სიახლეები

დასტური – 3 ოქტომბრის შემდეგ

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრობის მოსურნე 24 გუნდის სურვილს ფეხბურთის ფედერაცია დააკმაყოფილებს, ოღონდ _ 3 ოქტომბრის ყრილობის შემდეგ _ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა 
შეგახსენებთ, რომ ბათუმის დინამო, საჩხერის ჩიხურა, თბილისის საბურთალო, ლანჩხუთის გურია, ქობულეთის შუქურა, თბილისის ლოკომოტივი, თერჯოლის საპოვნელა, ხობის კოლხეთი, ქედის ბეთლემი, ცხინვალის ლიახვი, წალენჯიხის სქური, ბორჯომი, ჩხოროწყუს სამეგრელო, ხონის იმერეთი, რუსთავი, ხარაგაულის ჩხერიმელა, ხელვაჩაურის მაჭახელა, ჭიათურა, ოზურგეთის მერცხალი, ტყიბულის მეშახტე, მარნეულის ალგეთი, ზუგდიდის ოდიში, წყალტუბოს სამგურალი და ზესტაფონის მარგვეთი დღესდღეობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრები არ არიან და, შესაბამისად, არც მოახლოებულ 3 ოქტომბრის ყრილობაზე აქვთ ხმის უფლება. ამ გუნდებს ხმის უფლება არც ფედერაციის წინა ყრილობაზე ჰქონდათ, არც იმის წინაზე და არც წინის წინაზე... ჩამოთვლილმა 24 კლუბმა ფედერაციის წევრის სტატუსი და, შესაბამისად, ხმის უფლება, მაინცდამაინც ახლა რატომ მოისურვა, ვფიქრობთ, იოლი მისახვედრია. ფედერაციის აღმასკომმა ამ კლუბების გაწევრიანების საკითხი უკვე ორჯერ განიხილა და გუშინ დაადგინა, რომ მათი მოთხოვნა 3 ოქტომბრის შემდეგ მოწვეულ უახლოეს რიგგარეშე ყრილობაზე აუცილებლად განიხილება და, სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება. 

მოკლედ, უკვე საბოლოოდ დადგინდა, რომ 3 ოქტომბრის ყრილობაზე ხმის უფლება კვლავაც 35 დელეგატს ექნება. ესენი არიან: 

შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ მერაბ თევზაძე
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ ოთარ კორღალიძე
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ მერაბ ჯიქია
გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ გოჩა ტყებუჩავა
კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ თენგიზ სულაქველიძე
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ გიორგი ღუდუშაური
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ გია გილიგაშვილი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ ხვიჩა ქასრაშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია _ დიმიტრი ჭანტურია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია _ მუხრან ვახტანგაძე
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია _ გიორგი აღდგომელიძე   
ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია _ ლაშა მინდელი
თბილისის ფეხბურთის ფედერაცია _ გრიგოლ ცაავა
ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი _ ნიკოლოზ ჩხეიძე
ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი _ ვაჟა ჟვანია
ქალთა ფეხბურთის ასოციაცია _ ნინო სორდია
ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა _ გერმანე გობეჯიშვილი
ფუტსალის ასოციაცია _ ზვიად ხაჩირიშვილი
მსაჯთა და დამკვირვებელთა კავშირი _ მერაბ მალაღურაძე
ბიჩ-სოკერის ასოციაცია _ გიორგი ხაჩიძე
ეზოს ფეხბურთის ასოციაცია _ ირაკლი ნაკაიძე
საფეხბურთო სკოლების ასოციაცია _ არჩილ არველაძე
ქუთაისის ტორპედო _ რამაზ ჩხიკვაძე
სამტრედია _ გია ომანაძე
დინამო თბილისი _ ნიკოლოზ ჯღარკავა
ზუგდიდი _ მალხაზ კუტალია
რუსთავის მეტალურგი _ კახაბერ მენთეშაშვილი  
ცხინვალი _ დავით ცაბაძე
ბოლნისის სიონი _ ლადო ბურდული
ზესტაფონი _ მიხეილ ხუციშვილი
თბილისის ვიტ-ჯორჯია _ გურამ რუხაძე
ფოთის კოლხეთი _ ირაკლი ლილუაშვილი
გაგრა _ ბესიკ ჩიხრაძე
გორის დილა _ გიორგი რევაზიშვილი
მარტვილის მერანი _ ფრიდონ ინჯია

