სიახლეები

მჭედლიძე კუნთის გაწყვეტას გადაურჩა

გაუზიარე

შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებისას უდავოდ საუკეთესო იყო ლევან მჭედლიძე, რომელიც დუბლინური შეხვედრის მიწურულს დაშავდა. ტრავმა არც ისეთი სერიოზული აღმოჩნდა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა...

ქართველმა ფორვარდმა მეტოქე მცველთან ბრძოლისას ბარძაყის კუნთი დაიზიანა, ექიმებმა მას უმალ უწამლეს, თუმცა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ლევანმა გუშინ უკვე იტალიელ ექიმებს მიაკითხა, მათი თავდაპირველი დიაგნოზი კი ასეთია _ ბარძაყის უკანა კუნთის დაჭიმულობა.  

ლევანს დაშავებულ ფეხზე რენტგენს დღეს გადაუღებენ და უკვე ზუსტად იტყვიან, რა ხნით დააკლდება ის კლუბსა და ეროვნულ გუნდს. ვარაუდობენ, რომ მჭედლიძეს დაახლოებით ერთთვიანი მკურნალობა მოუწევს. კუნთის გაწყვეტის შემთხვევაში კი, კარგა ხანს დაისვენებდა. ლევანს ბარძაყის კუნთის ტკივილი ახლაც აწუხებს, მაგრამ არც ისეთი, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოს. 

თავად ლევანთან დაკავშირება ჯერ ვერ მოვახერხეთ, თუმცა ის კი გავიგეთ, რომ ნამატჩევს შინაურებისთვის უთქვამს, ტრავმამდე ორჯერ ვიგრძენი კუნთში ჩხვლეტა, მაგრამ ისე ვიყავი თამაშის ეშხში შესული, მწვრთნელისთვის შეცვლის მოთხოვნა არც მიფიქრიაო...  

კობა ინასარიძე