სიახლეები

გურამ კაშია - მორიგი აღიარება ვიტესში

გაუზიარე

გურამ კაშია არნემის ვიტესის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კლუბის გულშემატკივართა გამოკითხვით, აგვისტოს რჩეული გუნდის ქართველი კაპიტანია. კაშიამ აგვისტოში ჰოლანდიის ჩემპიონატის ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა: კამბურთან 4:1 მოგებულ მატჩში ბოლო წუთებზე. 

კაშია 2010 წლის ზაფხულიდანაა ვიტესში და გუნდის ლიდერიც გახლავთ. ის არაერთხელ მოხვედრილა ჰოლანდიის ერედივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში და ორჯერ სეზონის სიმბოლურშიც შეიყვანეს. 

“ჩვენი თამაში” დაახლოებით ერთი თვის წინაც წერდა, რომ კაშიასა და ვიტესს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმებაა მოსალოდნელი. ქართველს გაისად, ზაფხულში უმთავრდება ხელშეკრულება და კლუბი გაგრძელებას სთავაზობს, რაზეც გურამიც არაა წინააღმდეგი.

“მიხარია, რომ კლუბი მაფასებს და სასარგებლო ფეხბურთელად მიმიჩნევს. აქ ბედნიერი ვარ. არნემში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ასე რომ, დიდხანს დარჩენაზე თანახმა ვარ” - თქვა კაშიამ. 

შეგახსენებთ, კაშიამ განვლილ ორივე სანაკრებო მატჩში ითამაშა: შოტლანდიასთან შეუცვლელად, ხოლო ირლანდიასთან 75-ე წუთამდე. 

ილია ნანობაშვილი