სიახლეები

წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სათადარიგო სტადიონი მოეწყო

გაუზიარე

წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სათადარიგო სტადიონი მოეწყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ წაყალტუბოში ფიფას სტანდარტების ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოაწყო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ახალი სტადიონი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორის მოადგილემ, ირაკლი კუპრავამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ახალაძემ დაათვალიერეს. 

სტადიონის ფართობი 7280 კვადრატული მეტრია და მისი მშენებლობა ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა. სტადიონზე დაიგო, დაიხაზა და მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა გასახდელები, სველი წერტილები, დამხმარე ნაგებობები; სტადიონის მიმდებარედ მოეწყო 6500 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოსადგომი, დამონტჟდა განათების ბოძები. სტადიონი კომფორტულია როგორც ვარჯიშების, ისე - შიდასაჩემპიონატო მატჩების ჩასატარებლად. 

პროექტის ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა. მშენებლობაზე 34 ადამიანი იყო დასაქმებული. წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების ახალ სათადარიგო მოედანზე დღეს წყალტუბოს სამგურალსა და რუსთავს შორის საფეხბურთო მატჩი ჩატარდა.