სიახლეები

დინამოს ზედიზედ მეხუთე

გაუზიარე
20 სექტემბერი. თბილისი. დინამო არენა. 1000 მაყურებელი

დინამო-ზუგდიდი 3:1

1:0 გველესიანი (19), 2:0 ქვილითაია (56), 3:0 ქვილითაია (62), 3:1 ც. სამუშია (71)

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე (ჯიღაური 65), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (იაშვილი 57), ჭანტურიშვილი, არაბული (ჯანელიძე 61), ქვილითაია

სათადარიგოები: გუგეშაშვილი, ტვილდიანი, გურული, ლობჟანიძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ზუგდიდი: ჯომიდავა, თიბილაშვილი (ნარმანია 67), გავაშელიშვილი, ზ.მალანია, ჯავაშვილი, ქანთარია, ტყემალაძე (ს. მალანია 63), ქირია (თუთბერიძე 57), წყაროზია, ც.სამუშია, ბულია

სათადარიგოები: მამალაძე, გ.სამუშია, ელიავა, ჟვანია

მწვრთნელი: ბესო შეროზია

გაფრთხილება: ჯანელიძე (73), ჭანტურიშვილი (78), ბულია (85)

მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

თბილისის დინამომ გუშინ ჩემპიონატის ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და დამსახურებულადაც ლიდერობს ერთპიროვნულად. გია გეგუჩაძე ყოველ შეხვედრაში შემადგენლობის მცირე როტაციას ახდენს და ამჯერად თადარიგში ალექსანდრე იაშვილი და ჯაბა ჯიღაური დარჩნენ, რომლებიც მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდნენ.

ზუგდიდი კი გუშინდელ თამაშს, წესით კარგ განწყობაზე უნდა შეხვედროდა. მართალია, ბესიკ შეროზიას ფეხბურთელები ჩემპიონატში აუტსაიდერთა შორის არიან, სამაგიეროდ თასზე აჯობეს გასვლაზე გორის დილას 2:1 და ამით, განახლებული სეზონის მთავარი  სენსაციაც შემოგვთავაზეს.

თამაში თავიდანვე დინამოს ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით დაიწყო, თუმცა საგოლე მომენტებამდე საქმე ნაკლებად მიდიოდა. გამოსარჩევია ჭანტურიშვილის შორეული დარტყმა და ცინცაძეს ჯარიმა. საბოლოოდ, დინამოს უპირატესობა გოლში მაინც გარდაისახა. კიტეიშვილის ჩაწოდებული ჯარიმისთვის ბრძოლა გიორგი გველესინმა მოიგო და უბადლო თავურით ანგარიში გახსნა, 1:0.

ცოტა ხანში უკვე ლაშა პარუნაშვილს გაჰქონდა გოლი-მშვენება, მაგრამ საჯარიმოს გარედან მისი ლამაზად დარტყმულის შემდეგ ზუგდიდელები ხარიხამ იხსნა. ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ არაერთხელ შექმნეს ნახევრად-მომენტი, ჯერ კაკაბაძემ ააცილა მცირედით, შემდეგ არაბულის დარტყმული მეკარემ მოიგერია კუთხურზე. სტუმართაგან კი ყველაზე კარგი მომენტი ცოტნე სამუშიას ექმნებოდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ გიორგი თევზაძემ სისწრაფეში მეტოქე აშკარად დაჯაბნა და სიტუაციაც განმუხტა.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, დინამოელები სრულად აკონტროლებდნენ მოედანზე სიტუაციას. შედეგად გიორგი ქვილითაიმ მალე თევზაძის პასის შემდეგ ანგარიშში სხვაობა გაზარდა და შეხვედრას პრაქტიკულად ყოველგვარი ინტრიგა დაუკარგა. მოედანზე ალექსანდრე იაშვილის გამოჩენის შემდეგ კი თამაში გაცილებით ხარისხიანი გახდა. იაშკა მოედანზე რამდენიმე წუთის შესული იყო, საგოლე კომბინაცია რომ წამოიწყო. მან სამ მეტოქესთან ბრძოლაში შეინარჩუნა ბურთი და ჭანტურიშვილს მშვენიერი პასიც მიართვა, თავის მხრივ არც ჭანტურიშვილმა დააგვიანა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში, გოლი კი ქვილითაიას ანგარიშზეა. გიორგი თანდათანობით მშვენიერ ფორმაში შედის და ჩემპიონატში უკვე ხუთ გოლს მოუყარა თავი. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი მასპინძელთა დახმარებით გაიტანეს. ზაზა ჭელიძე ვარდნაში ცდილობდა ბურთის მოგერიებას, მაგრამ ბურთი ცოტნე სამუშიას მოხვდა და ისე აღმოჩნდა დინამოელთა კარის ბადეში. დარჩენილ დროში, მეტწილად სწორედ იაშვილის ეფექტური გადაცემებით, საგოლე შანსები კვლავ მასპინძლებს ექმნებოდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მომდევნო ტურში დინამო არა ტურის, არამედ პირველი წრის ცენტრალურ შეხვედრაში გორის დილას უმასპინძლებს. ზუგდიდი კი კიდევ ერთ-ერთ ლიდერ სამტრედიას დაუხვდება და იმერლებთან დაპირისპირებაში ეცდება პირველი გამარჯვების მოპოვებას.

პაატა ძნელაძე