სიახლეები

ირაკლი სიხარულიძე: ცეცაძის ხელში შედეგი გვექნება

გაუზიარე

მკითხველმა იცის, რომ უმაღლეს ლიგაში გასული წლის დებიუტანტმა სამტრედიამ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელების მთლიანი კონტიგენტი შეცვალა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე დანიშნა. იმერული გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს თასის ფინალში გააღწია, მიმდინარე სეზონში თავიდან ბოლომდე სახეცვლილია. ცეცაძემ სამტრედიაში ძირითადად ის ფეხბურთელები მიიწვია, ვინც სხვადასხვა დროს მის გაწვრთნილ ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდნენ. ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან სამი ტურის შემდეგ კი სამტრედიას ლიდერად და მთავარ ბომბარდირად ირაკლი სიხარულიძე მოგვევლინა, რომელსაც გასულ სეზონში მძიმე პერიოდი ჰქონდა. სიხარულიძე ჯერ ფინანსურ კრიზისში მყოფი მეტალურგიდან ზესტაფონში წავიდა, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე გაუცდა, ზესტაფონი კი სულაც შუა სეზონში დაიშალა და ირაკლიც უგუნდოდ დარჩა. სიხარულიძემ ჩემპიონატის საწყის სამ ტურში 4 გოლი შეაგდო, რაც რიგით მაჩვენებლად ვერ ჩაითვლება. როგორც ის ამბობს, მძიმე პერიოდი უკან მოიტოვა და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. 

,,სამტრედიამდე ზესტაფონში ვიყავი, სადაც 4 ჩატარებულ მატჩში სამი გოლი შევაგდე, თუმცა შემდეგ ზესტაფონმა ჩემპიონატში თამაში შეწყვიტა და უგუნდოდ დავრჩი. ამას სერიოზული ტრავმა დაემატა და საკმაო დრო გამიცდა. სამტრედიაში ზესტაფონის ყოფილი მწვრთნელის რეკომენდაციით მოვხვდი. ფეხი ბოლომდე მოვირჩინე და ბედნიერი ვარ, რომ ყვეალფერი კარგად დასრულდა“.

დიდი ხნის უთამაშებელი იყავი, მაგრამ ჩემპიონატის საწყის სამ ტურში 4 გოლი გაიტანე. შეიძლება ითქვას, რომ ტრავმის შიში ბოლომდე დაძლიე?

ტრავმაზე აღარც ვფიქრობ, რადგან ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე და ახლა მხოლოდ მომავალზე ვარ ორიენტირებული. სამტრედიაში ამ ზაფხულს ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა. ზოგიერთ მათგანთან თამაშის გამოცდილება მქონდა, ზოგთანაც არა. მიუხედავად ამისა, ძნელია ამდენი ფეხბურთელის მოკლე დროში შეთამაშება. ამ ეტაპზე მთავარია ჩვენი თამაში ვიპოვოთ. ისე კი, სასიამოვნოა ჩემპიონატს გოლებით რომ დავუბრუნდი.

დავით ყიფიანის სახელობის თასზე პირველი ეტაპი მაჭახელასთან უდანაკარგოდ გაიარეთ. შენ კი ჩემპიონატის გარდა, თასზეც მოახერხე  გოლის გატანა. სამტრედია აქცენტს შარშანდელივით წელსაც თასზე გააკეთებს?

ვეცდებით ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. თასზე კი სამტრედია შარშანდელივით უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს. კლუბში საკითხი ასე არ დგას, რომ აქცენტი მხოლოდ თასზე ან ჩემპიონატზე იყოს. სამტრედიას განვითარების რამდენიმეწლიანი გეგმა აქვს და ვეცდებით მიზნებიც ეტაპობრივად გავზარდოთ.

როგორ დაახასიათებ გია ცეცაძეს? შენი შედეგიანობიდან ჩანს, რომ მოედანზე ის პოზიცია მოგიძებნა, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობ. რამდენად ექნება სამტრედიას მის ხელში განვითარების შესაძლებლობა?

ცეცაძის ხელში ორი შეკრება გავიარეთ და ფეხბურთელებიც მეტნაკლებად შევთამაშდით. ცეცაძე დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ასაკობრივ ნაკრებებში, მუშაობდა კლუბებშიც და აქვს სხვადასხვა დონეზე მუშაობის გამოცდილება. ტაქტიკურად ძალიან განათლებული მწვრთნელია და ფეხბურთელებს გვთხოვს მონიშნული სქემის მიხედვით ვითამაშოდ და მაქსიმალუურად დავიცვათ არცეული სათამაშო მოდელი. ამიტომ, მჯერა ეს ყველაფერი მალეჩვენს თამაშზეც აისახება და შედეგზეც.

სანაკრებო პაუზამდე ლოკომოტივსაც მოუგეთ და უდანაკარგო სტარტი გამოგივიდათ. რის ხარჯზე მოახერხა სამტრედიამ ასე მოკლე დროში თამაშის დალაგება?

ლოკომოტივი საკმაოდ კარგი, ახალგაზრდული გუნდია. ვფიქრობ, გამოცდილებისა და მონდომების ხარჯზე დავამარცხეთ და სატურნირო ცხრილში ადექვატურ ადგილზე ვიმყოფებით. სამტრედიას შეთამაშება ჯერ კიდევ სჭირდება და ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, მალე თამაშის ხარისხიცა და შედეგიც უკეთესი გვექნება.

ოთო მუმლაძე