სიახლეები

დინამოს ზედიზედ მეექვსე მოგება

გაუზიარე
16 სექტემბერი. თბილისი. დინამო არენა. 300 მაყურებელი

დინამო-კოლხეთი 1:0

1:0 ჯიღაური (39)

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 8), კაკაბაძე, ფერეირა (გურული 46), ჭელიძე, გ.თევზაძე, ცინცაძე (პარუნაშვილი 83), კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, იაშვილი, ქვილითაია

სათადარიგოები: ტვილდიანი, ვოლკოვი, არაბული, საბა ლობჟანიძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ზ.თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, კაკულია (ჟიშკარიანი 56), სიჭინავა, გიგაური, გურეშიძე, კოშკაძე (გოგონაია 64), ქებურია (კუხალეიშვილი 62)

სათადარიგოები: ძაგანია, კვარაცხელია, შენგელია, პოლულიახი

მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გაფრთხილება: ჭელიძე (55)

მსაჯი: ლევან კვარაცხელია

დინამოელებმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგეს, თუმცა ამჯერად მხოლოდ მინიმალური სხვაობით აჯობეს ფოთის კოლხეთს – 1:0. მართალია წინ განმეორებითი თამაშია, რომელიც ლანჩხუთში გაიმართება და აქ ჯერ გარკვეული არაფერია, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ წყვილის უდავო ფავორიტად დინამო უნდა მივიჩნიოთ.

თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყო, უკვე მე-2 წუთზე შეეძლოთ მასპინძლებს დაწინაურება: ალექსანდრე იაშვილის უზადო გადაცემა, ჯაბა ჯიღაურმა ზუსტად დაარტყა, მაგრამ იმდენად სუსტად, რომ ბურთის დაუფლება არანაირი პრობლემა არ ყოფილა კოლხეთის გოლკიპერ სეფიაშვილისთვის. ერთ წუთში კი უკვე ფოთელებს შეეძლოთ დაწინაურება, მცველის დაგორებული ბურთის მოგერიება დააგვიანა ლიბორ ჰრდლიჩკამ და საბოლოოდ ბურთი ნიკა სიჭინავას გაარტყა. შედეგად, კინაღამ კურიოზული გოლის მომსწრენიც გავხდით, მაგრამ რენე ფერეირამ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. რენემ თავის შეკავება ვერ შესძლო და ჰრდლიჩკას მუხლი სახეში გაარტყა. 

ამ მომენტში სლოვაკი მეკარე გადარჩა, თუმცა ერთ წუთში დინამოს სლოვაკი მეკარე მორიგ ტრავმას მაინც ვერ გადაურჩა და მოედანიც ნაადრევად დატოვა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი პირდაპირ კარში წავიდა და მასპინძლები ძელმა იხსნა. დამატებაზე ფოთელებმა იმარჯვეს, თუმცა დინამოელებმა ბურთი კვლავ ცარიელი კარიდან გამოტანეს. შეტევა კვლავ გაგრძელდა და საბოლოოდ ჰრდლიჩკას და კოლხეთის ფეხბურთელის შეტაკებით დასრულდა, რის შემდეგაც გია გეგუჩაძეს მიმდინარე სეზონში, ვინ დათვლის უკვე მერამდენე, იძულებითი ცვლილების განხორციელება დასჭირდა. ლიბორ ჰრდლიჩკასთვის კი ეს ჩემპიონატი მართლაც, რომ დანავსულია, ჯერ იყო და პირველ ტურში თერჯოლის საპოვნელასთან შეხვედრისას მიიღო ტრავმა და მას შემდეგ მხოლოდ გუშინ დაუბრუნდა დინამოს კარს. და აი, კვლავ ტრავმა.

ამის შემდეგ თამაში შედარებით თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ჯერ იყო და ვახტანგ ჭანტურიშვილმა შორიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად, რამდენიმე წუთში კი დინამოს ყოფილი კაპიტნის ალექსანდრე კოშკაძის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე მერაბ გიგაური აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ბეგაშვილი ბურთს ადვილად დაუეფლა. ასევე გამოსარჩევია, ბოლო პერიოდში მშვენიერ ფორმაში შესული გიორგი ქვილითაის დარტყმა, რომელიც მეკარის ნადავლი გახდა. 

გოლი კი მართლაც ისეთი გამოვიდა, ნებისმიერი დონის შეხვედრას, რომ დაამშვენებდა. იაშვილის ბრწყინვალე პასის შემდეგ, ჯიღაურმა ჰაერშივე ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა – 1:0.    

მეორე ტაიმი ცოტა ხნის განახლებული იყო, მასპინძლებს მეორეს გატანა რომ შეეძლოთ. ოთარ კაკაბაძის ზუსტი პასი და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ოთარ კიტეიშვილს მართებდა გატანა -კოლხეთი ხარიხამ იხსნა. კარგი სანახავი იყო იაშვილ-ქვილითაია-ჯიღაურის სამსვლიანი კომბინაცია, მაგრამ ჯაბას ბოლო მომენტში ბურთი აებლანდა და სიტუაციაც განიმუხტა. ცალკე თემაა იაშვილის თამაში: ის არამრტო თამაშის ხარისხითაა მისაბაძი თავის ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის, არამედ მონდომებითაც. თამაშის განმავლობაში პრაქტიკულად არ არის მომენტი,  "იაშკამ" ბოლომდე არ იბრძოლოს და უბურთოდაც საკმაოდ ბევრს მოძრაობს. ის ყოველთვის სთავაზობს თანაგუნდელებს შეტევის გაგრძელების არაერთ ვარიანტს. 

საბოლოოდ, დინამომ დამსახურებულად მოიგო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში სტუმრებს გათანაბრება ნამდვილად შეეძლოთ. შეცვლაზე შესული ლევან კუხალეიშვილი ახლოდან ურტყამდა და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა სტუმართა შემტევს სიზუსტემ უმტყუნა.

საპასუხო შეხვედრა, როგორც აღვნიშნეთ, ლანჩხუთში 27 სექტემბერს გაიმართება და  ფოთელები ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ ორი მატჩის ჯამში დაამარცხონ ქართული საკლუბო ფეხბურთის ლიდერი. თუმცა ფავორიტი ვინც იყო, ფავორიტადვე რჩება. 

პაატა ძნელაძე