სიახლეები

მათე ცინცაძე: ჩვენთვის კახა ცხადაძის სიტყვა ყურადსაღებია

გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დუბლინში ირლანდიელებთან კი წააგო, თუმცა რამდენიმე საყურადღებო და პოზიტიური ამბავი ამ მატჩშიც მოხდა. გარდა იმისა, რომ კახა ცხადაძე ცდილობს, ნაკრებს შემტევი ფეხბურთი ათამაშოს, 47 წლის სპეციალისტმა თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, გიორგი პაპუნაშვილსა და მათე ცინცაძესაც მისცა. ცხადაძის მხრიდან ეს, ცხადია, გარკვეული რისკი იყო და ისიც აღსანიშნავია, რომ ცინცაძისთვის ირლანდიასთან ჩატარებული მატჩი სადებიუტო იყო ნაკრებში.

ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გქონდა და, ბუნებრივია, მღელვარებაც გეტყობოდა. გაგიჭირდა თამაშში ჩართვა?

მინდა, კახა ცხადაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მენდო და  ნაკრებში მათამაშა. დებიუტით გახარებული ვარ. პირველი თამაში იყო და მოედანზე ცოტა შებოჭილი ვიყავი, რაც მართლაც ბუნებრივია - ეს დებიუტს ყოველთვის ახლავს. თანაც, ძალიან ძნელია ასეთ დონეზე თამაში, ყველაფერს ხომ მიჩვევა სჭირდება. ეროვნული ნაკრების წევრობა კი რთულთან ერთად, სასიამოვნო და საამაყოცაა.

რა დააკლდა ჩვენს ნაკრებს სასურველი შედეგის მისაღწევად?

პირველი ტაიმი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით, მეორე ტაიმში კი ფიზიკურად გაგვიჭირდა, რადგან ნაკრებს შოტლანდიასთან ურთულესი მატჩი ჰქონდა. ასეთი დამღლელი შეხვედრების შემდეგ ძალების აღდგენა ძალიან რთულია და ვფიქრობ, მეორე ტაიმში სწორედ ამან იჩინა თავი. კონცენტრაცია დავკარგეთ და ერთი თითქოს უმნიშვნელო მომენტიდან დასანანი გოლი გავუშვით. გარდა ამისა, შედეგზე დიდი გავლენა იქონია ლევან მჭედლიძის ტრავმამ. 10 წუთზე მეტი კაცნაკლული ვთამაშობდით. ლევანი გუნდისთვის რამხელა ძალაა, ეს ბოლო ორმა მატჩმაც დაადასტურა.

ცხადაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთო.

ცხადაძეს ვეთანხმები, ასეთ დონეზე როცა გიწევს თამაში, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო. ნაკრების მწვრთნელის სიტყვა ჩვენთვის გასათვალისწინებელია და ვეცდებით, ფიზიკური მზადყოფნის ხარისხი უფრო გავაუმჯობესოთ - აქ მოსამატებელი ნამდვილად გვაქვს, ისევე, როგორც სხვა კომპონენტებში, რადგან ნაკრები სხვა დონეა და უფრო მაღალი სტანდარტები და მოთხოვნებია.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამდე ახალგაზრდულში ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშე. რის ხარჯზე გვაჯობეს ხორვატებმა და შეგვეძლო თუ არა, რომ იმ მატჩში არ დავმარცხებულიყავით?

ირლანდიისა არ იყოს, ხორვატიაშიც მეტოქეს ბევრი არაფერი დავუთმეთ, ეგაა, ახალგაზრდული ნაკრების მთავრი პრობლემა, ჩემი აზრით, შეუთამაშებლობაა. ბევრი დაგვაკლდა იმითაც, რომ გუნდის კაპიტანი, ოთარ კაკაბაძე არ გვყავდა. ვფიქრობ, 21-წლამდელთა ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს და ამას მიმდინარე შესარჩევ ციკლში აუცილებლად დავამტკიცებთ.

ოთო მუმლაძე