სიახლეები

ზვიად სიჭინავამ ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას საფლავი მოინახულა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვინც უფლებამოსილება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეიჩერა და პოსტი დროებით, 3 ოქტომბრამდე ალექსანდრე ჩივაძეს გადააბარა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ოჩამჩირეში იმყოფებოდა, სადაც ლეგენდარული დინამოელის ვიტალი დარასელიას საფლავი მოინახულა. ტელეკომპანია "ტევეესმა" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სიჭინავას იქ დარასელიას ოჯახის წევრები გულთბილად დახვდნენ. თავის მხრივ, სფფ-ის ყოფილმა თავკაცმა დარასელიას საფლავზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონებისთვის განკუთვნილი თასი და საკავშირო თასი ჩაიტანა, რომელთა ასლები საკუთარი ხარჯით დაამზადებინა.

ტელეკომპანია ტვს-ში მიწვეულმა სიჭინავამ აფხაზეთში სტუმრობის შესახებ ისაუბრა და საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეეხო – შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ მან ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.

"ძალიან მინდოდა, ვიტალის საფლავზე ევროპული თასებიც ჩამეტანა, მაგრამ მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ოჩამჩირეში საბჭოთა ფეხბურთის ორი თასი ჩავიტანე და ვიტალის დედას დავპირდი, რომ აუცილებლად ჩავიტან თასების მფლობელთა თასის ასლსაც", - თქვა სიჭინავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ნაბიჯებისა და სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ქართულ-აფხაზური ურთიერთობები დათბება: "სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბოლო 23 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. პოლიტიკას თავი გავანებოთ, ადამიანებმა უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები. აფხაზეთი ჩემშია, სოხუმში გავიზარდე და მწამს, რომ ქართველები და აფხაზები ძმები ვართ. ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, სხვაგვარად, მომავალი არ გვექნება".

რაც შეეხება პოსტიდან გადადგომას: "ეს სრულიად გააზრებული ნაბიჯი იყო და არა – ემოციებით ნაკარნახები. არ ვარ იმ ასაკში, რომ ემოციებს ავყვე. ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერი ვარ. ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი მისია ამოწურულია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩემი ეპოქაც დასრულდა. რაც შევძელი გავაკეთე, სამწუხაროდ, ყველაფერი რაც ჩაფიქრებული მქონდა, ვერ შესრულდა."

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას, სიჭინავამ ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა და მოკლე კომენტარი გააკეთა: "მე არ ვფიქრობ, რომ ან ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობს სახელმწიფო, ან მეორე იყენებს ბოროტად ფეხბურთის ფედერაციის რესურსს. შესაძლოა, ამისკენ ერთი-ორი პიროვნება მიანიშნებდეს, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევები მგონია".

სიჭინავას აფხაზეთში ჩასვლის თემას "ჩვენი თამაში" უახლოეს მომავალში საგანგებოდ, ვრცლად შეეხება.

ლევან ჯანეზაშვილი