სიახლეები

გელა სანაია: საქართველოს ნაკრების წარმატების გასაღები შეტევაშია

გაუზიარე

ეროვნული ნაკრების სასექტემბრო მატჩებმა ქართველ გულშემატკივარს უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა. მართალია, შოტლანდიის ძლევას ირლანდიაში განცდილი მარცხი მოჰყვა, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშში პროგრესის აშკარა ნიშნები გამოჩნდა.

ამავე აზრისაა გელა სანაია. პრო ლიცენზიის მქონე ქართველი სპეციალისტი, რომელმაც ქობულეთის შუქურა ცოტა ხნის წინ დატოვა, დღეს “ჩვენი თამაშის” რესპონდენტია.

რა დაგანახათ საქართველოს ნაკრების ბოლო ორმა მატჩმა?

მოკლედ რომ გიპასუხოთ, ეს არის პროგრესი. თვალშისაცემი, უპირველესად, ის არის, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ნომრად თამაში სცადა და ეს შოტლანდიასთან წარმატებით გამოუვიდა. თუ აქამდე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო, ახლა უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. საქართველოს ნაკრებს აღარ ეშინია ფეხბურთის თამაშის – ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ბიჭებს აღარ ეშინიათ შეტევის, სწრაფად და გააზრებულად ამოაქვთ ბურთი დაცვიდან, არ უფრთხიან ავტორიტეტებს და რაც მთავარია, გაცნობიერებული აქვთ, რომ საქართველოს ნაკრების წარმატების გასაღები შეტევაშია. ყოველივე ეს კი, ცხადია, კახა ცხადაძისა და გუნდის სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. ნაკრებისთვის გიორგი ჩიხრაძისა და გია ცეცაძის გამოცდილებაც დიდი ძალაა. ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი სრული ნდობისა და მხარდაჭერის ღირსია. უცებ არაფერი მოდის, თუმცა ნაკრებს პროგრესის გზაზე დასადგომად მცირე დროც ეყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, მჯერა, ჩვენი გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება.

რის ხარჯზე ვაჯობეთ შოტლანდიას?

ეს სრულიად დამსახურებული გამარჯვება იყო, რომელშიც თანაბრად შეიტანეს წვლილი სამწვრთნელო შტაბმაც და ფეხბურთელებმაც. ჩვენი გუნდი საკუთარ შანსს კი არ დაელოდა, თავად დაიწყო მისი ძებნა და სრულიად კანონზომიერი გოლიც გაიტანა. თამაში ამის შემდეგაც პირველ ნომრად განვაგრძეთ და მეტოქეს გასაქანი არ მივეცით. შოტლანდიის ნაკრებს კარში ხეირიანად დარტყმის საშუალებაც კი არ მიეცა, რაც ჩვენი გუნდის თითოეული რგოლის დამსახურებაა.

თამაში ირლანდიაშიც რიგიანად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა საგრძნობლად გვაჯობეს...

სამწუხაროდ, მართლაც ასე მოხდა. შესვენების შემდეგ ირლანდიელებს ტემპში ვეღარ ავყევით, თუმცა, რომ არა შეცდომების კასკადი, მოწინააღმდეგე გამარჯვების გოლს ვერ გაგვიტანდა. უფერულად ჩატარებულ მეორე ტაიმს, უპირველესად, გადაღლილობას მივაწერდი. თბილისური მატჩიდან ხომ მხოლოდ სამი დღე იყო გასული, შუალედში კი ხანგრძლივი ფრენა იყო. მართალია, ირლანდიელებმაც სამდღიანი ინტერვალით ითამაშეს, მაგრამ სად გიბრალტართან დახარჯული ძალები და სად – შოტლანდიასთან.

საქართველოს ნაკრებიდან ვის გამოარჩევდით?

თითქმის ყველამ საქმეს თავი ჩინებულად გაართვა. თუმცა ორ ფეხბურთელს მაინც გამოვყოფ – ლევან მჭედლიძესა და ჯანო ანანიძეს. მჭედლიძის კლასის შესახებ აქამდეც ყველამ იცოდა, მაგრამ განვლილ ორ თამაშში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი ფორვარდია. რაც შეეხება ანანიძეს, მას ძალიან მოუხდა საყრდენად გამწესება. ტიპურმა ჩამშლელმა ჯაბა კანკავამ და შემტევმა ანანიძემ ნახევარდაცვის ცენტრში იდეალური წყვილი შექმნეს. ჯანო აქამდე ნაკრებში საკუთარ თავს თითქოს ვერ პოულობდა, ახალ ამპლუაში კი, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო სასარგებლო გახდება.

გვაქვს იმის რესურსი, რომ საქართველოს ნაკრებში კონკურენცია ამაღლდეს?

ჩვენ არ ვართ გერმანია, რომ თითოეულ პოზიციაზე სამი-ოთხი ევროპული დონის მოთამაშე გვყავდეს, მაგრამ კონკურენციის გაზრდა მაინც შესაძლებლად მიმაჩნია. გვეზრდებიან კარგი ახალგაზრდები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს ნელ-ნელა გაუშინაურდებიან და სამწვრთნელო შტაბსაც უფრო დიდი არჩევანი ექნება.

ცხადაძის მიერ არჩეული ტაქტიკა ოპტიმალურად მიგაჩნიათ?

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს სწორედ ეს განლაგება მოუხდა. ტაქტიკას მწვრთნელი მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე ირჩევს და ზოგჯერ მატჩის მსვლელობისასაც ცვლის – ამის მაგალითია ირლანდიური მატჩი, როცა მასპინძლების დაწინაურების შემდეგ ჩვენი გუნდი ხუთმცველიანი განლაგებიდან ოთხმცველიანზე გადაეწყო. 

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე ციკლში დარჩენილი მატჩებისგან?

ვეთამაშებით გიბრალტარსა და გერმანიას, აქედან გამომდინარე, მინიმუმ სამი ქულის მოპოვება გვმართებს. უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ ეს ორი შეხვედრა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთYიმისთვის, რომ მომდევნო შესარჩევ ეტაპს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

მომავალ ციკლს კი იმედიანად ველი. სხვათა შორის, ჯერ კიდევ პოლონეთში გამოჩნდა, რომ დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში სასიკეთო პროცესები დაიწყო. არ მიმაჩნია, რომ მომდევნო შესარჩევი ჯგუფი სუსტია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მეტოქეებად გრანდები არ გვეყოლება, ჩვენი გუნდის წარმატების შანსებს ერთიორად ზრდის.

ლევან ჯანეზაშვილი