სიახლეები

გურამ კაშია: გააქვს, მაგრამ აგებს

გაუზიარე

5 მატჩი, 2 გოლი – ასეთია გურამ კაშიას სტატისტიკა ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში. არნემის ვიტესმა უტრეხტთან სტუმრად 1:2 წააგო და ეს ერთადერთი გოლი კაშიამ გაიტანა: კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მიიღო და ახლოდან შეაგდო. ამ გოლით ანგარიში 1:1 გახდა. 

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო მინდორზე. ვიტესი მეშვიდე ადგილზეა.  

პოლონეთის მერვე ტურში ლადო დვალიშვილის პოგონმა ლიდერ პიასტს 3:1 მოუგო. დვალიშვილმა ბოლო 35 წუთი ითამაშა, 1:1-ე შევიდა მინდორზე, თუმცა გოლი, ან საგოლე პასი არ გაუკეთებია. პოგონი მეორე ადგილზეა. 

ბელგიაში გენკმა სტუმრად 0:0 დაასრულა მატჩი ანდერლეხტთან. ლუკა ზარანდია ტრავმირებულია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 88- წუთზე შევიდა მინდორზე. ძალიან მცირე დროა...გენკი მეშვიდე პოზიციაზეა. 

ნორვეგიაში რუსენბორგი-სტაბეკი 1:0 დასრულდა და მასპინძლები, ფაქტობრივად, ჩემპიონები არიან. სტაბეკი კი, სადაც გიორგი გოროზია თამაშობს, მეორე ადგილზეა. გოროზიამ რუსენბორგთან ბოლო 30 წუთი ითამაშა. 

კვიპროსზე ანორთოსისმა შინ 3:0 სძლია ეთნიკოსს. ანორთოსისში ირაკლი მაისურაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო გიორგი აბურჯანია 73-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ისე, ქართველებს ამ ტურამდე პრაქტიკის ნაკლებობა არასოდეს ჰქონიათ. ეთნიკოსში კი შოთა გრიგალაშვილმა ითამაშა, თანაც ცხრათვიანი შესვენების შემდეგ... გრიგალაშვილს ტრავმა აწუხებდა. შოთამ ბოლო 20 წუთი ითამაშა. ეთნიკოსში ბექა ტუღუშიც ირიცხება, თუმცა სათადარიგოებში დარჩა. 

ანორთოსისს სამ ტურში 9 ქულა აქვს და ლიდერობს, ხოლო ეთნიკოსი 4 ქულით ცხრილის შუაშია. 
თურქეთში რიზესფორი-სივასფორი 1:1 დასრულდა. რიზელთა შორის კვლავ სათადარიგო იყო ნიკა ძალამიძე. საინტერსოა, რომ ნიკას ჯერ ერთხელაც არ უთამაშია თურქეთის ჩემპიონატში და რისთვის შეიძინეს იაგელონიადან, რთული სათქმელია. 

ტრავმის გამო, რუსეთში სპარტაკი-როსტოვის მატჩი (1:0) გაუცდა ჯანო ანანიძეს. 

უკრაინაში ვოლინმა სანდრო კობახიძის გარეშე აჯობა ოდესის ჩერნომორეცს – 2:1. კობახიძეს ტრავმა აწუხებს. ჩერნომორეცში კი დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა (გაფრთხილებაც მიიღო), ხოლო გიორგი გადრანმა ბოლო 5 წუთი გაატარა მინდორზე. 

კარპატი-ზორია 1:1. ლვოველთა შორის სათადარიგოებში დარჩა ბუბა დაუშვილი, ჯაბა ლიპარტია კი 76-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. ვოლინი მეოთხეზეა, ზორია მეხუთეზე, კარპატი მეშვიდეზე, ხოლო ჩერნომორეცი ბოლოსწინა ადგილს იკავებს. 

ილია ნანობაშვილი