნენ გორის დილაში. პარასკევს, დანიაში ორჰუსმა შინ 1:2 წააგო სონდერისკესთან და ვაწაძემ 28-ე წუთზე გაიტანა, რითაც ანგარიში 1:1 გახდა. მას კიდევ ორი შანსი ჰქონდა ამ შეხვედრაში, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ამ შეხვედრაში ვაწაძემ 82-ე წუთამდე ითამაშა და შეცვალეს. გოლს რაც შეეხება, მისთვის მესამე იყო მიმდინარე ჩემპიონატში. ორჰუსელთა მეორე ქართველი დავით სხირტლაძე კი 89-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ორჰუსი მეშვიდე ადგილზეა 9 ტურის შემდეგ.

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილის ფლორამ ტამეკას 2:1 მოუგო და კვლავაც ლიდერია, ერთი უსწრებს ლევადიას, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. წინ კიდევ ექვსი ტურია. ბელგარიშვილმა სრულად ითამაშა.

ყენია - ძირითადში პირველად და გოლიც პირველად 

ლევან ყენიამ ამ სეზონში პირველად ითამაშა პრაღის სლავიას ძირითადში და გოლიც გაიტანა. სლავიამ გასვლაზე 2:0 სძლია ზლინს, ყენიამ კი ანგარიში გახსნა, როცა 49-ე წუთზე თანაგუნდელის შორიდან დარტყმულს  ბურთს მიმართულება შეუცვალა. ყენიამ 78-ე წუთამდე ითამაშა. მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა.

ლევანს ტრავმა ჰქონდა და აქამდე იმიტომ არ უწევდა სლავიაში თამაში. ხუთი ტური გამოტოვა.

ჯაბა კანკავამ რეიმსი-პსჟ-ის შეხვედრაში (1:1)  შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა.  კანკავას ყველაზე ხშირად ხავიერ პასტორესა და მარკო ვერატის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა, არავის არაფერი დაუთმო. მე-4 წუთზე ჯაბამ გაფრთხილებაც მიიღო. რეიმსი საკმაოდ მაღლა, მეოთხე პოზიციაზეა.

საკვირველია, რომ ვერდერის მეორე გუნდში გიორგი პაპუნაშვილს საერთოდ არ ენდობიან.  ამჯერად შტუტგარტის დუბლებთან 18-კაციან განაცხადშიც არ ჰყავდათ. ეს ვერაა კარგი ამბავი...

ნორვეგიაში სტაბეკის ძირითადში იყო და 74-ე წუთამდე ითამაშა გიორგი გოროზიამ. სტაბეკმა 2:1 მოუგო ტრომსიოს, გოროზია კი 1:1-ზე შეცვალეს. სტაბეკი მეორე ადგილზეა.

პოლონეთში ლადო დვალიშვილის პოგონმა სტუმრად 1:1 ეთამაშა ტერმალიცას და მეორე პოზიციაზეა. დვალიშვილმა 86 წუთი გაატარა მინდორზე. ექსტრაკლასას ამ სეზონში პირველად მოხვდა ძირითადში.

აზერბაიჯანში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ინტერმა კვლავ მოიგო, ამჯერად აუტსაიდერ აზალ-ს 1:0 სძლია. ინტერი კი მეორე ადგილზეა. სვანაძის გუნდში შეუცვლელად ითამაშეს მეკარე გიორგი ლომაიამ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა, ხოლო ლაშა კასრაძეს ტრავმა აწუხებდა. აზალ-ში ბოლო 25 წუთი გაისარჯა გუნდის ახალწვეული სანდრო გურული.    

კვიპროსზე ომონია-ანორთოსისი 0:0 დასრულდა. ომონიაში უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ანორტოსისში კი ორივე ქართველი შეცვლაზე შევიდა: გიორგი აბურჯანია 73-ე წუთზე, ხოლო ირაკლი მაისურაძე - 85-ეზე. აბურჯანიასა და მაისურაძის გუნდი პირველ ადგილზეა ოთხი ტურის შემდეგ, ხოლო ომონია შუაში, მეშვიდეზე.

კვიპროსზევე, აშნამ შინ აია ნაპას 2:0 აჯობა. გამარჯვებულთა შორის ქართველებს არ უთამაშიათ: შოთა გრიგალაშვილი და ბექა ტუღუში სკამზე დარჩნენ. აშნა მეხუთე საფეხურზეა.

შოთას ტრაბზონსფორი გალას ვეღარ მოერია

შოთა არველაძის გაწვრთნილ ტრაბზონსფორს თურქეთის სუპერლიგაში ოთხ მატჩში 10 ქულა ჰქონდა, ანუ სამი მოგება და ერთი ფრე. ამჯერად კი წააგო. ტრაბზონელები შინ 0:1 დამარცხდნენ გალათასარაისთან. 83-ე წუთი იყო, როცა კამერუნელ სტეფან მბიას კარი აერია და ავტოგოლი მიითვალა.

შოთა ნამატჩევს ძალიან უკმაყოფილო იყო მსაჯობით. მატჩის არბიტრი ცნობილი ჯუნეით ჩექირი გახლდათ.

რიზესფორი მეოთხე ადგილზეა, ამჯერად ანთალიასფორს 5:1 მოუგო. რიზელთა შორის მხოლოდ ბოლო 8 წუთი ითამაშა ნიკა ძალამიძემ. ესეც, მისი პირველი თამაში იყო. საწყენია, რომ ძალამიძე ასე მცირე დროს ატარებს მოედანზე. ცნობისთვის,  ანთალიასფორში კამერუნელმა ვარსკვლავმა სამუელ ეტოომ 90 წუთი ითამაშა და საგოლე პასიც გაახერხა.

ილია ნანობაშვილი