სიახლეები

ლეგიონი შაბათს: მხოლოდ გელაშვილმა გაიტანა

გაუზიარე

შაბათს მაინცდამაინც ბარაქიანი დღე არ ჰქონიათ ქართველ ლეგიონერებს. ბევრმა სულაც თამაში გამოტოვა: ზოგმა ტრავმის გამო, ზოგი სანაკრებო მატჩებში გადაღლილობის გამო და ზოგიც, უბრალოდ, მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხვდება განზე.

კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურში პაფოსმა შინ 3:0 სძლია ლიმასოლის არისს და შეხვედრის პირველი გოლი ნიკა გელაშვილმა გაიტანა. გელაშვილმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა. ეს მისი პირველი გოლია კვიპროსზე. პაფოსის ხუთი ქართველებიდან  მხოლოდ ლევან ხმალაძეს არ უთამაშია, ის სათადარიგო იყო.

გელაშვილმა, როინ კვასხვაძემ, ელგუჯა გრიგალაშვილმა და გია გრიგალავამ კი ძირითადში დაიწყეს. მათგან მხოლოდ გელაშვილი შეცვალეს, ისიც 77-ე წუთზე.  პაფოსს სამი ქულა აქვს - განვლი ორ ტურში ორივე მარცხი ჰქონდა. გოლს რაც შეეხება: ნიკამ საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთ მცველს გასცდა და დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ისე, კვასხვაძესაც რთული ბურთების მოგერიება მოუწია.

უჩა ლობჟანიძის ომონიამ შინ დოქსას ვერ მოუგო - 1:1. ლობჟანიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მის გუნდს 4 ქულა აქვს და მეშვიდეზეა.

და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ აპოელ-ზეც, რომელმაც ლარნაკას აეკ-თან  გასვლაზე 2:2 ითამაშა და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. აპოელი ორჯერ აგებდა.

აზერბაიჯანში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს ინტერმა ევროპის ლიგის ჯგუფში გასულ გაბალას 2:1 მოუგო და მესამე საფეხურზეა. ინტერში სამმა ქართველმა 90 წუთი ითამაშა: ზურაბ ხიზანიშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა კასრაძემ.

ინტერი, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, კარგ შედეგს აღწევს. აზერბაიჯანშიც ლიდერთა შორისაა და ევროპის ლიგაზეც ორი ეტაპი გაიარა, ხოლო მესამეში ისეთ გუნდთან გავარდა, ვერავინ დაძრახავს ამის გამო. ბილბაოზეა საუბარი.   

გიორგი პაპუნაშვილმა ვერდერის მეორე გუნდის მორიგი მატჩი სათადარიგოთა სკამიდან ნახა. ბრემენელებმა 0:3 წააგეს სონენჰოფთან. გამოტოვა მატჩი ბერძნულ ვერიაში გიორგი მერებაშვილმაც: ვერიამ შინ 0:3 წააგო პაოკ-თან. მერებაშვილი განაცხადში არ იყო. 

რუსეთი ყაზანის რუბინმა მოიგო, შინ 3:1 მოსკოვის ლოკომოტივთან და მე-11 ადგილზეა. საშინლად დაიწყო სეზონი საბა კვირკველიას გუნდმა. მათ 8 ტურში 6 მარცხი აქვთ და გუშინწინ მხოლოდ მეორედ მოიგეს. კვირკველიამ ლოკომოტივთან შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ საიმედოდაც.

უკრაინაში დავით თარგამაძის ოლექსანდრიამ ჩემპიონ კიევის დინამოსთან სტუმრად 0:3 წააგო. თარგამაძე 70-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. მისი გუნდი მე-11 ადგილზეა. უკრაინელთა ინფორმაციით, თარგამაძე აქტიურად ჩაერთო თამაშში და ოლექსანდრიამაც მისი ფლანგიდან რამდენიმე შეტევა განახორცილა, თუმცა მეტოქე ძლიერი იყო...

სლოვაკეთში არ შედგა აკაკი ხუბუტიას დებიუტი: უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ მიხალოვცეში გადასული ქართველი მცველი განაცხადს მიღმა იყო, რადგან ჯერ არ მიუღია თამაშის უფლება. მომდევნო კვირიდან ექნება. მიხალოვცემ შინ 1:3 წააგო სენიცასთან და ბოლოზე დარჩა.

ჯაბა კანკავაც მხოლოდ სათადარიგოთა სკამს დასჯერდა. რეიმსმა მის გარეშე ითამაშა ფრედ ტულუზასთან - 2:2. კანკავას სათადარიგობაა, ალბათ, მის სანაკრებო თამაშებს და გადაღლილობას უნდა დავაბრალოთ. რეიმსი კი ლიდერთა შორისაა, რასაც ნაკლებად თუ ელოდა ვინმე.

ლევან ყენიაც სათადარიგო იყო პრაღის სლავიასა და ბოლესლავის მატჩში (1:1). სლავია მეხუთე ადგილზეა.

და კიდევ, უზბეკეთის ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა კახა მახარაძის ფახთაქორმა, რომელმაც დერბიში 2;1 სძლია ლოკომოტივს და 5-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. წინ კიდევ ცხრა ტურია, თუმცა ფახთაქორი აშკარა ფავორიტია.

დაახლოებით იგივე ითქმის ზაქარია ბეგლარიშვილის ფლორაზე, რომელმაც კალევს 3:1 აჯობა და ლევადიას გადაუსწრო. ფლორა ერთქულიანი ფორითაა პირველ ადგილზე. ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი გაახერხა. 

ილია ნანობაშვილი