სიახლეები

ლაშა დვალი: მინდა, დუისბურგის ლიდერი გავხდე

გაუზიარე

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დუისბურგის ქართველი ახალწვეული ლაშა დვალი უახლოეს ტურში ზანქტ პაულის წინააღმდეგ სტუმრად გასამართი მატჩისთვის ემზადება. 20 წლის ქართველმა მცველმა ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ მენეჯმენტისა და მწვრთნელისგან კარგი დახასიათება დაიმსახურა. ლაშამ დუისბურგის შემადგენლობაში უკვე ითამაშა ერთ ამხანაგურ მატჩში. ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან სტუმრად ჩატარებული მატჩის შემდეგ დვალმა 5 სექტემბერს ბელგიური სტანდარდის წინააღმდეგ ითამაშა. ახლა კი, როგორც ინტერვიუში გვითხრა, მეორე ბუნდესლიგაში თავის დამკვიდრებისა და დუისბურგის ლიდერობისთვის ემზადება. დვალს გუშინ გერმანიაში დავუკავშირდით და მეტწილად მის ახალ კლუბზე ვესაუბრეთ.

დუისბურგში ჩამოსვლის შემდეგ ფიურტთან მატჩს დავესწარი და სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროსგან მიღებული შთაბეჭდილების დღემდე არ მავიწყდება. ფიურტთან მატჩში ჩემი ახალი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გავუშვით. მინდა, ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გავიარო და დუისბურგს წარმატებულ თამაშში დავეხმარო.

შემოთავაზებების მიუხედავად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდმა ისე გაიარა, შენი ტრანსფერი ძალიან გაჭიანურდა. როგორ გამოჩნდა დუისბურგის ვარიანტი?

სატრანსფერო პერიოდში მართლაც ბევრი ვარიანტი იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენჯერმე ტრანსფერი ჩაიშალა. სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა, როცა აგენტები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი ტრანსფერით დუისბურგი იყო დაინტერესებული. პირობების გაცნობისა და წინადადების განხილვის შემდეგ მალევე გადავწყვიტე გერმანიაში გადასვლა, რადგან ბევრი დრო აღარ მქონდა. მეორე ბუნდესლიგა მაღალი დონის ჩემპიონატია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ საკუთარი თავი და შესაძლებლობები მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო. მინდა, დუისბურგში თავი დავიმკვიდრო როგორც ლიდერმა.

იმის გათვალისწინებით, რომ დუისბურგში რამდენიმე დღის წინ გადახვედი, რამდენად ხარ მზად მომავალ მატჩში სათამაშოდ?

კონდიციებს არ ვუჩივი და ზანქტ პაულთან თამაში სრული დატვირთვით შემიძლია. ვიქნები თუ არა მომავალი მატჩის განაცხადში, ამას მთავრი მწვრთნელი გადაწყვეტს. მინდა, სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, აქ ამიტომ ვარ. ადაპტაციისთვის, ალბათ, დრო დამჭირდება, თუმცა აქ გადმოსვლის შემდეგ არანაირი პრობლემა არ შემქმნია და ყველაფერი კარგადაა. უკვე დავბინავდი კიდეც და  მთლიანად ვარჯიშებსა და თამაშებზე ვარ კონცენტრირებული.

დუისბურგი მესამე ლიგიდან მეორე ბუნდესლიგაში წელს გადმოვიდა. რა მიზნები გაქვთ ამ სეზონში?

დუისბურგთან ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაგრამ პერსპექტივაში შესაძლებელია, ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაგრძელდეს. მინდა, ამ დროის განმავლობაში გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო მიზნების მიღწევაში. კარგი ახალგაზრდა იტალიელი მწვრთნელი გვყავს, რომელიც აქცენტს ბურთის კონტროლსა და შემტევ ფეხბურთზე აკეთებს. ვფიქრობ, ფეხბურთელების დონისა და შესაძლებლობების გათვალისწნებით, წელს მიზანი მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. მთავარია, მწვრთნელის მითითებები სწორად შევასრულოთ, მაშინ ეს შეუსრულებელი მისია არ იქნება.

შენს ახალ კლუბს კარგი ბაზა და სტადიონი აქვს. ქალაქი როგორ მოგეწონა?

დუისბურგი პატარა ქალაქია, მაგრამ ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს. 35 000-იანი სტადიონი აქვს ჩვენს გუნდს და ბოლო თამაშს 25 000 ადამიანი დაესწრო. სტადიონზეც და ქალაქშიც საფეხბურთო გარემოა და იგრძნობა, რომ აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიაში სასურველად ვერ ითამაშა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. შენი აზრით, რა უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში და რა მიზანი ექნება ნაკრებს ესპანეთთან შინ გასამართ მატჩში?

მთავარი პრობლემა შეთამაშებაა. მოედანზე ერთმანეთს კარგად თუ გავუგებთ, შედეგიც უკეთესი გვექნება. ორი აზრი არ არის, რომ მეტი შეგვიძლია და ამ ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს. ხორვატიაში წაგების შემდეგ ესპანეთთან წარმატებული თამაშისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიბრძოლოთ, ბრძოლა კი, იმედია, წარმატებას მოგვიტანს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუისბურგში შენ გარდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურიაც ითამაშებს. რა იცი შენ ამის თაობაზე?

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გიო დუისბურგში არ არის. სხვას ვერაფერს ვიტყვი.

ოთო მუმლაძე