სიახლეები

ცხრამეტწლამდელები შვეიცარიისთვის ემზადებიან

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა U19-ის ნაკრები 14 სექტემბერს  შვეიცარიაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უეფას U19-ის ქალთა ევროპის 2015/16 წლების ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

ასპარეზობა 15–20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ქართველი ცხრამეტწლამდელები პირველ შეხვედრას ისლანდიის ნაკრებთან 15 სექტემბერს გამართავენ. თამაში თბილისის დროით 17:00 დაიწყება და მატჩის ტრანსლიაციის ხილვა www.football.ch –ს დახამრებით იქნება შესაძლებელი.

ისლანდიელთა გარდა, ქართველებთან ერთად ჯგუფში, ტურნირის მასპინძლები შვეიცარიისა და საბერძნეთის ნაკრები გუნდები ასპარეზობენ. ქართველი გოგონები შვეცარლებს 17 სექტემბერს თბილისის დროით 20:00, ხოლო ბოლო შეხვედრას ბერძნებთან 20 სექტემბერს 17:00 გამართავენ.

ამჯამად, ქართველი გოგონები მთავარი მწვრთნელის გერონტი ნაჭყებიას მეთვალყურეობით, შეკრებას  ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადიან. შვეიცარიაში გასამგზავრებლად შეკრებაზე გამოძახებულები არიან: მეკარეები: გარაჟანკინა ვერონიკა (ბათუმი), ჯიჯეიშვილი თინათინი (ლანჩხუთის „გურია“), მცველები: ჯანელიძე ანა (კლუბი „ქუთაისი“), შახულიანი ქრისტინე (ქუთაისი), ჩხარტიშვილი ნინო (გურია), გვასალია ნინო (კლუბი „სენაკი“); ნახევარმცველები: მარიამ დანელია (სს 35-ე), ჩანგელია ნინო (ფოთი), ანთაძე დარინა (კლუბი „ქობულეთი“), ჭაუტიძე ოლია (ქუთაისი), ხერგიანი კესო (ზუგდიდის „ბაია“), კევლიშვილი ნატო (ახმეტა), დოლიძე თამარი (ბათუმი), თავდიშვილი თამუნა (გურია), მახარაძე ანა (ქობულეთი); თავდამსხმელები: ხარაიშვილი ეკატერინე (სს 35-ე), ნაკვეთაური ნადეჟდა (ახმეტა), თათია დუმბაძე (Pateadores GU18, აშშ).

შეგახსენებთ, რომ 19 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება: შესარჩევი, ელიტრაუნდი და ფინალური ეტაპი. საკვალიფიკაციო (შესარჩევი) ეტაპიდან ელიტრაუნდში 11 ჯგუფურ ტურნირში გამარჯვებული 11 გუნდი და 10 საუკეთესო მეორე ადგილოსანი გავა, რომლებსაც რეიტინგების სამი ლიდერი გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი დაემატებიან.

ელიტრაუნდი 2016 წლის აპრილში გაიმართება სადაც ექვსი, 4–4 გუნდიანი ჯგუფიდან გამოავლენს საუკეთესოებს, რომლებიც უკვე ფინალურ ეტაპზე ისაპარეზებენ. ფინალში ელიტრაუნდის 6 საუკეთესოს კიდევ ერთი, ელიტრაუნდში საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი და ერთიც U19-ის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება. ქალთა შორის U19-ის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი სლოვაკეთში ჩატარდება.

ისევე, როგორც მამაკაცთა შორის  ქალებშიც გერმანული ფეხბურთი დომინანტია ევროპაში, განურჩევლად ასაკობრივი ჯგუფებისა. ქალთა შორის უეფას U19–ის ევროპის სარბიელზე, რომელიც სათავეს ოფიციალურად 2002 წლიდან იღებს გერმანელები   4–ჯერ (2002, 2006, 2007, 2011) გახდნენ ჩემპიონები. ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონის ტუტული 3–ჯერ (2003, 2010, 2013) საფრანგეთის ნაკრებს აქვს მოგებული. თუმცა, რამდენიმე დღეში ეს ბალანსი შესაძლოა შეიცვალოს. თუკი ისრაელში მიმდინარე ქალთა შორის U19 ევროპის ჩემპიონატზე ფრანგები წარმატებას მიაღწევენ.

 

სფფ–ის პრესსამსახური