სიახლეები

ცხინვალმა უპირატესობა გაანიავა, მაგრამ მაინც მოიგო

გაუზიარე
ცხინვალი-დინამო ბთ 3:1
20 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო). 500 მაყურებელი
1:0 ბაჩიაშვილი (6), 2:0 კაკუბავა (22), 3:0 ლექვთაძე (39), 3:1 ალბერტომედინა (52), 3:2 ბერიაშვილი (60)
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ბაჩიაშვილი, მახარობლიძე, ქარდავა, ცაცკრიალაშვილი (ქოჩლაძე 62), ლექვთაძე (ზ. ლობჟანიძე 80), ივანიშვილი (შულაია 66), კაჭარავა
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, ბეჭვაია, ბურძენაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო ბთ: ალავიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, ჭკუასელი, გოგიტიძე, ქავთარაძე, შონია, თევდორაძე (ვარშანიძე 85), ბერიაშვილი, ქათამაძე (ტეტუნაშვილი 11) ლუის ალბერტო
სათადარიგოები: აბუსელიძე, მახარაძე, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, ტაკიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ბაჩიაშვილი(19), ლექვთაძე (40), ბერიაშვილი (72), ქავთარაძე (79), კაკუბავა (80), ლობჟანიძე (90)
მსაჯი: ლევან კვარაცხელია

ეროვნულ ჩემპიონატსა და დავით ყიფიანის სახელობის თასზე ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ცხინვალმა გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონ ბათუმის დინამოს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში კოლოსალური უპირატესობა მოიპოვეს და შესვენებაზე სამბურთიანი სხვაობით გავიდნენ. თუმცა მეორე ტაიმში, ნაწილობრივ კონცენტრაციის დაკარგვისა და დიდწილად ბათუმის დინამოს კარგი თამაშის ხარჯზე, ცხინვალმა უპირატესობა გაანიავა და კინაღამ დაისაჯა. თუმცა მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. მატჩის დებიუტში კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა შეუტიეს და უკვე მეექვსე წუთზე შიდა ქართლელები მარცხენა მცველმა, ვაკო ბაჩიაშვილმა შორეული დარტყმით დააწინაურა. გიორგი ივანიშვილის კარგი თამაშის შემდეგ საჯარიმოდან ჯერ ცაცკრიალაშვილმა დაარტყა, თუმცა მას ალავიძემ აჯობა, ბაჩიაშვილის შორეულ დარტყმას კი დინამოელთა კაპიტანმა ვეღარაფერი მოუხერხა. 

ბაჩიაშვილის გოლის შემდეგ ბათუმის დინამომ შეუტია და მე-10 წუთზე ქავთარაძეს კარგი შანსი მიეცა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა. თევდორაძის მომენტიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა გატანა უკვე ბათუმელთა პორტუგალიელ თავდამსხმელ მედინას შეეძლო, რომელმაც შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა. მედინას მომენტის შემდეგ შანსი კვლავ ქავთარაძეს ჰქონდა, თუმცა ბათუმელთა შვიდიანს მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა. 22-ე წუთზე ცხინვალს ორბურთიანი უპირატესობა კაკუბავამ მოუტანა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველას ცხინვალელთა ცენტრალურმა მცველმა დაასწრო და ალავიძე უშანსოდ დატოვა. კაკუბავას გოლის შემდეგ ცხინვალს მესამე გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ლექვთაძის გოლამდე საკუთარი მომენტები ჯერ ცაცკრიალაშვილმა, შემდეგ კი კაჭარავამ ვერ გამოიყენეს.

ცხინვალმა ერთი კვირის წინ გორის დილასთან პირველ ტაიმში წააგო 0:3, ამიტომ კაჭარავას ფეხბურთელებს გამოცდილება უნდა ჰქონოდათ, რა მიზნითა და შემართებით უნდა ითამაშოს გუნდმა, რომელიც ასეთი ანგარიშით მარცხდება, ან პირიქით. ბათუმის დინამოს ერთადერთი შანსი მეორე ტაიმის დებიუტში გოლის შეგდება და თამაშის დაძაბვა იყო. შოთა ჭეიშვილის ფეხბურთელებმა ეს მისია ბრწყინვალედ შეასრულეს და მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში ანგარიშში სხვაობა უკვე მინინალური იყო. ცხინვალის კარი ჯერ მედინამ, შემდეგ კი ბერიაშვილმა აიღეს და საკუთარ გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩინეს. მედინამ გოლი სუხიაშვილის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა, ბერიაშვილმა კი საჯარიმოს გარედან ნახევარბრუნში დაბალი დარტყმით შეაგდო. ნადირაძეს არცერთ მომენტში არ ჰქონია შანსი. დინამოს გოლების შემდეგ მატჩი დაიძაბა, ორმხრივი, მწვავე თამაში გაჩაღდა და გულშემატკივარმა საკმაოდ სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. ბერიაშვილის გოლიდან რამდენიმე წუთში ივანიშვილს შეეძლო გატანა, თუმცა ერთი-ერთზე გასულს ალავიძემ აჯობა. მატჩის სცენარიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში მსაჯს რამდენჯერმე მოუხდა ყვითელი ბარათის ამოღება. ჯამში კი გაფრთხილება ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო. კარგი შანსი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ შულაიას, რომელიც ალავიძესთან პირისპირ გავიდა და ვერ გაიტანა. ბათუმელთა კიპერმა კიდევ ერთი კარგი სეივი შეასრულა. 75-ე წუთზე მედინას დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა საჯარიმოს კუთხიდან ძლიერი დარტყმით ხარიხას მოარტყა. რამდენიმე წუთში კი გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს, მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 

ცხინვალმა მეხუთე ტურში მესამე გამარჯვება მოიპოვა და მეექვსე ადგილზეა. ბათუმის დინამო კი 8 ქულით მერვე ადგილზეა. 

კახა კაჭარავა: “ჩემმა ფეხბურთელებმა იფიქრეს, რომ თამაში პირველი ტაიმის შემდეგ დასრულდა. ეს დიდი შეცდომა იყო და ეს ხასიათი ქართულ მენტალიტეტში ზის. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი იქნებოდა მნიშვნელოვანი და არ უნდა მოვდუნებულიყავით, თუმცა 2 გოლი მივიღეთ და თამაში დაიძაბა. მეორე ტაიმში გატანა ჩვენც შეგვეძლო, თუმცა რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ამ მატჩიდან კი სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ”.

ასლან ბალაძე: “თამაში ცუდად არ დაგვიწყია, თუმცა პირველ ტაიმში დაცვის ხაზში შეცდომები დავუშვით და სამი გოლი მივიღეთ. მეორე ტაიმში ამხელა სხვაობის აღმოფხვრა გაგვიჭირდა. შესვენების შემდეგ ცხინვალზე უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა ორი გოლი დადებითი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. თამაშიდან გამომდინარე ფრე ლოგიკური იქნებოდა, თუმცა ძლიერმა გაიმარჯვა. ცხინვალთან მატჩამდე ვიტ ჯორჯიასთან თასზეც წავაგეთ, ჩვენთვის ზედიზედ მატჩების წაგება კიჩვეულებრივი ამბავი არ არის. ამიტომ ამ თამაშებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და მომდევნო შეხვედრაშიხარისხის გაუმჯობესებას შევეცდებით”.

ოთო მუმლაძე