სიახლეები

ლადო მოხევიშვილი: წინსვლისთვის „ანდრეს ინიესტაზე“

გაუზიარე

19 წლის ნახევარმცველი ლადო მოხევიშვილი უცხო არაა ქართველი გულშემატკივრებისთვის. ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ჰყავდა გიორგი დევდარიანს და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მაგალითად, კვიპროსს გოლიც გაუტანა შარშანდელ საკვალიფიკაციო ეტაპზე. 

მოხევიშვილი ესპანეთში იზრდება. ოთხი წელი იყო ვალენსიური ლევანტეს აკადემიაში და ასაკობრივ გუნდებში, ამ ზაფხულს კი ალბასეტეში გადავიდა, სადაც უკვე სარეზერვო გუნდში უწევს გამოსვლა. 

ლადოს ალბასეტეში დავუკავშირდით: 

ალბასეტე ბ ესპანეთის მესამე, ტერსერა დივიზიონში თამაშობს...

ეს ჩემი პირველი სეზონია მესამე ლიგაში. ჯერ მხოლოდ სამი ტური ჩატარდა და სამივეში შეუცვლელად ვითამაშე. 

ალბასეტეს პირველი გუნდი სეგუნდა დივიზიონშია და პრიმერაშიც ხშირად უთამაშია. იქ გადასვლის პერსპექტივას თუ ხედავ?

პირველ გუნდში გადასვლის პერსპექტივა რეალურია. მომავალ წელს, აგვისტოში სწორედ ალბასეტეს მთავარ გუნდში ვივარჯიშებ. ეს წინასწარ ცნობილია. 

კონტრაქტში წერია ასე?

დიახ. სანამ მესამე ლიგის თამაშები დაიწყება, მანამდე ალბასეტეს მთავარ გუნდში გავივლი შეკრებას და მწვრთნელს თუ მოვეწონე, დამიტოვებს. 

საყრდენ ნახევარმცველად თამაშობ თუ სხვა პოზიციაზე?

როგორც წესი, საყრდენის წინ ვთამაშობ, ტიპიურ ცენტრალურ ნახევარმცველად, თუმცა საყრდენადაც მაყენებენ, როცა კაცი გვაკლია. 

ლევანტეში იყავი და რატომ გადახვედი ალბასეტეში? 

ტრავმა მივიღე და გამომიშვეს. ტრავმის გამო ერთი წელი, როგორც იტყვიან, გაჩერებული ვიყავი. 

ალბასეტე ანდრეს ინიესტას მშობლიური ქალაქია და წარმოგვიდგენია, როგორ უყვართ.

სტადიონს, სადაც მე ვვარჯიშობ, „ანდრეს ინიესტა“ ჰქვია. რა თქმა უნდა, ძალიან უყვართ და გულშემატკივრობენ. ის ამ ქალაქში უზომოდ პოპულარულია.

ცნობილია, რომ ინიესტა ფინანსურად დაეხმარა ალბასეტეს...

დიახ, ეს ერთჯერადი დახმარება არ ყოფილა. ახლაც ეხმარება. 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში საკვალიფიკაციო ეტაპზეც და ელიტრაუნდშიც ყველა მატჩი ჩაატარე. რა შთაბეჭდილება დაგიტოვა გიორგი დევდარიანის გუნდში თამაშმა? 

ძალიან კარგი, პერსპექტიული შემადგენლობა გვყავს 1996 წელს დაბადებულებში. ნიჭიერი ფეხბურთელების მთელი ჯგუფია და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. 

ილია ნანობაშვილი