სიახლეები

ირლანდია 1:0 საქართველო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრები, "ავივა სთეიდიუმზე" გუშინ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ჯონათან ვოლტერსმა გაიტანა. საქართველოს ნაკრები 82-ე წუთზე მოედანზე ათი ფეხბურთელით დარჩა. ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, კახა ცხადაძეს კი ამ დროისთვის სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა.

D ჯგუფში ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირების გარდა, კიდევ ორი მატჩი გაიმართა. გერმანიის ნაკრებმა სტუმრად შოტილანდიის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა. პოლონელებმა კი გიბრალტარს უმასპინძლეს და ჯგუფის აუტსაიდერი 8:1 დაამარცხეს.

ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირების მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მარტინ ონილის გუნდს გამარჯვება მიულოცა და იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია.

კახა ცხადაძე : "ირლანდიის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი ვნახეთ. ჩემი ფეხბურთელების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს, რადგან მათ სამ დღეში ორი ძალიან სერიოზული მატჩი ჩაატარეს. ვფიქრობ ჩემმა გუნდმა ორივე მატჩში მაღალ დონეზე ითამაშა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ჩვენ იმაზე მძიმე მატჩი ჩავატარეთ შოტლანდიასთან, ვიდრე ჰქონდა ირლანდიის ნაკრებს გიბრალტართან. შოტლანდიასთან დაპირისპირების შემდეგ იმ ღამესვე დუბლინში გამოვფრინდით და ამან ძალები წაგვართვა, გარდა ამისა რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა მიკროტრავმა, ამ ყველაფერმა მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა. მთავარია, რომ ჩვენ აბსოლიტურად ტოლ-სწორად შეგვიძლია ირლანდიისა და შოტლანდიის დონის გუნდებთან თამაში. მათთან მოგება და წარმატების მიღწევა რეალურია, ეს ჩემმა ფეხბურთელებმა დაამკტიცეს. მთავარია რომ სწორ გზაზე ვდგავართ, პროგრესისა და უკეთესი შედეგის მისაღწევად კი ბევრი შრომა დაგვჭირდება."

რამდენად სერიოზულია ლევან მჭედლიძის ტრავმა?

ყველაზე ცუდი რაც მოხდა, ეს იყო მჭედლიძის ტრავმა. მისმა ტრავმამ ბოლო ათი წუთი თამაში ფორმალური გახადა. მას კუნთი დაუზიანდა და მალე გავიგებთ, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. ათი ფეხბურთელით და მითუმეტეს ცენტრფორვარდის გარეშე ძალიან ძნელი იყო შეგვეტია და გოლი გაგვეტანა.  

ნიშნავს თუ არა პაპუნაშვილისა და ცინცაძის მოედანზე შემოყვანა იმას, რომ საქართველოს ნაკრები მომავალი შესარჩევი ციკლისთვის ემზადება?

ჩვენ უკვე დიდი ხანია მომავალი შესარჩევი ციკლისთვის ვემზადებით. ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწრაფად მოხდეს გუნდის გაახალგაზრდავება, მაგრამ ირლანდიასთან თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ  ნაკრებში დასამკვიდრებლად ახალგაზრდებს ბევრი მუშაობა სჭირდებათ. ისინი ჩვენი მიზნისთვის უნდა იყვნენ მზად, თორემ შემიძლია გუნდი გადავაკეთო და ვათამაშო 18 და 20 წლის ფეხბურთელები. ჩვენი მიზანია გამოცდილი და ახალგაზრდა ფებხურთელების შერწყმა მოხდეს. გიორგისაც და მათესაც ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ. პრეტენზიები ჩემს მიმართ, თუ რატომ ვათამაშებ გამოცდილ ფეხბურთელებს, არის ზუსტად ამ მიზეზით განპირობებული, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები არ არიან ბოლომდე მზად ეროვნული ნაკრებისთვის. 

კახა ცხადაძის პრესკონფერენციის შემდეგ ირლანდიასთან დაპირისპირება საქართველოს და ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებმა ზურაბ ხიზანიშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და ჯონ ოშმა შეაფასეს.

ზურაბ ხიზანიშვილი : "გამომდინარე იქედან, რომ ირლანდიას სამი ქულის აღება სჭირდებოდა ძალიან მძიმე თამაში გამოვიდა. ვფიქრობ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ირლანდიელებს საგოლე მომენტიც არ ჰქონიათ. მეორე ტაიმის დასაწყისში იყო ხარვეზები, თუმცა დასანანი გოლი გავუშვით. ვფიქრობ კონცენტრაცია დაგვაკლდა, ასეთ დონეზე მოდუნება არ შეიძლება. სერიოზული გავლენა მოახდინა ლევან მჭედლიძის ტრავმამ, თანაც ბოლო წუთებში ირლანდია წინ აღარ მიდიოდა და ათი კაცით შეტევაში თამაში გაგვიჭირდა. შედეგით არა, მაგრამ ბრძოლის ჟინითა და თამაშით კმაყოფილი ვარ."

თორნიკე ოქრიაშვილი : "გვინდოდა შოტლანდიასთან ნაჩვენები შედეგი გაგვემეორებინა. შეგევეძლო ქულა აგვეღო, მაგრამ ამაზე არ ვთამაშობდით და უფრო მეტი გვინდოდა. პირველ ტაიმში საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ფიზიკურად გვაჯობეს. ალბათ ფრეს უფრო ვიმსახურებდით."

ჯონ ოში : "საქართველოს ნაკრებმა ჩვენი მთავარი კონკურენტი შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა. აქედან გამომდინარე ვფიქრობდით რომ ადვილი თამაში არ გვექნებოდა. საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ფორვარდი ჰყავს, ასევე მომეწონა მეათე ნომერი(თორნიკე ოქრიაშვილი. ავტ). ვფიქრობ მეორე ნახევრიდან გამომდინარე ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ."

ირლანდია – საქართველო 1:0 (0:0)  

2015 წელი. 7 სექტემბერი. დუბლინი, "ავივა სთედიუმი"

ირლანდია: გივენი, კოულმენი, ოში, კლარკი, ველანი, მაკარტი, უოლტერსი, ბრედი, ჰულეჰანი (მაკლეინი 75), ჰენდრიკი, კინი (ლონგი 46)

მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი

საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია (ცინცაძე 76), ნავალოვსკი, კანკავა, ხიზანიშვილი (ყენია 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (პაპუნაშვილი 64), მჭედლიძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გოლი: 1:0 უოლტერსი (70)

გაფრთხილება: ველანი (74), მაკლეინი (76)

მსაჯი: იშტვან ვადი (უნგრეთი)