სიახლეები

ვაკო ყაზაიშვილს ირლანდიელმა ჟურნალისტმა პატარა მოცეკვავე უწოდა

გაუზიარე

ეს სტატიები ირლანდია-საქართველოს მატჩამდეა დაწერილი და ვაკო ყაზაიშვილს ეძღვნება. ამ დროისთვის დუბლინური შეხვედრა უკვე დასრულებულია და უკვე იცით, შეძლო თუ ვერა შოტლანდიასთან გამარჯვების გოლის გამტანმა ყაზაიშვილმა ირლანდიის ნაკრებისთვის თავსატეხის გაჩენა.

ირლანდიელი ჟურნალისტი მარკ მაქქეიდენი თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ვალერი ყაზაიშვილია. 

"მისი გოლი შოტლანდიის კარში შესაძლოა, მილიონები ღირდეს", - წერს ჟურნალისტი, - "ყაზაიშვილის გოლი ქართველებისთვის, ცხადია, ძალიან ძვირფასია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სწორედ თბილისური მატჩის შედეგი ჩატოვებს ჯგუფში შოტლანდიას და საფრანგეთისკენ გზას ირლანდიას გაუკვალავს, ვაკოს საგოლე დარტყმა მართლაც მილიონებად შეფასდება."

ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისური მატჩის შედეგმა ირლანდიელებს დიდი საქმე გაუკეთა – სწორედ ამის წყალობით, მარტინ ონილის გუნდმა სატურნირო ცხრილში მეოთხიდან მესამე საფეხურზე აინაცვლა.

მაქქეიდენი შენიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები იშვიათად, მაგრამ მაინც ამწარებს ხოლმე ფავორიტებს. "ქართველებმა ბოლო ასეთი ხმაურიანი გამარჯვება 2011 წელს მოიპოვეს, როცა ხორვატიას აჯობეს, 2007-ში კი, ახლანდელის მსგავსად, შოტლანდიას სძლიეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გზა გადაუღობეს".

სტატია კი ასე მთავრდება: "საქართველოს ნაკრები და ვალერი ყაზაიშვილი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დუბლინში".

მეორე ირლანდიელი ჟურნალისტი, პოლ ოჰენირიც ყაზაიშვილზე ამახვილებს ყურადღებას. "ვალერი ყაზაიშვილი, პატარა მოცეკვავე" - ასე ხატოვნად დაახასიათა მან ვაკო.

"ყაზაიშვილმა და საქართველოს ნაკრებმა ირლანდიელები ძალიან გაახარეს, მაგრამ იმედია, დუბლინში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება და მატჩის შედეგი არც ქართველებს გაუხარდებათ და არც – შოტლანდიელებს", - წერს ოჰენირი.

ლევან ჯანეზაშვილი