აღმასკომის გუშინდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა ის სამი კანდიდატი, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ. ახალი არაფერია. საპრეზიდენტი კანდიდატი სამია: მამუკა კვარაცხელია, რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი. აღმასკომმა ასევე დაამტკიცა 3 ოქტომბრის ყრილობის საპროცედურო საკითხები.  

ამასობაში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც გუშინვე მიიღო უეფადან და რომლის ასლსაც, სავარაუდოდ, დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიიღებს. წერილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, გია ფირცხალავას სახელზეა გამოგზავნილი.

ძვირფასო ბატონო ფირცხალავა,

ვადასტურებთ თქვენ მიერ 2015 წლის 9 სექტემბერს უეფასთვის გაგზავნილი ორი წერილის მიღებას და მადლობას გიხდით 2015 წლის 3 ოქტომბერს გასამართი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო კონგრესის წინასაარჩევნო პროცესის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის. 

რაც შეეხება სფფ-ს წესდების და საპროცესო ნორმების სავარაუდო დარღვევებს სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებული წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში,  გვსურს ავღნიშნოთ, რომ: 

საკითხები, რომელიც ეხება სფფ-ს წევრობისთვის ან სფფ-ს კონგრესის დელეგატთა ნომინაციისთვის განაცხადებს, უნდა განხორციელდეს სფფ-ს წესდების და რეგულაციების თანახმად.
სფფ - როგორც მმართველი საფეხბურთო ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე – სრულად არის უფლებამოსილი, გამოიყენოს თავისი საწესდებო და მარეგულირებელი ჩარჩო-სამუშაო ისე, როგორც ამჟამად არის მოქმედი ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.

სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო პროცესში, მადლობელი ვიქნებით, თუ მიაწოდებთ ფიფას და უეფას უფრო დეტალურ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით გვინდა შეგახსენოთ, რომ ფიფას წესდების 17-ე მუხლის და უეფას წესდების 7(2) მუხლის თანახმად – ფიფასა და უეფას თითოეული წევრი ფედერაციის აღმასრულებელი ორგანო (მათ შორის პრეზიდენტი) თავისუფლად უნდა იყოს არჩეული, ე.ი. პროცედურის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სრულ დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში მიიჩნევა მიუღებლად როგორც ფიფას, ისე უეფას მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უეფა ითხოვს, რომ სფფ-მ შეატყობინოს წინამდებარე განხილვები ყველა შესაბამის სამთავრობო ორგანოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში შეწყდეს დაუყოვნებლივ.

პატივისცემით, ჯანი ინფანტინო, გენერალური მდივანი

3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უეფამ გამაფრთხილებელი წერილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მას შემდეგ მიმართა, რაც ფედერაციისგან მის საქმიანობაში სახელმწიფო სტრუქტურებიდან ჩარევის ნიშნებზე ცნობა მიიღო. უეფას ეს წერილი ერთგვარ გაფრთხილებად შეუძლიათ ჩათვალონ მათ, ვინც ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას აპირებს თუ უკვე ერევა... თავის მხრივ, უეფაში ჩვენთვის ჯერ უცნობი შინაარსის წერილი აქვს გაგზავნილი ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტობის მსურველ მამუკა კვარაცხელიას. 

...ხოლო მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი მოახლოებული ყრილობის საკითხებს თბილისში განიხილავდა, პრეზიდენტობის ერთ-ერთი მაძიებელი ლევან კობიაშვილი ფოთში ადგილობრივ კოლხეთსა და მის ქომაგებს ხვდებოდა, მამუკა კვარაცხელია კი აღმასკომის გადაწყვეტილებას ფედერაციასთან ელოდა.

კობა ინასარიძე